"ქართული მარში" და საპატრიარქო ფილმის "და ჩვენ ვცეკვავთ" წინააღმდეგია

"ქართული მარშის" წევრები და საპატრიარქო ლევან აკინის ფილმის "და ჩვენ ვცეკვავთ" პრემიერის წინააღმდეგია.

მათი თქმით, ისინი ფილმის გაპროტესტებას აპირებენ.

როგორ საპატრიარქომ მისივე განცხადებაში აღნიშნა, ეკლესია კატეგორიულად შეურიგებელია სოდომური  ურთიერთობების პოპულარიზაციისა და დაკანონებისადმი, რის გამოც, ასეთი ფილმის კინო-თეატრებში ჩვენება მიუღებლად მიაჩნია.

„დაიწყო დიდი შეტევა ეკლესიაზე და ეროვნულ ფასეულობებზეც. ბოროტი ცდილობს, შეურაცხყოს და ეჭვქვეშ დააყენოს ყოველივე ღირებული, ხალხს იდენტობა დააკარგვინოს და იმედი ჩაუკლას, თანაც ამას სიმართლისა და სიკეთის სახელი დაარქვას.

გარკვეულ ძალას, როგორც ჩანს, დიდად აწუხებს ეკლესიის ავტორიტეტი,  მოსახლეობის სიყვარული ღვთისა და  ტრადიციული ღირებებულებისადმი  და მის შესარყევად სხვადასხვა მეთოდს მიმართავს.

შემთხვევითი არ არის, რომ 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებული მოვლენების ფონზე ახლა ლევან აკინის ქართულ-შვედური სოდომური ფილმის, – ,,და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება დაიგეგმა ბათუმში და თბილისის სამ კინოთეატრში. როგორც ვიცით, აქ ნაჩვენებია ახალგაზრდა მოცეკვავის ცხოვრება, რომელიც რადიკალურად იცვლება მამათმავალ მეტოქესთან  დაკავშირების  შემდეგ და სცენა ამ ფონზე ვითარდება.

ცნობილია ისიც, რომ განზრახული ჰქონდათ, ეს სიუჟეტი სუხიშვილების ანსამბლთან დაეკავშირებინათ, რაზეც მტკიცე უარი მიიღეს. შეგახსენებთ ქალბატონ ნინოს ნათქვამს: ,,მე ვთვლი, რომ ქართული ცეკვა ეროვნულობის გამომხატველია, სადაც ჩანს თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერი, – მამაკაცური და ვაჟკაცური. ეს ცეკვებში და მოძრაობებშია გამოვლენილი. მე არ მინდოდა ჩემს ანსამბლში გადაეღოთ ასეთი სიუჟეტის ფილმი. ეს იქნებოდა ტყუილი,.. რადგან ქართულ ცეკვაში განსაკუთრებულად ჩანს მამაკაცის დამოკიდებულება ქალის მიმართ — კდემამოსილება, ტრფობა, პატივისცემა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იყო, არის და იქნება კატეგორიულად შეურიგებელი როგორც საერთოდ ცოდვის, ისე, მითუმეტეს, სოდომური  ურთიერთობების პოპულარიზაციისა და დაკანონებისადმი. ამიტომაც ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი ფილმის კინო-თეატრებში ჩვენება", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ფილმთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა თელეთის ხარების ტაძრის მღვდელმა, მამა ბასილმა (იაშაღიშვილი), რომელიც მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ადამიანი ფილმის ყურებისას მის თვისებებს შეიძენს.

„ამ ფილმის მიზანი არის ერთსქესიან ადამიანებში ვნებიანი ლტოლვა ჩამოაყალიბოს. უეჭველად, აბა ახალგაზრდა იქნება ეს თუ დიდი იქნება, როდესაც უყურებს ამ ფილმს, შეიძენს ამ ფილმის თვისებებს“, - განაცხადა მამა ბასილმა.

ფილმმა "და ჩვენ ვცეკვავთ" აღშფოთება "ქართული მარშის" ლიდერის, სანდრო ბრეგაძის, გურამ ფალავანდიშვილის, ლევან ვასაძის და მათი თანამოაზრეების მხრიდან პროტესტი დაიმსახურა. ისინი ფილმის პრემიერის ჩაშლას და კინოთეატრების ბლოკირებას გეგმავენ.  

აღნიშნულ ფილმს გამოხმაურება მოჰყვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მხრიდანაც.

როგორც ოხანაშვილი აღნინავს, არ უნდა მოხდეს რაიმე ისეთის დემონსტრირება, რაც ხალხს აღაშფოთებს.

"ჩვენთვის გამოხატვის თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, რომელსაც ჩვენ ვიცავთ. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ჩვენს საზოგადოებაში არ მოხდეს რაიმე ფორმის ისეთი საკითხებით მანიპულირება და დემონსტრირება, რომელიც საზოგადოების მასობრივ აღშფოთებას გამოიწვევს, რაც არის ძალიან საფრთხილო. თუკი ვინმე რაღაცა ზღვარს ცდება და რაიმე ფორმით არ არის კანონის ფარგლებში, კონკრეტული საკითხები მუქარა იქნება თუ ასე შემდეგ, ამით დაინტერესდება კონკრეტული საგამოძიებო ორგანო", - ამბობს ოხანაშვილი. 

ფილმთან დაკავშირებით განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გააკეთა, რომელმაც მოქალაქეებს კანონის მოთხოვნის დაცვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათ უსაფრთხოებაზე შს სამინისტრო იზრუნებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ამოცანაა ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა, განურჩევლად ადამიანის სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების და სხვა ნიშნისა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, ლევან აკინის ფილმის "და ჩვენ ვცეკვავთ" პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 8, 9 და 10 ნოემბერს გაიმართება.

 

გიორგი ჩაფიძე