ძალადობრივი ჯგუფები ფილმის „და ჩვენ ვიცეკვებთ“ ჩვენებას აპროტესტებენ

2019 წლის 8, 9 და 10 ნოემბერს, თბილისსა და ბათუმში ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერასთან დაკავშირებით ძალადობრივი ჯგუფები პროტესტს გამოთქვამენ.

დღეს, 4 საათზე, ძალადობრივი მოძრაობის „ქართული მარშის“ წევრები, ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ წინააღმდეგ, ფილარმონიასთან იკრიბებიან და საპროტესტო მსვლელობას გეგმავენ.

როგორც მათ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, საქართველოში გაუკუღმართებული ცხოვრების პროპაგანდას არ დაუშვებენ.

„დღეს, 4 საათზე, ფილარმონიასთან დაიწყება ქართული მარშის საპროტესტო აქცია, რომელიც მიმართული იქნება „გეი პროპაგანდის“ ჩვენების წინააღდეგ. ვიმოქმედებთ მშვიდობიანად. აპირებენ პროვოკაციების შემოგდებას და ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას. ის ადამიანები, რომლებიც ამას აპირებენ, დარჩნენ სახლში. ჩვენ ვართ შიშველი ხელებით, მაგრამ გვაქვს მეთოდები, რომლითაც ჩავშლით ამ გარყვნილი ფილმის ჩვენებას. არ მივცემთ კინოს ადმინისტრაციას და ამ ფილმის მესვეურებს ფილმის ჩვენების საშუალებას. გავაკეთებთ ბლოკირებას, არ შევუშვებთ შენობაში. ეს არ იქნება ძალადობრივი გზით,“ – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ. 

ფილმის ჩვენების წინააღმდეგია ბიზნესმენი ლევან ვასაძეც, რომელიც მხარდამჭერებთან ერთად პრემიერის ჩაშლას გეგმავს.

როგორც მისმა ერთ-ერთმა მხარდამჭერმა კოტე მორგოშიამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, პროტესტის ფორმა სიტუაციის მიხედვით შეირჩევა და არც პოლიციასთან შეხლა-შემოხლა იქნება გამორიცხული.

"გაპროტესტების ფორმა გვექნება, რასაც სიტუაცია მოიტანს, ჩაფიქრებული რაც გვაქვს, აქ ვერ გავშლით. პირდაპირ გეუბნებით, ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს უზნეობა არ დავუშვათ. ჩვენი მიზანია, რომ ეს არ შედგეს. ასეთი პრეცედენტი "სუხიშვილებში" არ ყოფილა და ამიტომაცაა ჩვენი სიამაყე და ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი. ეს ბლოკირება იქნება. პოლიციასთან ერთად, შეხლა-შემოხლა იქნება მეტნაკლებად... ჩვენ ახლა ცემა-ტყეპას არ ვაპირებთ მით უმეტეს ძალოვნების. "ესენი საერთოდ უნდა აიკრძალოს, დასასჯელია ეს ხალხი უმკაცრესად. ჩვენ საკანონმდებლო დონეზე ამას მოვამზადებთ, რომ ნებისმიერი სექსუალური პროპაგანდის წინააღმდეგ იყოს კანონი მიღებული. ჰეტეროსექსუალი იქნება, ჰეტეროსექსუალი იქნება, ლესბოსელი თუ სხვა," - აღნიშნა მორგოშიამ. 

ამ წუთებში, ვერის ბაღში ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები იკრიბებიან. საქართველოს კინო-თეატრებთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.