თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას და ზურაბ ადეიშვილს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, „ბანკი ქართუს“ საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას და იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. 

კერძოდ, ნიკა მელიას 25 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და ამასთანავე, დამატებითი სასჯელის სახით 2 წლით და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. ხოლო ზურაბ ადეიშვილს 5 წლით და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, თავად ნიკა მელია ამბობს, რომ საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადის კოლექტიურ ბექა ოდიშარიაზე.  

„დღევანდელი  გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადის კოლექტიურ ბექა ოდიშარიაზე. არ ვიცი ბიძინა ივანიშვილი აშაყირებს თავისი გუნდის წევრებს თუ აბუჩად იგდებს. კვლავ ჩაუგდო კენჭი „ქართულ ოცნებაში“ შემოჭრილ დეპუტატებს და მათ უნდა იმსჯელონ სხდომათა დარბაზში ნიკა მელია, როგორც მათი კოლეგა იქნება თუ არა ამ ვადის ამოწურვამდე. ბექა ოდიშარიამ უნდა მიაჭიროს ღილაკს ხელი ისევ. ახლა მათი ამოცანა რჩება რომ პარლამენტიდან გამომაგდონ, შემიჩერდეს დეპუტატის უფლებამოსილება, რასაც უნდა უყარონ კენჭი უახლოეს სასესიო სხდომაზე. ეს ყველაფერი ვერ გაკეთდება „ქართული ოცნების“ დეპუტატების გარეშე, კოლექტიურად ბექა ოდიშარიებმა უნდა მიაჭირონ იმ ღილაკს ხელი, რომელზეც არ უნდათ, მაგრამ, უღირთ. აბსურდული საქმე იყო“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან ნიკა მელიას კოლეგები და თანაპარტიელები.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ბედნიერი მელიას პატიმრობა რომ არ შეუფარდეს.

„ღრმა სამართლებრივი ანალიზის არც საშუალება და არც ემოციები არ მაქვს, რადგან აბსოლუტურად ბედნიერი ვარ, რომ პატიმრობა არ შეეფარდა. სასამართლოს განჩინება იმის მტკიცებულება არის, რომ არავითარ დანაშაულებრივ სქემაში, არავითარ წინასწარ შეთქმულებაში და დანაშაულებრივ გაკოტრების მცდელობაში ნიკა მელიას ადგილი არ ჰქონია. თვითონ სასჯელობითი ნაწილი, რომელიც არის ჯარიმა და თანამდებობის დაკავების აკრძალვა განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში არის სახის შენარჩუნების მცდელობა იმისათვის, რომ გამართლდეს სასამართლოს მიერ ფუჭად დახარჯული დრო. თუ სასამართლოს გადადგმული ეს ნაბიჯი ნაკარნახევი იყო იმით, რომ სახელმწიფოში როგორც იქნა შეწყდეს პოლიტიკური მოწინააღმდეგეების სასამართლოს საშუალებით დევნა, იდეოლოგიური მოწინააღმდეგეების ციხეში ჩასმა, ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება, როგორც საქართველოს მოქალაქეები ყველა უნდა მივესალმოთ და ბოლოს, მინდა ხაზი გავუსვა სასამართლოს განჩინებას, რომელსაც კიდევ ერთი ნაბიჯი სჭირდება. ყველა პოლიტიკური საქმე უნდა შეწყდეს და ყველა პოლიტიკური პატიმარი გამოვიდეს ციხიდან. მთელი საზოგადოება კომპრომისს ითხოვს და თუ ეს პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებითაა გადადგმული, ძალიან მიხარია“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე კი სასამართლოს გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება აქტიური დეპუტატი პარლამენტში, რომელიც ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის მის წკიპზე დაკიდებულ უმრავლესობას.

„მასობრივი რეპრესიების ანუ ძალადობის რესურსი უფრო და უფრო ნაკლებია „ქართული ოცნების“ ხელში. ეს მნიშვნელოვანი შედეგია, რომ დღეს საპატიმრო სასჯელი არ იქნა მისჯილი ნიკა მელიასთან მიმართებაში და ადამიანურად, გულწრფელად ვამბობ, მიხარია, რომ დღეს მისი ციხეში გადაყვანა არ მოხდება. მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება აქტიური დეპუტატი პარლამენტში, რომელიც ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის მის წკიპზე დაკიდებულ უმრავლესობას, რომელიც როდის დაიშლება კაცმა არ იცის. რაც მთავარია ჩვენ სწორი გზით მივდივართ, რადგან მშვიდობიან, არაძალადობრივ პროტესტს აქვს თავის შედეგები, აქვს სრული მხარდაჭერა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საზოგადოებისგან“, - ამბობს გიორგი ვაშაძე.

მელიას საქმეზე კომენტარი „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამაც გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ ივანიშვილმა ბოლომდე ვერ გაქაჩა მისი დაჭერა, რადგან შეეშინდა საერთაშორისო რეაქციების.

„ჩვენ ვნახეთ ერთხელ ის სამარცხვინო სცენა, რაც უმრავლესობამ ჩაატარა მელიასთან დაკავშირებით, შეუწყვიტეს სხვა საქმეზე და პირდაპირ ციხეში გაუშვეს. ახლაც ასე იქნება როგორც ჩანს, პარლამენტიდან გაძევება უნდათ, ალბათ მორიგ ჯერზე მელიას შეუწყვეტენ უფლებამოსილებას. როგორც ჩანს, ივანიშვილმა ბოლომდე ვერ გაქაჩა დაჭერა და შეეშინდა საერთაშორისო რეაქციების.  იმიტომ, რომ მოქმედი დეპუტატის და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დაპატიმრება ასეთ ვითარებაში პირდაპირ დიქტატურის გაფორმებაა, მაგრამ ვირეშმაკა რაის ვირეშმაკაა, რომ ვირეშმაკული გადაწყვეტილება არ მიეღო. ეს გადაწყვეტილება, რაც მელიასთან დაკავშირებით მიიღეს ტოვებს იმ სივრცეს, რომ აი ის პირანიები, რომლებიც ერთხელ შეიკრიბნენ და 92-მა კაცმა ჰკა მაგას რომ დასძახეს და ციხეში, რომ გაუშვეს ანალოგიურად შეუძლიათ უფლებამოსილება შეუწყვიტოს. როგორც ჩანს, ეს კომფორტი ივანიშვილმა თავის უმრავლესობას მისცა. ჩვენ ვხედავთ, როგორ მიდრეკილება აქვთ ბრეჟნევიადასკენ, უნდათ, რომ  თავის თავს მარტო ელაპარაკონ, მარტო ჩაიკეტონ, არანაირი განსხვავებული აზრი არ არსებობდეს, აი ასე ხბოს აღტაცებით ატარონ, თურმე დღეს ბიურო ჰქონიათ. რაც არ უნდა დაიმალონ, რაც არ უნდა ადამიანებს არ დაენახონ, რაც არ უნდა ღობეები აღმართონ ხალხის ხმას და რისხვას მაინც ვერ გაექცევიან“,-განაცხადა უგულავამ.

აღნიშნულ სასამართლოს გადაწყვეტილებას და ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატის შეჩერების საკითხს მმართველი გუნდიდანაც გამოეხმაურენ.

კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი ამბობს, რომ დეპუტატის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას, პარლამენტი ვალდებულია, შეუწყვიტოს მას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.

„პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული  უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად  პარლამენტის წევრის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომა. თუ სასამართლომ პარლამენტის წევრის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, ასეთ შემთხვევაში პარლამენტი ვალდებულია მას უფლებამოსილება შეუწყვიტოს. მე არ ვიცი კონკრეტულად, ბატონი მელიას მიმართ რა გადაწყვეტილება არის გამოტანილი, თუმცა ეს თუ არის გამამტყუნებელი განაჩენი, მაშინ ბუნებრივია, პარლამენტი იქნება ვალდებული შესაბამისი პროცედურები განახორციელოს“,- განაცხადა კახიანმა.

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია კი მიიჩნევს, რომ პარლამენტი მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე არ უნდა აჩქარდეს და სამართლიანობის ლოგიკას უნდა მიყვეს.

„თუ აღმოჩნდება ისე, რომ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას და შეუწყვეტს პირს უფლებამოსილებას და შეიძლება ზემდგომმა ინსტანციამ ჩათვალოს რომ არასწორი განაჩენი  გამოიტანა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და გააუქმა, ასეთ შემთხვევაში აღდგენა შეიძლება ვეღარ მოხდეს პარლამენტის წევრის სტატუსის. ამიტომ სამართლის და სამართლიანობის ლოგიკას უნდა გაყვეს პარლამენტი ჩემი აზრით და არ უნდა იჩქაროს აქ გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა ბესელიამ.

რაც შეეხება საქმის პროკურორის განმარტებას, ელიზბარ გოზალიშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოტანილი განაჩენის დასაბუთების გაცნობის შემდეგ, ბრალდების მხარე იმსჯელებს გასაჩივრდება თუ არა  გადაწყვეტილება.

„ჩვენ ველოდებოდით მოცემულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. სასამართლომ ორივე ბრალდებულის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ზურაბ ადეიშვილი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. რაც შეეხება ნიკანორ მელიას, ის დამნაშავედ ცნო თანამდებობრივ დანაშაულში. ხოლო მეორე მუხლთან დაკავშირებით, როდესაც გავეცნობით განაჩენის დასაბუთებულ ნაწილს, ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას გასაჩივრებასთან დაკავშირებით. ბრალდების მხარე თვლის, რომ ორივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი იყო ყველა წარდგენილი ბრალდების ნაწილში. ნიკა მელიას ბრალად ედებოდა, რომ ის დაეხმარა ორგანიზებულ ჯგუფს, ზურაბ ადეიშვილს „ბანკი ქართუს“ გაკოტრების განხორციელების სქემაში. მისი ბრალეულობა გამოიხატა იმაში, რომ მან აუქციონების ხელოვნური მართვის გზით მოახდინა „ბანკი ქართუს“ სასარგებლოდ დატვირთული ქონებების სახელმწიფოზე გადაცემა. პროკურატურას ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეები. როგორც სასამართლომ განმარტა, მოცემული საქმე იყო ძალიან დიდი, დაკითხული იყო ასეულობით მოწმე, გამოკვლეული იქნა ასამდე ტომი. პირველ ეტაპზე, პროცესში მონაწილეობდა 30-ზე მეტი ბრალდებული. შესაბამისად, ამ პროცესებმა განაპირობეს სასამართლო პროცესის დღევანდელ დღემდე გადადება“, - განაცხადა ელიზბარ გოზალიშვილმა.

ცნობისთვის, ნიკა მელიას და ზურაბ ადეიშვილს „ბანკი ქართუს“  საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვაში დახმარებას ედავებიან, რომელზეც ბრალი 2013 წელს წარედგინათ.

 

გიორგი ჩაფიძე