ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასება „ოცნების“ ოფისთან მომხდარ დაპირისპირებაზე

„ქართული ოცნების“ ოფისთან 2 დეკემბერს მომხდარ დაპირისპირებას ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციის სახელს უკავშირებენ და ამბობენ, რომ ეს ყოველივე მათ მიერვე მიზანმიმართულადაა  ორგანიზებული.

კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს პრევენციული ზომები და აღკვეთოს მსგავსი აქტივობები. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ  მომავალში პროვოკაციული ჯგუფების მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.

„გუშინ რაც ვნახეთ, უკვე რეალურად ნათელია საზოგადოებისთვის რა იწვევს და რამ გამოიწვია ამ პროცესების განვითარება. ამიტომ, მე თუ მკითხავთ, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს პრევენციული ზომები და აღკვეთოს ორივე მიმართულებით აქტივობები, რომელმაც შეიძლება ძალადობა გამოიწვიოს. მომავალში იმ ჯგუფების მიმართ ვინც პროვოცირებას აკეთებენ ამ ტიპის ძალადობის და ამ ტიპის ესკალაციის გამოყენებული იყოს კანონით გათვალისწინებული ზომები და წინასწარ აღიკვეთოს ასეთი სარისკო მოქმედებები. მე ვთხოვ მათ, რომ მანიფესტაციის და პროტესტის მშვიდობიანი ფორმები აირჩიონ. არ აირჩიონ აგრესიული ფორმები და არ წავიდნენ პროვოკაციაზე“, - განაცხადა თალაკვაძემ.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას თბილისის მერი კახი კალაძეც გამოეხმაურა და ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ოპოზიციის მხრიდან არის მიზანმიმართულად ორგანიზებული.

„კატეგორიულად ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას და ნამდვილად არ მსიამოვნებს ის დაპირისპირებები. მე მგონია, რომ ეს ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად და ამის ორგანიზატორი გახლავთ ოპოზიცია. რატო უნდა მოგინდეს, რომ მიხვიდე პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან და გააპროტესტო, არ არის სხვა კონკრეტული ლოკაციები იმისთვის, რომ გამოთქვა შენი პროტესტი თუ რა? ნუ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება იმისთვის, რომ მოხდეს დაპირისპირება. ახალგაზრდები არიან და მითუმეტეს, კატეგორიულად მიუღებელია მათი ერთმანეთთან დაპირისპირება. ჩვენ ქართველები ვართ, სისხლი გვიდუღს, მაგრამ ეს სისხლის დუღილი, მე ვფიქრობ, სხვა მიმართულებით უნდა გამოვიყენოთ და მოვახმაროთ ქვეყნის განვითარებას და წინსვლას და არა ერთმანეთთან დაპირისპირებას და ცხვირ-პირის მტვრევას“,- განაცხადა კალაძემ.

აღნიშნულ დაპირისპირებაზე კომენტარი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბარი არ არის და ამას სახელმწიფო არ დაუშვებს.

მისი თქმით, ძალადობაში ეჭვმიტანილი ყველა პირი განურჩევლად რომელ მხარეს იყო - უნდა იყოს დასჯილი.

„პირველი - რა თქმა უნდა, არანაირ სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბარი არ არის და სახელმწიფო ამას არ დაუშვებს. მეორე - ძალადობაში ეჭვმიტანილი ყველა პირი განურჩევლად, რომელ მხარეს იყო, უნდა იყოს დასჯილი, ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება. მესამე - კონტრაქცია, აქცია, ეს უკვე პოლიტიკური შეფასებებია, და ყველა მხარე აძლევს თავისთვის საინტერესო და მომგებიან შეფასებას. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ეს არის უაღრესად ემოციური ფონი. ემოციური ფონის გამომწვევი მიზეზი არის ბევრი რამ, პირველ რიგში - ის, რომ პოლიტიკური პროცესი პარლამენტის ნაცვლად მიმდინარეობს ქუჩაში. სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ადამიანები ცდილობენ ამ პოლიტიკურ პროცესში, ქუჩაში ემოციურად დაძაბულ პროცესში ჩაითრიონ ახალგაზრდები და არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც დღეს შეიძლება ერთმანეთთან ოპონირებენ, მაგრამ ხვალ ამ ხალხმა უნდა ააშენოს ეს ქვეყანა და ყველა, ვინც გაბედავს ან მოუწოდებს, ან გააღვივებს ამ დაპირისპირებას, კანონის გარდა მორალური პასუხისმგებლობაც დაეკისრება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდებს შორის რაიმე ფორმით შუღლის გაღვივება მიუღებელია. კომიტეტის თავმჯდომარე მმართველი გუნდის მხარდამჭერებს ოპონენტებთან დებატების კონსტრუქციულად წარმართვისკენ მოუწოდებს.

„მიუღებელია რაიმე ფორმით, მით უმეტეს ახალგაზრდებს შორის შუღლის გაღვივება. ჩვენ ჩვენს განცხადებებში დღესაც, გუშინაც და შემდგომშიც, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ ყველა ახალგაზრდას, რომ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება არის მიუღებელი, არ შეიძლება. რაც შეეხება იმ ახალგაზრდებს, რომლებიც წარმოადგენენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, მათ ვეტყვი, რომ ისინი არიან განათლებული, გონიერი ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ საკმაოდ დიდი რესურსი იმის, რომ წარმართონ დებატი კონსტრუქციულ, ცივილურ ფორმაში იმ ჯგუფებთან და ახალგაზრდებთან, რომლებიც გამოყენებულნი არიან „ნაციონალური მოძრაობის" თუ მათი სატელიტი პარტიების მხრიდან ეთერებში. გამოიყენონ დებატების საშუალება.  არსებობს ცივილური ფორმა, არცერთ შემთხვევაში დაპირისპირება, არცერთ შემთხვევაში ძალადობა",- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, მცხეთის მერიასთან და, მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ ოფისთან სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებს და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც რამდენიმე მათგანი დაშავდა.

 

გიორგი ჩაფიძე