როგორ აფასებენ მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, ქვეყანაში ბოლოს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებისა და „ქართული ოცნების“ პირობების შეუსრულებლობის შემდეგ, ივანიშვილი ტელეეკრანზე პირველად გამოჩნდა.

ივანიშვილმა აღნიშნა, რომ თავდაპირველად გუნდში შედგა კონსენსუსი, თუმცა მას შემდეგ, რაც მმართველი გუნდის მაჟორიტრების მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შეურაცხყოფებმა პერმანენტული ხასიათი მიიღო, უმრავლესობის ნაწილმა პოზიცია შეცვალა.

მან ასევე გაიხსენა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი და დაინტერესდა, თუ დღეს არსებულ საარჩევნო სისტემას უსამართლოდ მიიჩნევდნენ, თავად რატომ არ შეცვალეს ხელისუფლებაში ყოფნის დროს.

დღეს, პარტიის თავმჯდომარის ინტერვიუ როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმაც შეაფასეს.

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას შეფასებით, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ბიძინა ივანიშვილის აბსოლუტურად გულწრფელი, ღია პასუხები საზოგადოებაში დაგროვებულ კითხვებზე.

გარდა პრემიერისა, პარტიის თავმჯდომარის ინტერვიუს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ იყო სურათის წარმოჩენა, რომელიც საქართველოშია ჩამოყალიბებული.

ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ იყო იმ სურათის წარმოჩენა რომელიც ჩამოყალიბებულია ჩვენს ქვეყანაში. სურათი აბსოლუტურად ზუსტად იყო წარმოჩენილი, სწორედ ამიტომ ვისმენდით ჩვენ გუშინ მთელი დღის განმავლობაში და დღეს დილიდან ნაცმოძრაობის წარმომადგენლების ნერვიულ კომენტარებს. მათ ჩაიხედეს სარკეში! ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ ასევე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თურნავამ განაცხადა, რომ ივანიშვილის ინტერვიუ იყო ძალიან გულწრფელი და სიღრმისეული.

მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარემ გუშინდელ ინტერვიუში ბევრ კითხვას, რომელიც საზოგადოებაში შეიძლება ტრიალებდეს, პასუხი გასცა.

„ბიძინა ივანიშვილის ანალიზი მათ შორის მოიცავდა პასუხს იმ რადიკალური ფრთის განწყობების მხრიდანაც, ვინც თავისი რადიკალიზმით ცდილობს, რომ დესტრუქცია შემოიტანოს დღევანდელ განვითარებაში.

ჩემთვის, როგორც ეკონომიკის მინისტრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის ნაწილი, რომელიც შეეხება დასაქმებას. მართლაც ასეა, ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი არის დასაქმება“, - განაცხადა თურნავამ.

რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილება ეროვნული ამოცანაა და მისი ინტერვიუ საკმარისია, რათა ნახოს საზოგადოებამ, როგორც შარშია ქვეყანა ამ კაცის ხელში.

„თუ დიდხანს ალაპარაკე ეს კაცი, როგორც წესი, თითქმის, ყველაფერს ამბობს ხოლმე რაც მის ძალიან სახიფათოდ მოწყობილ თავში არის ჩამალული, სახიფათოდ ქვეყნისთვის. თუ არსებობს საქართველოში საღი აზრის მქონე პატიოსანი ადამიანი, ვისაც კიდევ ეპარებოდა ეჭვი, რომ ამ კაცის ხელისუფლებიდან ჩამოცილება ეროვნული ამოცანაა, ამ ინტერვიუს ყურება არის საკმარისი, რათა ნახოს როგორ შარშია ქვეყანა ამ კაცის ხელში. საერთო ეროვნული ამოცნაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად, სასურველია, პროპორციული ვადამდელი არჩევნებით, ჩამოცილდეს ხელისუფლებას, რადგან ყველა დღე, როცა ამ კაცს აქვს გავლენა, არის მორიგი ხიფათი მთელი ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

„ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, გუშინ სზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილის შემაშინებელი/შემზარავი არაადეკვატურობა და მართვის მაფიოზური სისტემის შესახებ აღიარებითი ჩვენება იხილა.

“გარდა იმ შემაშინებელი, გამაოგნებელი და შემზარავი არაადეკვატურობისა, რაც ვიხილეთ გუშინ ეთერში, პრაქტიკულად, ჩვენ ვნახეთ აღიარებითი ჩვენება, რომ მთელი ის მაფიოზური სისტემა მართვის და ძალადობის მთავრდება, ხოლო აისბერგის წვერი არის ბიძინა ივანიშვილი.

ჩვენ ვიხილეთ აღიარებითი ჩვენება, რომ მთლი ის სიგარეტის საგა, რომელიც თავის თავში სასამართლო პროცესებსაც მოითხოვს (ფილიპ მორისთან დავას, წაგებას, დარიცხვას… შემდეგ მთელ იმ სქემას, სადაც ჩხარტიშვილი და ა.შ. ხალხი მონაწილეობდა) მთლიანად მისგან იმართება და მისგან გამოდის“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

 

 

მოამზადა ლანა მრავლაძემ