ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს

ზუგდიდში, ათონის მთაზე მოღვაწე ბერი, კიდევ ერთ პირთან ერთად, დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მამა სვიმონ ქავთარაძეს ბრალს დღეს წარუდგენენ.

30 წლის სასულიერო პირი პოლიციას თავად ჩაბარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 2 დღის წინ ის და მისი თანმხლები პირი გაჩხრიკეს და ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, თუმცა პასუხისმგებლობა მეორე პირმა აიღო და ბერი გაათავისუფლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.

როგორც დაკავებული ბერ-მონაზვნის ადვოკატი, ჯიტა გულუა აცხადებს, გუშინ მამაო აღიარებითი ჩვენებით გამოცხადდა პოლიციაში და თქვა, რომ ნარკოტიკული საშუალება არ ეკუთვნის მის თანმხლებ პირს და არის მისი. უფლებადამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავების საფუძველი, მიმალვის საფრთხის არსებობაა.

„თავდაპირველად დაკავებული იქნა მალანია, რომელთან ერთადაც იმყოფებოდა მამაო, თუმცა ისინი არავის არ დახვდნენ, თან ჰქონდა ეს ჩანთა ამ პიროვნებას ვინც თავდაპირველად დააკავეს, მალანიას, რომელიც აღიარებს, რომ ეს ნარკოტიკული საშუალება, რომელიც შემდგომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 14.5 გრამს წარმოადგენს ეკუთვნოდა მას. რაც შეეხება მამაოს, წუხელ მამაო აღიარებითი ჩვენებით გამოცხადდა პოლიციაში და ამბობს, რომ ნარკოტიკული საშუალება არ ეკუთვნის იმ პიროვნებას,ამბობს, რომ არის მისი. მიუხედავად იმისა რომ ბრალის აღიარებით გამოცხადდა, ის დააკავეს იმ საფუძვლით, რომ თითქოსდა არსებობს მიმალვის საფრთხე. რას შეეხება იმ გარემოებას, ვის ეკუთვის ნარკოტიკული საშუალება, დღეის მდგომარეობით ნამდვილად არ არის დადგენილი ნარკოტიკული საშუალების კუთვნილება რომელიმე პიროვნებისადმი. ეს გამოძიების პრეროგატივაა და ბუნებრივია ეს გაირკვევა . ამ შემთხვევაში გვაქვს ორივეს მხრიდან აღიარებითი ჩვენება“,- განაცხადა ადვოკატმა.

მომხდართან დაკავშირებით, საპატრიარქოს კომენტარი ამ დრომე არ გაუკეთებია.

საპატრიარქოს პრეს-მდივანის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ისინი ელოდებიან სამართალდამცავი ორგანოს დასკვნას, რადგან მათ არ აქვთ საშუალება მომხდარზე წინასწარი გამოძიება აწარმოონ.

„მე ვიცოდი ზუგდიდის შემთხვევაზე, სახელი და გვარიც კი არ ვიცოდი. ვიცოდი, რომ სასულიერო პირის მამა იყო დაკავებული. გავრცელდა არასწორი ინფორმაცია თითქოს სასულიერო პირი დააკავეს, რომელიც შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო. სინამდვილე იყო ის, რომ არა სასულიერო პირი, არამედ მისი მამა იყო დაკავებული, რომელმაც ამანათი მიიღო, სადაც აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება. საპატრიარქო  ჯერ დაელოდება სამართალდამცველი ორგანოების დასკვნას. ხომ შეიძლება, ტყუილად ედავებოდნენ, ან დამნაშავე იყოს? ჩვენ არ გვაქვს საშუალება, წინასწარი გამოძიება ვაწარმოოთ“,  - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული მღვდელ-მონაზონის დაკავების ფაქტს, სასულიერო პირები ეხმაურებიან.

როგორც მღვდელი ანდრია სარია აღნიშნავს, ზოგადად ეს პრობლემა  ეკლესიაში ახალი არ არის და აუცილებელია, საპატრიარქომ მის დროულად მოგვარებაზე იზრუნოს.

"სამი წლის განმავლობაში მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა ეპარქიასთან, თუმცა უნდა ითქვას, რომ მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით წარგზავნილი იყო ათონის მთაზე და შემდგომ დაბრუნდა მშენებარე ტაძარში, რომ სამონასტრო ინსტიტუტი დაეფუძნებინა. მე რამდენადაც ვიცი, ეს პრობლემა ახალი არ არის ეკლესიაში ზოგადად და ვფიქრობ, რომ ეკლესიის ზედა რგოლში უნდა მოწესრიგდეს. სახელმწიფო ამას კარგად იყენებს იმ გაგებით, როცა ეკლესიას პრობლემა აქვს, ეკლესიის პრობლემებს ფარავს, ხოლო როცა სახელმწიფოს სჭირდება ეკლესიის დახმარება, ეკლესიაც ეხმარება. ხელი ხელს ბანს და ორივე პირს,“ - აცხადებს მღვდელი ანდრია სარია.

სასულიერო პირები აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადების გავრცელებას გეგმავენ. 

"ჩვენ ერთად ვსწავლობდით თბილისის სასულიერო სემინარიაში, შემდგომ ის გაემგზავრა ათონის წმინდა მთაზე, სადაც აღიკვეცა ბერად. ამჟამად, ის ჩვენს ეპარქიაში არ მსახურობს. რამდენიმე წლის წინ დატოვა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია.

გამოძიება დაადგენს ამ ყველაფერს, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ სასულიერო პირი ასეთ მდგომარეობაში რანაირად შეიძლება აღმოჩნდეს. ყოვლად წარმოუდგენელია. მას ვიცნობ ბავშვობიდან და გვქონდა მთელი ამ წლების განმავლობაში ურთიერთობა, ეს ჩვენთვისაც ძალიან მოულოდნელი ფაქტი იყო,“ - აცხადებს ეპარქიის მდივანი დიმიტრი ვეკუა.

საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომან მალანია, რომელსაც გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-რეალიზებას. მას დღეს სასამართლომ  აღკვეთის ღონისძიების სახით, 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. 

 

მოამზადა ლანა მრავლაძემ