მელიქაძეები ახალ წელს ახალ საცხოვრებელში შეხვდებიან

მეოთხე წელია, შუახევის მერიაში ,,უკიდურესად გაჭირვებულ, ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა“ მოქმედებს.

პროგრამულად მხოლოდ იმ ოჯახების მდგომარეობა განიხილება, რომლებიც უსახლკარო და სოციალურად დაუცველები არიან, რომელთა საცხოვრებელი სახლები სიძველისგან დაზიანებულია და მათი სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აჭარბებს, არის მრავალშვილიანი, ან სარგებლობს შშმ პირის სტატუსით.

მიმდინარე წელს, შუახევის მერიამ 9 ოჯახზე საცხოვრებელი სახლის შესაძენად ბიუჯეტიდან 110 700 ლარი გამოყო. გასულ წელთან შედარებით ერთ ბენეფიციარზე გასაცემი თანხა, რომელიც 11 000 ლარს შეადგენდა, მიმდინარე წელს 1300 ლარით გაიზარდა და 12 300 ლარია.

დღეის მდგომარეობით ყველა ბენეფიციარმა უკვე ისარგებლა პროგრამით, მათ შორის ჟანივრში მცხოვრებმა ფირუზ მელიქაძის ოჯახმა.

დღეს მელიქაძეებს, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე საკრებულოს წევრებთან ერთად სტუმრობდა. ოჯახი მოინახულა და მშენებლობის პროცესს გაეცნო.

მელიქაძეების სოციალურად დაუცველი ოჯახი წლებია ხუთ მცირეწლოვან შვილთან ერთად საფრთხის შემცველ საცხოვრისში ბინადრობს. ბენეფიციარმა სახლის მშენებლობა თითქმის დაასრულა და მალე სახლისა და სახურავის მოწყობას დაიწყებს.

,,პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები კომისიური წესით შეირჩა. მელიქაძეების მსგავსად ამ სიკეთით რამდენიმე ოჯახმაც ისარგებლა და ახალ წელს ისინი, ახალ საცხოვრებელ სახლებში შეხვდებიან. მომავალ წელს ვგეგმავთ პროგრამის ბიუჯეტის გაზრდას. ბიუჯეტის გაზრდასთან ერთად გაიზრდება პროგრამით მოსარგებლეებიც. ჩვენი მიზანია, არცერთი სოციალურად დაუცველი ოჯახი არ დარჩეს ყურადღების მიღმა და მათ ქონდეთ ცხოვრებისთვის საჭირო ყველა პირობა“, - აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.

 

 

 

(NS)