ნარკოტიკების შემოტანა, მრუშობა და მამათმავლობა ეკლესიაში - რას ამბობენ მღვდლები

ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მღვდელი მამა შალვა, აცხადებს, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში 30-მდე სასულიერო პირი მღვდელმსახურებიდან ნარკოდანაშაულის, მრუშობისა და მამათმავლობის ბრალდებით განაყენეს.
მამა შალვა აღნიშნავს, რომ მსგავს ცოდვებში შემჩნეული სასულიერო პირები ეკლესიამ განაყენა მღვდელმთავრობიდან.
„მოუწოდებიათ ჩემთვის ინფორმაცია, რომ მაგალითად სასულიერო პირს ნარკოტიკი შემოუტანია ან ის ნარკოტიკს მოიხმარდა, მაგრამ საპატრიარქოს ამაზე რეაგირება გამოუხატავს და სასულიერო პირს შეჩერებია მღვდელმსახურება.ეს არის ნარკოტიკთან, მრუშობასთან და მამათმავლობასთან დაკავშირებული ცოდვები, რომელსაც ეკლესია არ ეგუება.30 სასულიერო პირზე მეტია განკვეთილი ეკლესიიდან სხვადასხვა ცოდვების გამო ბოლო 5-6 წლის განმავლობაში“, - განაცხადა „კურიერთან“ საუბრისას მამა შალვამ.
ამავე თემაზე კომენტარი ქაშუეთის ტაძარში მოღვაწე მამა ელიზბარ ოდიშვილმა გააკეთა და აღნიშნა, რომ 30 წლის წინ ეკლესიაში, მამათმავლობის ცოდვის გამო რამდენიმე სასულიერო პირი განიკვეთა.
„მე მახსოვს, როცა იქ რამდენიმე ეპისკოპოსი განიკვეთა. ერთი არქიმანდრიტი იყო, ორი ეპისკოპოსი, ქუთათელ-გაენათელი იყო ერთი, მეორე იყო ჭყონდიდელი. განიკვეთა მამათმავლობის მიზეზით, მაგრამ მერე რა გაკეთდა იცით? რომ განიკვეთნენ, მათ მოუწოდეს, მონასტერში წასულიყვნენ. ეკლესიაში იყო ბრძოლა, ბრძოლა ახლაც არის, და ყოველთვის იქნება ეს. მაშინ იბრძოდა აქ უშიშროება. რაც შეეხება მეუფე ზოსიმეს მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს, მე ვერ ვიტყვი, ტყუის, არ ტყუის, მე ხომ სანთელი არ მეჭირა და მე ხომ იქ არ ვიყავი. ვფიქრობ,  აქ უკვე პოლიტიკაა გარეული, ეკლესიის დამორჩილება უნდა რომელიმე მხარეს", - აღნიშნა მამა ელიზბარმა.
მამა ელისბარის სიტყვებს ადასტურებს კიდევ ერთი სასულიერო პირი. მამა გიორგის თქმით, მას ახსოვს მსგავსი შემთხვევები, როდესაც მამათმავლობის ცოდვის გამო სასულიერო პირები ეკლესიიდან განიკვეთნენ.
„ასეთი ფაქტები, როგორც სასულიერო, ასევე საერო წრეში ძალიან ბევრს ესმოდა და იყო ისეთი ფაქტები, როდესაც ზნეობრივმა კომისიამ ზოგიერთ სასულიერო პირს შეუჩერა მსახურება, ზოგი განკვეთა“, - განაცადა მამა გიორგიმ.