საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩთან დიეგო კოლასთან.

ლაშა დარსალიამ ფრანგ დიპლომატს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.  მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

ლაშა დარსალიამ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საფრანგეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის. ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე და აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარება კიდევ უფრო საგანგაშოა იმის გათვალისწინებით, რომ ოკუპირებულ რეგიონებში ვერ ხერხდება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების შეღწევა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის შედეგებსა და ევროსაბჭოში რუსეთის დაბრუნებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
საფრანგეთის ელჩმა პოზიტიურად შეაფასა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობა და გამოხატა მზაობა, ახალ პოსტზე მუშაობისას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართულ-ფრანგული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი, აქტიურად გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.