განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბატიაშვილმა გადადგომის თხოვნით თავად მიმართა.

„პირველ რიგში, ჩვენ ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით.

გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო,  რომ ის პრინციპი, რომელსაც ჩვენ ყველა ერთხმად ვეთანხმებით, რომ ჩვენი ქვეყნის უაღრესად მნიშვნელოვანი პრობლემები გახლავთ სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება. ამ სამ მიმართულებას ჩვენ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ და განსაკუთრებით განათლების სისტემური რეფორმა, რომელიც მოითხოვს სწრაფ და ეფექტიან განვითარებას და დარწმუნებული ვარ, კოლეგები, გუნდი, რომელიც განათლების სამინისტროს დღეს ხელმძღვანელობს, ამ მიმართულებით გააგრძელებს ეფექტიან შრომას“, - განაცხადა პრემიერმა.

მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„აქტიური კონსულტაციები მქონდა  პრემიერ-მინისტრთან და ძალიან ვაფასებ მის მხარდაჭერას როგორც ზოგადად, განათლების სისტემის მიმართ, ასევე, ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, თანამდებობა პირადი მიზეზით დატოვა და იმედოვნებს, რომ ამ ყოველივეს პოლიტიკური სპეკულაციები არ მოყვება.

მინდა გითხრათ, რომ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო მინისტრის თანამდებობა. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და დიდ იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები.

მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მას იმისათვის, რომ პირადად აქტიურად არის ჩართული რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესებში“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა იმ კომპლექსურ ცვლილებებზე, რომელიც განათლების ყველა მიმართულებით განხორციელდა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია მისი წასვლით არ შეფერხდება ის განვითარება, რომელიც შეუქცევადი პროცესია.

„ჩვენ დავიწყეთ ცვლილებები მთელი სისტემის, განათლების ყველა მიმართულებით და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება პროფესიონალების იმ გუნდთან ერთად, რომელიც სამინისტროში მუშაობს, იმ სტრატეგიისა და გეგმის საფუძველზე, რომელიც ამ პერიოდში ჩამოყალიბდა და რეფორმის ფარგლებში განათლების ყველა საფეხურზე ხორციელდება!

ამ ეტაპზე,  როდესაც განათლების რეფორმა სისტემურად მიმდინარეობს, იმ ფონზე, როდესაც სისტემა სწორ გზაზე დგას, დარწმუნებული ვარ, პირადად ჩემი წასვლა არ შეაფერხებს იმ განვითარებას, რომელიც არის შეუქცევადი პროცესი. სხვა შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი“, - ამბობს ბატიაშვილი.

მინისტრის გადადგომა განათლების მკვლევარმა, რევაზ აფხაზავამაც შეაფასა.

როგორც მან აღნიშნა, განათლების მინისტრთა ასეთი ხშირი ცვლა, მით უფრო ქვეყნის საარჩევნო რეჟიმში გადასვლის პერიოდში, გვაფიქრებინებს, რომ ეს ყველაფერი, გარკვეულწილად, სისტემის წინასაარჩევნოდ მობილიზებისთვის კეთდება, რაც დაუშვებელი და შეურაცხმყოფელია აქ მომუშავე ადამიანებისთვის.

ძალიან ვწუხვარ, რადგან თვითონაც აღარ მახსოვს, მერამდენედ მიწევს საუბარი იმაზე, რომ ასე ხშირად მინისტრები არ უნდა იცვლებოდნენ, რომ გარკვეული კურსი განათლებაში მდგრადი და თანმიმდევრული უნდა იყოს. მათი ასეთი ხშირი ცვლა, როგორც წინა, ასევე, დღევანდელი ხელისუფლების დროს, მნიშვნელოვნად უშლის ხელს განათლების პოლიტიკის თანმიმდევრულ განვითარებას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია კი არის იმ შემთხვევაში, როდესაც საარჩევნო წლის დასაწყისში ხდება, რაც გვაფიქრებინებს, რომ ეს ყველაფერი, გარკვეულწილად, განათლების სისტემის წინასაარჩევნოდ მობილიზებისთვის კეთდება. გვაქვს მაგალითები იმისა, რომ წინასაარჩევნოდ მასწავლებლების, დირექტორების, სკოლების მობილიზება და რესურსად გამოყენება ხდება, რაც ცალსახად დაუშვებელი და შეურაცხმყოფელია სისტემაში მომუშავე თითოეული ადამიანისთვის.

თუმცა, უნდა ვნახოთ, ვის დანიშნავენ მინისტრად. თუ დანიშნა ფუნქციონერი, პარტიისა და არჩევნების ერთგული, ორგანიზატორი ადამიანი, მაშინ ეს ეჭვი გამართლდება, მაგრამ თუ დაინიშნა კადრი, რომელიც რეალურად განათლების მიმართულების სპეციალისტია, განვითარებაზე მზრუნველი და მასზე ორიენტირებული, შესაძლოა, სხვანაირადაც მოხდეს. ქვეყანაში, საბედნიეროდ, არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ხედვა განათლების პოლიტიკასთან დაკავშირებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც გვყავს ხოლმე ისეთი მინისტრები, ვისაც მინისტრად არჩევამდე განათლებასთან არანაირი შეხება ჰქონიათ.  მუდმივი ქაოსი და გაურკვევლობა სისტემაში, ერთის მხრივ, იმის ბრალია, რომ მინისტრები პანტა-პუნტით იცვლებიან, მეორე კი ისაა, რომ ქვეყანას არა აქვს შეთანხმებული თანმიმდევრული, გრძელვადიანი განათლების პოლიტიკა, რომელსაც მინისტრის ცვლილება ვერაფერს დააკლებს. ამიტომ არის, რომ ეს ქვეყანა, სამწუხაროდ, კიდევ დიდხანს ვერ განვითარდება. როგორც ჩანს, ყველა ხელისუფლებას აწყობს, რომ ჰყავდეს გაუნათლებელი, მორჩილი საზოგადოება, რომელსაც საითაც გაუშვერს ხელს, იქით წაიყვანს“, - აცხადებს აფხაზავა.

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ საკითხებში განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ, უკვე ყოფილი მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ხანმოკლე მოღვაწეობას  განათლების სისტემაში, მკვლევარი დადებითად აფასებს და განმარტავს, რომ სისტემის ასეთი მასტაბური განახლება ჯერ არავის განუხორციელებია:

„ბევრ საკითხში განსხვავებული შეხედულებები გვქონდა, მაგრამ, საერთო ჯამში, განათლების ყოფილი მინისტრის საქმიანობიდან ყველაზე მეტად დაგვამახსოვრდება ის, რომ თანამედროვე ქართულ სისტემაში მან პირველმა შეძლო საკმაოდ მოცულობითი ჯგუფის მასწავლებლების ჩანაცვლება სკოლაში. ასეთი მასშტაბის განახლების დაგეგმვა მასწავლებელთა კორპუსში ჯერ არავის განუხორციელებია და ეს არის, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ ეს წამოწყება თავისი ხარვეზებითა თუ დადებითი მხარით, თავადვე მიეყვანა ბოლომდე და ამ ადამიანის პასუხისმგებლობა ყოფილიყო. ბოლომდე უნდა გვეცლია, რომ მერე არ დაიწყოს გადაბრალებები, რომ ვიღაცამ ცუდად დაიწყო, ვიღაცამ ცუდად გააგრძელა და ა. შ. როგორც ყოველთვის ხდება. სამწუხაროდ, ალბათ, ახლაც ასე მოხდება. საქმე, რაც ამ კაცმა დაიწყო და ნაწილობრივ გააკეთა, ძალიან ნიშანდობლივი იყო, რაც საქართველოს განათლების ისტორიაში ბევრმა მინისტრმა ვერ მოახერხა“, - განაცხადა რევაზ აფხაზავამ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, პირადი განცხადების საფუძველზე, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა.