ანა დოლიძის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტს კონსტიტუცია შეუგზავნეს

არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის ინდექსი - საქართველომ" პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის მხარდამჭერი აქცია გამართა.

არასამთავრობო ორგანიზაციის "დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს" გამგეობის წევრის, ეკატერინე ციმაკურიძის თქმით, აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტს შეახსენეს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ანა დოლიძის დათხოვნის უფლება არ აქვს და ამის სიმბოლურ ნიშნად მას კონსტიტუცია შეუგზავნეს.

"ჩვენ შევახსენებთ პრეზიდენტს, რომ კონსტიტუცია არის ქვეყნის უზენაესი კანონი, როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე პრეზიდენტის ნებისმიერი მოქმედება უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. ასევე, ნებისმიერი სხვა კანონი უნდა შეესაბამებოდეს და გამომდინარეობდეს კონსტიტუციიდან. სწორედ ამითაა გამოწვეული, რომ ჩვენ აქ მოვედით დღეს რათა ვუთხრათ პრეზიდენტს, თუ ის გადაწყვეტს დააკმაყოფილოს იუსტიციის საბჭოს მოთხოვნა და შეუწყვიტოს უფლებამოსილება პრეზიდენტის მიერ დანიშნულ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრს, ეს მისი მხრიდან  არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება იქნება,"- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის "დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს" გამგეობის წევრმა ეკატერინე ციმაკურიძემ.

პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ანა დოლიძის გამოწვევის საკითხს დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია გამოეხმაურა.

როგორც დეპუტატი მიჩნევს, ეს ნორმა წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭო კი პირველ რიგში ქვეყნის უზენაეს კანონს უნდა ეყრდნობოდეს. 

„ეს არის წინააღმდეგობრივი ნორმა, რაც არის კანონით და იუსტიციის საბჭოს წევრები კონსტიტუციას უნდა კითხულობდნენ ჯერ. ბოლო ცვლილებები, რომლითაც კონსტიტუციაში ბევრი რამ შეიცვალა, არ დამატებია ჩანაწერი, რომელიც აძლევს უფლებას წევრის უკან გამოწვევის თაობაზე, ასეთი უფლება აქვს პარლამენტს. არ გამოვრიცხავ, რომ სურვილი იმდენად დიდია, ისე წაიკითხონ ჩანაწერი როგორც სურთ“, - აღნიშნა ბესელიამ.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისთვის საბჭოს წევრობის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით 4 ოქტომბერს ოფიციალურად მიმართა, რომლის მოტივადაც საბჭომ ანა დოლიძის  პოლიტიკური საქმიანობა დაასახელა.

გიორგი ჩაფიძე