გენერალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, გენერალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს.

თავდაპირველად ისინი ბოქლომის დადებას კარზე აპირებდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. ამის შემდეგ, მათ ბოქლომი ჭიშკარზე ჩამოკიდეს.

„ყველა სახელმწიფო უწყება დაბოქლომდება მანამ, სანამ ჩვენ არ მივაღწევთ პროპორციულ რიგგარეშე არჩევნებს. ჩვენ უკვე დავაანონსეთ ორშაბათ საღამოს მსვლელობა, ღამე დავრჩებით ჩვენ პარლამენტთან და უკვე სამშაბათს დანიშნულია პლენარული სხდომა, რომლის პიკეტირებასაც მოვახდენთ. ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ, იმიტომ რომ კარგად უნდა გააცნობიეროს ხელისუფლებამ, ისინი თავს გვაჩვენებენ, ვითომ მუშაობენ. ეს უწყებაც, იმის მიუხედავად, ვის მოსწონს ან არ მოსწონს ირაკლი ოქრუაშვილი, პროკურატურა გადაიქცა გვამებით მოვაჭრეთა კავშირად. ის, რასაც ესე ჩადიან, არც სამართალში ზის, არც არანაირ მორალში. დღეს ოქრუაშვილი არის პირდაპირ პოლიტიკური პატიმარი. ჯერ დაიჭირეს 20 ივნისის საქმეზე, რომელიც შეთითხნილი იყო, ახლა კი გადაწყვიტეს ასე დატოვონ პატიმრობაში“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემაც გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, პროკურატურა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ თავად დააბოქლომეს და ის ემსახურება მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესებს.

„ამათ ჭკუა აქვთ საერთოდ? მშვიდობიანი აქციაა და რა დღეში არიან. ბატონო ბიძინა რა დღეში ხართ, რატომ ნერვიულობთ? მშვიდობიანი აქციაა. აცადეთ ხალხს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა. არა გაქვთ ამის უფლება. ჩვენ ვაგრძელებთ დაბოქლომების პროცესს. პროკურატურა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ თავად დააბოქლომეს და ის ემსახურება მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესებს. ირაკლი ოქრუაშვილის საქმე ყველამ ვიცით, რომ ასეთია ამიტომ ოპოზიცია ერთიანი ვართ და მოვედით აქ, რათა მხარი დავუჭიროთ სხვა ოპოზიციურ პარტიას. ეს არის პოლიტიკური, ამიტომ ჩვენი მშვიდობიანი არაძალადობრივი წინააღმდეგობის გეგმა მოქმედებაშია და აუცილებლად გავიმარჯვებთ რადგან სიმართლე ჩვენს მხარესაა“, - ამბობს გიორგი ვაშაძე.

სახელმწიფო უწყებებზე ბოქლომის დადების თემას პარლამენტის დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, მსგავსი ქმედება კანონით დაცული პროტესტის ფორმა არ არის.

„აზრის გამოხატვის ყველა ფორმა და ნებისმიერი მოქმედება, თუნდაც, ძალიან გაბრაზებული პოზიციიდან, უნდა ჯდებოდეს კანონის ფარგლებში. კარების აჭედვა, ბოქლომის დადება კანონით დაცული პროტესტის ფორმები არ არის. კანონის ფარგლებში მოქმედება უნდა ვისწავლოთ“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.