„მხოლოდ სტუდენტის მიერ გადახდილ ფულზე დამოკიდებულება ხელს უშლის უნივერსიტეტებს რეალურ განვითარებაში“- იბსუ-ს-პროფესორი

თვლის, რომ ქართველი სტუდენტის ნომერ პირველი გამოწვევა სწავლის საფასურის საკუთარი შრომით გამომუშავებაა, უნივერსიტეტების კი, - სწორედ მათ მიერ გადახდილ თანხაზე დამოკიდებულება. ჩიკაგოში, დეპოლისა და ლოიოლას უნივერსიტეტებში მიღებული გამოცდილებით, თანამედროვე მედიატექნოლოგიებზე ორიენტირებული ახალი სამაგისტრო პროგრამის მომზადებას გეგმავს, ფინეთის განათლების სისტემის ინოვაციურ მიდგომებს კრიტიკული აზროვნების წამახალისებელ ეფექტურ მეთოდად მიიჩნევს  და მადლიერია ჩიკაგოს საერთაშორისო განათლების ცენტრის, რომელმაც წელს, ქართული მედიასკოლებისთვის, აშშ-ს საელჩოსთან ერთად, პროფესიული განვითარების პროგრამა დააარსა.

„ექსპრესნიუსს“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების პროფესორი, დოქტორი დალი ოსეფაშვილი ესაუბრება.

-დაახლოებით ერთი წლის წინ, განათლება ქვეყნის ნომერ პირველ პრიორიტეტად გამოცხადდა და ამ მიმართულებით ცვლილებებიც ნელ-ნელა დაიწყო. საინტერესოა თქვენი შეფასება, ანუ უნივერსიტეტის პროფესორის შეფასება, რომელმაც პედაგოგიური მოღვაწეობა 2001 წლიდან დაიწყო. რეალურად შეიცვალა თუ არა რამე ამ წლების განმავლობაში ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში უმაღლესი სასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის, თუნდაც მიდგომები, სწავლების მეთოდიკა?

-განათლება, რა თქმა უნდა, ქვეყნის განვითარების ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს. თუმცა, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ დღეს ეს ასეა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, არაერთი სასიკეთო ძვრაა უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში, დაუსრულებელი ცვლილებები, არ მგონია, სასიკეთოდ აისახებოდეს განათლების განვითარებაზე.

რაც შეეხება მიდგომებსა და სწავლების მეთოდიკას, ეს უკვე დიდი ხანია შეცვლილია, აკრედიტაციის ევროპული სტანდარტების შესაბამისად. ვფიქრობ, საკმაოდ მრავალფეროვანი თანამედროვე მეთოდები გამოიყენება დღეს სწავლებისთვის და მხოლოდ ლექცია-სემინარებით არ იფარგლებიან ქართული უნივერსიტეტები, როგორც ეს 15-20 წლის წინ ხდებოდა.

-რა კონკრეტული გამოწვევების წინაშე დგანან დღეს ქართველი სტუდენტები  და უნივერსიტეტები?

-ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგანან დღეს ქართველი სტუდენტები. მათი დიდი ნაწილი საკმაოდ დატვირთული გრაფიკით მუშაობს, რომ შეძლონ სწავლის საფასურის გადახდა. სტუდენტის სტატუსიც არაერთს აქვს შეჩერებული იმის გამო, რომ ვერ ახერხებენ თანხის დაფარვას. ვფიქრობ, დამსაქმებლები ხელს მაქსიმალურად უნდა უწყობდნენ სტუდენტებს.

უნივერსიტეტების გამოწვევებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს განსხვავებულია კერძო თუ სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის. ვგულისხმობ ინფრასტრუქტურასთან, თუ ჯგუფში სტუდენტთა რაოდენობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, მაგრამ მთავარი პრობლემა ჩემი აზრით, მაინც მხოლოდ სტუდენტების მიერ გადახდილ ფულზე დამოკიდებულებაა, რაც უნივერსიტეტებს ხელს უშლის რეალურ განვითარებაში...

რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი გამოწვევებიც, რაც ყველა უნივერსიტეტს აწუხებს, მაგალითად, ვგულისხმობ ბაკალავრებისთვის მშობლიურ ენაზე სახელმძღვანელოების სიმწირეს.

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა უნივერსიტეტებისთვის ისაა, რომ კვლევების დაფინანსებისთვის სახსრები ძალზედ მწირია და საქართველოში, მხოლოდ ერთი სამეცნიერო ფონდი არსებობს, მაშინ როცა დასავლეთის ქვეყნებში, არაერთი ფონდი გვხვდება. უნივერსიტეტებსაც, ასევე გააჩნიათ საკუთარი საკმაოდ სოლიდური ხარჯები კვლევების დასაფინანსებლად. ამას გარდა, ე.წ. ფანდრაიზინგსაც აქტიურად აწარმოებენ, რომ თანხების მოზიდვა შეძლონ. ჩვენთან ეს მიმართულება, თითქმის არ არის განვითარებული.

-როგორ ფიქრობთ, რა მოტივაციით სურთ ახალგაზრდებს დღეს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება, რას ელიან იმ უნივერსიტეტებისგან, რომელსაც ირჩევენ და რას ღებულობენ მათგან რეალურად?

-ეს კითხვა ალბათ, სტუდენტებს უფრო ეხებათ. ბუნებრივია, ხარისხიან განათლებას ელიან, ფასის თუ სხვა ფაქტორების მიხედვით შერჩეული სასურველი უმაღლესი სასწავლებლებისგან. თუმცა, რას იღებენ რეალურად, მათი სამსჯელოა უფრო, ვიდრე პროფესორების.

-პროგრამების ფარგლებში, კითხულობდით ლექციებს  უცხოეთის არაერთ უნივერსიტეტში.  ხართ არაერთი საერთაშორისო კვლევითი სტიპენდიის მფლობელი, ასევე იყავით ჰელსინკის, ვროცლავისა და მასარიკის უნივერსიტეტების მიწვეული პროფესორი, 2 მონოგრაფიის და 45-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი...  რა შეგძინათ ამ გამოცდილებამ? რა არის ისეთი უცხოეთის უნივერსიტეტებში, რის დანერგვასაც ჩვენს ქვეყანაშიც ისურვებდით?

-ვისურვებდი, ჩვენს უნივერსიტეტებსაც ჰქონდეთ ისეთივე ინფრასტრუქტურა, ისეთივე მრავალრიცხოვანი საუნივერსიტეტო კამპუსები, ისეთივე მდიდარი ონლაინ თუ ტრადიციული ბიბლიოთეკები... მთავარი, რაც ამ პერიოდმა შემძინა, კოლეგების გამოცდილების გაზიარებაა, იქნება ეს სწავლის მეთოდები, თუ კვლევების გაცნობა და ა.შ.

ახლახანს დავბრუნდი ჩიკაგოდან, სადაც ვეცნობოდი ამერიკელი კოლეგების გამოცდილებას. ვმონაწილეობდი ჟურნალისტიკის პროფესორების პროფესიული განვითარების პროგრამაში. ეს პროგრამა ქართული მედიასკოლებისთვის წელს დააარსა ჩიკაგოს საერთაშორისო განათლების ცენტრმა და ამერიკის საელჩომ, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა მათ.

სწორედ, ჩიკაგოში, დეპოლისა და ლოიოლას უნივერსიტეტებში მიღებული გამოცდილებით ვგეგემავ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის თანამედროვე მედიატექნოლოგიებზე ორიენტირებული ახალი სამაგისტრო პროგრამის მომზადებას, სავარაუდო სახელწოდებით, „ციფრული მედია და კომუნიკაციის კვლევები“. ადრე თსუ-ში 9 წელი ვხელმძღვანელობდი სამაგისტრო პროგრამას „მედია და ახალი ტექნოლოგიები“. თუმცა, ეს ახალი, ამერიკული გამოცდილებით შემუშავებული პროგრამა უფრო ეფექტური იქნება და უპასუხებს თანამედროვე მედიის გამოწვევებს.

-კონკრეტულად რა საერთო და განმასხვავებელი მეთოდებია უცხოეთისა და ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში და რას გადმოიღებდით მათგან სიამოვნებით?

-მართალია, აუდიტორიაში ყოველთვის ვცდილობ ინტერაქციული მეთოდების გამოყენებას, რომ ლექციას მონოტონური სახე არ ჰქონდეს და ამისთვის, გუნდურ მუშაობასაც ხშირად მივმართავ, თუმცა, წელს ჩიგაკოში გავეცანი ისეთ ინოვაციურ სწავლის მეთოდებს, რომელთა დანერგვას სიამოვნებით ვფიქრობ ჩემს სასწავლო კურსებში. მაგალითად:Poll Everywhere-ს გამოყენება სახალისოს და ეფექტურს გახდის სწავლების პროცესს -  სმარტაფონების მეშვეობით სტუდენტებს შეეძლებათ აუდიტორიაშივე კითხვებზე პასუხების გაცემა.

ასევე, ძალიან საინტერესო იყო ამერიკელების გამოცდილების გაზიარება აუდიტორიებში შერეული ელექტრონული სწავლების გამოყენებასთან დაკავშირებით - ე.წ. „შებრუნებული საკლასო ოთახის პრინციპი“ და სხვა საუკეთესო პრაქტიკების გაცნობა ჰიბრიდულ დისტანციურ კურსებთან მიმართებით.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული განათლების სისტემა ჩემთვის მისაბაძია, ახლა მეხუთედ ვიყავი იქ, არანაკლებ საინტერესოა ევროპული მიდგომებიც. სწავლის მეთოდებზე მკითხეთ და, მე მომწონს ის მიდგომა, რომელიც ევროპის ძალიან ბევრ უნივერსიტეტშია, ისევე როგორც ამერიკაში - მაგისტრანტებს, ლექციამდე 1 კვირით ადრე, წინასწარ უგზავნიან წასაკითხ მასალებს და შემდეგ, აუდიტორიაში მათი განხილვა ხდება ანუ მაგისტრანტებთან, თეორიულ კურსებში, ლექციებს ტრადიციული სახე არ აქვს, რაც კრიტიკული აზროვნების წახალისებას უწყობს ხელს.

გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, მქონდა საშუალება, როგორც მიწვეულ პროფესორს, წამეკითხა ლექციები ევროპის რამდენიმე უნივერსიტეტში. მთავარი, რაც შემძინა ამ პერიოდმა, რასაკვირველია, გამოცდილება და ევროპელი კოლეგების სწავლების მეთოდების გაცნობაა. ამ მხრივ, განსაკუთრებით საინტერესო ჩემთვის მაინც ფინელების გამოცდილება იყო. მოგეხსენებათ, ფინეთის განათლების სისტემა ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევაა. მაგისტრანტებთან თეორიულ კურსებში სემინარი წერილობითი ფორმით ტარდება და მას ე.წ. ლექციების დღიური (lectures diary) ჰქვია. სტუდენტები ყოველ მომდევნო ლექციაზე წერენ, თუ რა მისცა წინა სალექციო კვირამ, რით იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი, ან რით არ მოეწონათ. ეს ინოვაციული მეთოდი კრიტიკული აზროვნების წასახალისებლად საკმაოდ ეფექტური ხერხია.

- რაც შეეხება დასაქმების პრობლემას, რაც ასე მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში... როგორ ფიქრობთ, უნდა იყოს თუ არა უნივერსიტეტი მეტნაკლებად მაინც, ანგარიშვალდებული, კურსდამთავრებულების დასაქმებაზე იზრუნოს, ან ელემენტარულად, ალბათ იმდენი ვაკანტური ადგილიც არ უნდა გამოაცხადონ, რამდენი სპეციალისტიც ქვეყანას ამა თუ იმ სფეროში არ სჭირდება...

-ალბათ, კერძო უნივერსიტეტებში უფრო ბევრია პროცენტულად, კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენელებლები, რადგან მათ უფრო მცირე კონტიგენტი ჰყავთ. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში,დასაქმება, რა თქმა უნდა, ყველაზე სერიოზული პრობლემაა, რადგან დღეს ბევრ პროფესიაში შრომის ბაზარი გადავსებულია. აკრედიტაციის ახალი სტანდარტებით, ერთ-ერთი მოთხოვნაა სწორედ ის, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები შრომის ბაზრის ანალიზს ატარებდნენ და ისე ადგენდნენ ახალი პროგრამების საჭიროებას.

ესაუბრა ნონა ქარქაშაძე