მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა დაიწყო - რა მოლოდინები აქვთ პოლიტიკოსებს

მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საარჩევნო სისტემა იქნება.

შეხვედრას ესწრება როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიცია, ასევე მმართველი გუნდი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის ამერიკის, გერმანიისა და ევროკავშირის ელჩები.

აღნიშნულ შეხვედრას არ ესწრებიან სამოქალაქო აქტივისტები. სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც მოუწოდეს ოპოზიციას, რომ იმოქმედონ მკაცრად განსაზღვრული მანდატით, ერთადერთი შედეგის - პროპორციული არჩევნების ე.წ „გერმანული მოდელით“ მისაღწევად.

ისინი აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური პარტიები არ არიან საპროტესო აქციების ერთადერთი წარმმართველები და შესაბამისად, მათი გადაწყვეტილება ვერ იქნება ერთპიროვნული. მათივე თქმით, თუ არ იქნება სამოქალაქო საზოგადოების მოლოდინის შესაბამისი შედეგი, ამას მოყვება მწვავე რეაქცია.

შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან კომენტარები, როგორც მმართველი გუნდის ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააკეთეს.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა საერთაშორისო პარტნიორებს გაუწია ანგრიში და შეხვედრას სწორედ ამიტომ დათანხმდა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ოპოზიციის წარმომადგენლების არგუმენტების მოსმენა, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკური პროცესის პარლამენტში დაბრუნებას.

„პოლიტიკური პროცესი უნდა დაბრუნდეს პარლამენტში, უნდა დაბრუნდეს კონსტრუქციულ ფარგლებში. დღეს როგორც ვხედავთ, ეს შეხვედრა შედგება და ვნახოთ... ჩვენი მხრიდან, კიდევ ერთხელ ხდება ეს მნიშვნელოვანი მოწოდება, რომ დავუბრუნდეთ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს. წინ გვაქვს 2020 წლის არჩევნები და უნდა მოვემზადოთ ამისთვის. მნიშვნელოვანია, ოპოზიციამაც აიღოს პასუხისმგებლობა და ჩაერთოს იმ პროცესში, რასაც ჰქვია დემოკრატიული არჩევნებისთვის მომზადება. ჩვენ მზად ვართ, გავითვალისწინოთ საერთაშორისო პარტნიორების რჩევა.

მზად ვართ მოვუსმინოთ ოპოზიციას, რა წინადადებები აქვთ, რა არგუმენტები აქვთ, გვესმოდა სხვადასხვა მოდელებზე საუბარი. ამ ფორმატში კონკრეტული არგუმენტების განხილვა იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კომენტარს, მისი თქმით, თუ ოპოზიციის წარმომადგენლები ქუჩაში პროტესტს განაგრძნობენ, ეს მმართველი გუნდისთვის პოლიტიკურად უფრო ხელსაყრელი იქნება.

მანვე დასძინა, რომ გერმანული მოდელი არაკონსტიტუციურია, მაგრამ თუ ოპოზიცია ხელისუფლებას კანონის შესაბამის ვარიანტს შესთავაზებს, შესაძლებელი იქნება მისი განხილვა.

„ისინი ქუჩაში თუ დარჩებიან, ჩვენ ეს პოლიტიკურად უფრო მეტად გვაწყობს, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ისინი ყოველდღიურ რეგრესს განიცდიან. ამიტომ შეთავაზება მათ უნდა გააკეთონ.

თუ ოპოზიციას აქვს კონსტიტუციასთან თავსებადი და ყველა თვალსაზრისით, ნაციონალური შემოთავაზება, ბუნებრივია, შეგვიძლია განვიხილოთ. ანუ ამ შემთხვევაში, კრიტერიუმი იქნება კონსტიტუციასთან თავსებადობა და ნაციონალურობა. როგორც იცით, მათი მხრიდან შემოთავაზებულია ე.წ. გერმანული მოდელი, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ მკაფიო სამართლებრივი პოზიცია გვაქვს. გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ეწინააღმდეგება "გერმანული მოდელი" საქართველოს კონსტიტუციას და მზად ვართ, კოლეგები დავარწმუნოთ ამაში“, - განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით შეფასებები ოპოზიციის წარმომადგენლებმაც გააკეთეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე შეხვედრის მოლოდინებზე საუბრობს და თვლის, რომ მოლაპარაკება ვერ შედგება და დღევანდელი შეხვედრა არ იქნება შედეგიანი.

მისი თქმით, თუ ხელისუფლება ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ინიციატივას არ დათანხმდა, პროტესტი ისევ გაგრძელდება.

„არ ვფიქრობ, რომ დღეს რამე შედეგს მივაღწევთ. პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სტრატეგიულ მოკავშირეებს, განსაკუთებით ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს იმისთვის, რომ მათ თავის თავზე იტვირთეს ეს ძალიან მძიმე მისია და ამ დიალოგის ორგანიზება დაიწყეს, რაც ჩვენ საზოგადოებას ძალიან სჭირდება. მეორე არის ის, რომ გუშინდელი კოშმარული დღის და ღამის შემდეგ, რაც ქუთაისში ხელისუფლებამ ა(ა)იპების, სსიპ-ებისა და სხვა სახელმწიფო სამსახურების თანამშრომლების მეშვეობით ჩვენ ოფისთან მოაწყო, ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, რომ რაიმესთვის იყვნენ მზად. მესამე და მთავარი - ჩვენ კომპრომისული ნაბიჯი უკვე გადავდგით, „ქართულმა ოცნებამ“ თავის თავზე აიღო პოლიტიკური და მორალური ვალდებულება, რომ პროპორციული სისტემით ჩაატარებდა არჩევნებს, ამაზე უარი თქვა. ჩვენ შევთავაზეთ გამოსავალი, ცალმხრივად წავედით კომპრომისზე. თუ ამაზეც არ დათანხმდნენ, მაშინ პრობლემა არ არის, გაგრძელდება ყველაფერი ისევ ისე, როგორც არის“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას, მან აღნიშნა, რომ შეხვედრის ფორმატი უცნაურია, რადგან სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც პროპორციული არჩევნების მოთხოვნის სათავეში დგნან, არ დაპატიჟეს.

„რბილად რომ ვთქვა, უცნაური ფორმატი შემოგვთავაზა ივანიშვილის გუნდმა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი, ვინც პროპორციული არჩევნების მოთხოვნის პროტესტის სათავეში იდგა, ჩვენი მიმართვის მიუხედავად, არ დაპატიჟეს“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ 30-მდე ოპოიციური პარტია („ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“, „გამარჯვებული საქართველო“, „ლეიბორისტული პარტია“ „გირჩი“ და ა.შ.) ხელისუფლებას საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების ახალ მოდელს სთავაზობს. დღევანდელი შეხვედრის ძირითადი თემა კი, სწორედ საარჩევნო სისტემაა.