48 ბილეთი და მოგებული „პორშე“

29 ოქტომბერს, ამბროლაურის მერმა, დავით მხეიძემ ერთ-ერთი ტოტალიზატორის გათამაშებაში, რომელიც ტელეკომპანია „პირველის“ ეთერით გადმოიცემოდა, 2019 წლის ავტომობილი „პორშე“ მოიგო.

თუმცა ამბროლაურის მერის თქმით, ტოტალიზატორში ხშირი თამაში დამოკიდებულებას იწვევს. მისი აზრით, ამის პოპულარიზაცია არ უნდა მოხდეს აზარტული თამაშების პოპულარიზაცია და საზოგადოებამ ფული ასეთი გზით არ უნდა ფლანგოს.

კითხვაზე, როცა მერი ტოტალიზატორში იგებს ძვირადღირებულ მანქანას, ეს ხელს შეუწყობს თუ არა მოქალაქეების თამაშდამოკიდებულებას, მხეიძე პასუხობს:

"ვინც არ უნდა მოიგოს, ყველას უჩნდება ინტერესი, მერი იქნება თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა. ეს ფაქტორი შეიძლება ცუდი გავლენის მომხდენი გახდეს საზოგადოებაზე".

მხეიძეს განცხადებით, ტოტალიზატორით იშვიათად თამაშობს და ანგარიში, რომლითაც პორშე მოიგო, მისმა სრულწლოვანმა დისშვილებმა გახსნეს. მერი ირწმუნება, რომ 48 ბილეთიდან მან მხოლოდ ორი დადო, დანარჩენი კი დისშვილებმა.

"გავუყოფ ყველას, მარტო ჩემთვის ღმერთმა ნუ მომახმაროს" - აღნიშნა მხეიძემ.

მიუხედავად ამისა, მერის მიერ აზარტულ თამაშების კომპანიის პრიზის მოგებას, პარლამენტში სამარცხვინო უწოდეს.

„მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და ამბროლაურის მერს მივულოცო „პორშეს“ მოგება აზარტული თამაშების გათამაშებაში. ეს არის სამარცხვინო, სირცხვილია!“ - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა.

დეპუტატმა აღნიშნულ ფაქტს სამარცხვინო უწოდა და კოლეგებს მოუწოდა, რომ "სიკვდილის ინდუსტრიაზე" იერიში მიიტანონ.

მივიტანოთ იერიში სიკვდილის ინდუსტრიაზე, კოლეგებო. სანამ ეს სივრცე, სანამ ეს სიკვდილის ინდუსტრია არსებობს, ასეთი სამარცხვინო რაღაცები მოხდება ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილი.

ასევე კრიტიკული შეხედულება ჰქონდა უმრავლესობის ლიდერ გიორგი ვოლსკის, რომელმაც მერის ჩართულობა აზარტული თამაშების ინდუსტრიაში არაკორექტულ ქმედებად მოიხსენია.

„შეუფერებელია სახელმწიფო სტრუქტურაში ხელმძღვანელ პოსტზე დასაქმებული ადამიანის აზარტულ თამაშებში მონაწილეობა, მითუმეტეს, არჩეულის. ქალაქის მერი დამოუკიდებელია თავის გადაწყვეტილებებში, იგი არჩეულია, მას ამბროლაურის მოსახლეობა ენდობა, მაგრამ სწორედ ამ მოსახლეობასთან უნდა იყოს მაქსიმალურად კორექტული. ვფიქრობ, რომ არაკორექტულიც არის სახელმწიფო ჩინოვნიკის მხრიდან აზარტულ თამაშებში ჩართულობა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მოამზადა ლიკა ბესელიამ.