„ვინ არის ეს ბუსუსიანი რეზინი“ „ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში

„ვინ არის ეს „ბუსუსიანი რეზინი“, „ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“, „დაასრულეთ ეს ცირკი“, - ამ შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა.

კანონპროქეტის განხილვისას უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატები პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდნენ, რა დროსაც ისინი ერთმანეთს, როგორც სიტყვიერად, ასევე ფიზიკურადაც უპირისპირდებოდნენ.

თავდაპირველად, კამათი ოპოზიციონერ დეპუტატ აკაკი ბობოხიძესა და მიხეილ ყაველაშვილს შორის დაიწყო.

კერძოდ, ყაველაშვილი სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე საუბრობდა, რა დროსაც მან აკაკი ბობოხიძე მოიხსენია, როგორც „კაკოია ბობოხიძე“. ამის საპასუხოდ, აკაკი ბობოხიძემ ყაველაშვილს მიმართა, რომ „კაკოია ბობოხიძე“ ბებიაშენს დაუძახეო.

ბობოხიძის რეპლიკას სხდომათა დარბაზში უმრავლესობის წევრების პროტესტი მოჰყვა, რის შემდეგაც აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რომ სხდომას დატოვებდა, რადგან უმრავლესობას საშუალებას არ მისცემდა, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი ჩაეშალათ.

აღნიშნულის შემდეგ, სიტყვიერი დაპირისპირება დამოუკიდებელ დეპუტატ გედევან ფოფხაძესა და უმრავლესობის წევრ დაჩი ბერაიას შორის მოხდა.

მათ შორის დაპირისპირების მიზეზი, ბერაიას ფოფხაძისადმი მიმართული რეპლიკა იყო, სადაც მან ფოფხაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს ყოფნა დააბრალა.აღნიშნულს ფოფხაძის გაღიზიანება მოჰყვა და მან ბერაიასთან მისვლა სცადა. დაჩი ბერაიამ მას „საქმის გარჩევა“ პლენარული სხდომის დარბაზის გარეთ შესთავაზა.

„გამოვიდეს გარეთ, ფეხებზე მკიდია. დავბრიდავ მაგ ნაბიჭვარს, ყველა წმინდა სალოცავს ვფიცავარ, მოვუტ... როჟას“, - ასე უპასუხა გედევან ფოფხაძემ დაჩი ბერაიას რეპლიკას.

რაც შეეხება ფიზიკურ დაპირისპირებას, ის „ქართული ოცნების“ წევრ კობა ლურსმანაშვილი და დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძეს შორის მოხდა.

როგორც თვითმხილველმა დეპუტატებმა განაცხადეს, დაპირისპირებულ დეპუტატებს შორის ურთიერთობა იმდენად დაიძაბა, რომ მათ გასაშველებლად „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, ელენე ხოშტარია ჩადგა. სავარაუდოდ, ინციდენტი სხდომათა დარბაზში ოპოზიციისა და უმრავლესობის ურთიერთბრალდებებს მოჰყვა.

 

მოამზადა ლანა მრავლაძემ