ტყვეობის მე-12 დღე - საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების მიუხედევად, ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობაში რჩება

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ტრავმატოლოგ-ორთოპედი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 9 ნოემბერს დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა 15 ნოემბერს საქმე აღძრა და წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ცნობით, ექიმის მიმართ საქმე აღძრულია „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მიმართა. მან მოუწოდა მათ, რომ გამოიყენონ ყველა არსებული საშუალება, რათა ოკუპირებულ რეგიონში გამოსწორდეს ვითარება და უმოკლეს დროში გათავისუფლდეს ქართველი ექიმი.

პრეზიდენტი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, მძიმე კრიზისია შექმნილი, და დღეს ამ ყველაფერმა კიდევ უფრო მძაფრი სახე მიიღო.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმის დაკავებას დედაქალაქის მერი, კახა კალაძეც გამოეხმაურა.

მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს ექიმის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით ხმა მივაწვდინოთ.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს მივაწვდინოთ ხმა მის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ყველამ ვიცით რომ როგორც ჟურნალისტი, ასევე ექიმი არის ხელშეუხებელი, რაც არ უნდა ცხელი წერტილი იყოს. ყველა სამსახური და შესაბამისი უწყება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს ის. თვითონ ვაჟა ექიმს რაც შეეხება, კარგად გრძნობს თავს. არანაირი პრობლემა არ აქვს, ფიზიკურად, ყველანაირად არის ნორმალურად, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი სამსახურები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ის რაც შეიძლება დროულად გათავისუფლდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

პასუხად, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ განცხადება გაავრცელა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.

„ამასთანავე, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ გადასაკვეთი პუნქტების ჩაკეტვა. ჩვენ ხაზგასმით ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის, ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომის უზრუნველყოფა და საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის გაუქმება“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

გარდა აშშ-ის განცხადებისა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ გრძელდება მოლაპარაკებები ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად და ექიმის არალეგალური დაკავება ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმთან დაძაბული ვითარების შედეგია.

„ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის არალეგალური დაკავება ძალიან რთული და დაძაბული ვითარების შედეგია, რომელიც ოკუპირებულ რეჟიმთან გვაქვს. ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა ე.წ. საზღვრები გაიხსნას. ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, დღეს გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას აღნიშნა, რომ შესაბამისი უწყებები აქტიურად მოქმედებენ და იყენებენ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს, რათა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება უახლოეს პერიოდში მოხდეს.

„გაცნობებთ, რომ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები აქტიურად მოქმედებენ 24-საათიან რეჟიმში. ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს, რომელიც გაგვაჩნია და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რომელიც აუცილებელია მსგავს მძიმე სიტუაციაში. ამიტომ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესის სპეციფიურობიდან გამომდინარე, ინფორმაციის გავრცელების შესაბამისი სტანდარტები და პირველ რიგში ეს სტანდარტები უნდა გავითვალისწინოთ ბატონი ვაჟას და მისი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

მოამზადა ლანა მრავლაძემ