საპროტესტო აქციები გრძელდება - სამოქალაქო აქტივისტები კვლავ პარლამენტის პიკეტირებას აანონსებენ

დღეს დილიდან ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია განაახლეს.

მათ სურდათ პარლამენტის შენობის კვლავ პიკეტირება მოეხდინათ, მაგრამ სამართალდამცველებმა პარლამენტის შესასვლელები რკინის კონსტრუქციებით გადაკეტეს.

აღსანიშნავია, რომ ჩიტაძის ქუჩაზე ორი მხრიდან რკინის კორდონი იყო აღმართული. ასევე გადაკეტილი  იყო ინგოროყვას და ჭიჭინაძის ქუჩებიც.

აქციის მონაწილეებმა უმრავლესობის დეპუტატებს სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს.

საპროტესტო აქციის მსვლელობისას რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური და სტყვიერი დაპირისპირება.

თავდაპირველად, ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაიწყო.

კერძოდ, აქციის მონაწილეები სამართალდამცავების მიერ გაკეთებულ რკინის ჯებირებზე საღებავით წარწერების გაკეთებას ცდილობდნენ, რომლის საშუალებასაც მათ თავად სამართალდამცავები არ აძლევდნენ.

საბოლოოდ, რამდენიმე აქტივისტმა მაინც შეძლო საღებავით რკინის ჯებირზე წარწერის გაკეთება. მათ ასევე ჯებირებზე სტიკერების „შეცვალეს“ გაკვრაც მოახერხეს.

პოლიციამ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან სამი პირი განარიდა.

მოგვიანებით პარლამენტის შენობასთან, სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა ჩემოდნით შეშა და ივანიშვილის გამოსახულებიანი 41 დოლარიანი კუპიურები მიიტანეს.

მათი თქმით, ეს ბიძინა ივანიშვილის შეშინებული  სახის სიმბოლო იყო.

„თურმე ჩვენ ახალგაზრდები ამ მომენტში ვართ კრიმინალები, რადგან ტერიტორიაზე ეს კონტრაბანდა შემოვიტანეთ და როგორც ჩანს, და ჩვენ ძალიან დიდ საფრთხეს წარმოვადგენთ სამართალდამცველებისთვის. ეს შეშა არის სიმბოლო ბიძინა ივანიშვილის შეშინებული სახის და მეორე, რაც ყველაზე მეტად უყვარს ბიძინა ივანიშვილს, ეს არის ფული, ეს არის 41 დოლარიანები, რაც რეალურად ინარჩუნებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას პოლიტიკოსებს შორისაც.

კერძოდ, პარლამენტის შენობის ეზოში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიასა და უმრავლესობის წევრ ბექა ოდიშარიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ნიკა მელია ცდილობდა ბექა ოდიშარია გაეჩერებინა და ეკითხა, მხარს უწერდა თუ არა იგი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, რასაც მათ შორის დაპისრისპირება მოჰყვა.

„ბექა, მე არ გამექცე ბიჭო. ესაა  ბექა ოდიშარია, ბავშვობიდან ვიცნობ, ერთად გავიზარდეთ და ამ ადამიანმა ღილაკს ხელი მიაჭირა. გრცხვენოდეს... უნამუსო ხარ“, - ასე  მიმართა  ნიკა მელიამ ბექა ოდიშარიას, რაზეც ოდიშარიამ უპასუხა: „გეყოფა, მე არ გიჭერდი. უნამუსო შენ ხარ“.

მიმდინარე საპროტესტო აქციას სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა.

მან მეტალის პოლიციის მიერ პარლამენტის უკანა შესასვლელთან აგებულ მეტალის რეკონსტრუქციებს ბერლინის კედელი უწოდა.

„დაიშალეთ! ვინაიდან ამასობაში ივანიშვილმა შემოიღო უკვე გერმანული მოდელი-ბერლინის კედელი აგიგიათ შუა ქალაქში“, - წერს სააკაშვილი.

საპროტესტო აქციას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა და თქვა, რომ სამართალდამცავი ორგანო იყენებს მაქსიმალურად რბილ მეთოდებს აქციის დასაშლელად.

„აქციის მონაწილეების უკან დგას 200 აქტივისტი, რომელიც ცდილობს პარლამენტის ბლოკირებას. ბუნებრივია, სახელმწიფომ უნდა აჩვენოს სახელმწიფოს სახე. 200 ნაციონალის დასაბლოკი საქართველოს პარლამენტი არ არის, შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოები იღებენ იმ ზომებს, რომელიც უნდა იყოს მიღებული. სამართალდამცავი ორგანოები ამ დღეების განმავლობაში აკეთებენ ყველაფერს, რომ მაქსიმალურად რბილი მეთოდები იყოს გამოყენებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემაც გააკეთა, რომელმაც პოლიტიკოსებს საპარლამენტო საქმიანობის დაბრუნებისკენ მოუწოდა.

„მე არ მგონია, რომ დისკომფორტი, უხერხულობა არის ის საკითხი, რომელიც უნდა იყოს პრიორიტეტული და არა სახელმწიფოს და პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირება. საუბრობენ გარკვეულ დიალოგზე, კი ბატონო საპარლამენტო ფორმატში საუბარი შეიძლება ნებისმიერ თემაზე, მაგრამ ეს შეიძლება მას შემდეგ, რაც ისინი დაეშვებიან მიწაზე“, - განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტის შენობის პარალელურად ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთანაც, რომელშიც დღეს ბიუროს სხდომა მიმდინარეობდა.

მიმდინარე აქციაზე საპატრულო პოლიციამ მოძრაობა „შეცვალეს“ ორი წევრი, ბექა პაპაშვილი და გიორგი რუხაია კანონისადმი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის და წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა.

რაც შეეხება საპროტესტო აქციებს და პარლამენტის პიკეტირებას, მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები ხვალ, დილის 10:00 საათიდან აანონსებენ.

 

გიორგი ჩაფიძე