ბრიტანეთმა თურქეთს იარაღის მიწოდებაზე აკრძალვები დაუწესა

საფრანგეთისა და გერმანიის შემდეგ თურქეთში იარაღის ექსპორტის ლიცენზიების გაცემას დიდი ბრიტანეთის მთავრობაც აჩერებს. დიდი ბრიტანეთის მთავრობა ანკარას იარაღს მანამ არ მიაწოდებს, სანამ თურქეთი საომარ მოქმედებებს არ შეწყვეტს. ემბარგოს შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტში ისაუბრა.

დომინკ რააბის განცხადებით - "ბრიტანეთის მთავრობა იარაღის ექსპორტს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. ჩვენ შევაჩერეთ ლიცენზიების გაცემა იმ იარაღის ექსპორტზე, რომელსაც სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს თურქეთი გამოიყენებს. ასევე მნიშვნელოვანია თურქეთს მოვუწოდოთ შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია. ეს არ არის ის ქმედებები, რომლებსაც ჩვენ მოკავშირისგან ველოდებით. ეს არის უგუნური, ეს არის კონტრპროდუქტიული და მხოლოდ რუსეთისა და რა თქმა უნდა, ასადის რეჟიმის ხელშემწყობი".

რუსეთის სპეციალური წარმომადგენელი სირიაში ალექსანდრ ლავრენტიევი აცხადებს, რომ რუსეთი თურქეთისა და სირიის შეიარაღებული ძალების დაპირისპირებას არ დაუშვებს.

„ეს მიუღებელი იქნება, ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა ალექსანდრ ლავრენტიევმა.