ირანის ხელისუფლებამ უკრაინული ბოინგის ჩამოგდების ფაქტი აღიარა

ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი თეირანის აეროპორტთან, სამხედროების მიერ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს აღიარებს და  მომხდარს „ადამიანურ შეცდომას“ უწოდებს.

სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავის ჩამოგდება წინასწარ არ იყო განზრახული და მომხდართან კავშირში მყოფი ყველა პირი პასუხს აგებს.

ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი  სოციალური ქსელის, „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს, რომ ირანი ღრმა სინანულს გამოხატავს უკრაინული თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდებასთან დაკავშირებით.

ჰასან რუჰანის თქმით, მისი ფიქრები და ლოცვა მგლოვიარე ოჯახებთანაა.

ამასთან, ირანის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გაგრძელდება და მასში გარეული პირები პასუხს აგებენ.

„შეიარაღებული ძალების შიდა გამოძიებამ დაადგინა, რომ სამწუხაროდ ადამიანური შეცდომიდან გამომდინარე, რაკეტის გაშვებამ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნა და 176 უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. გამოძიება გრძელდება“,- წერს  ირანის პრეზიდენტი.

ირანის მხრიდან თვითმფრინავის ჩამოგდებაზე ბრალის აღიარებას Facebook- ის პირად გვერდზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და ირანის ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯისა და ბოდიშის მოხდისაკენ მოუწოდა.

ზელენსკის თქმით, ირანმა სრულფასოვანი გამოძიების ჩატარება უნდა უზრუნველყოს.

„დღევანდელი დილა კარგი არ ყოფილა, თუმცა იყო სიმართლის მთქმელი. საერთაშორისო კომისიის სამუშაოს დასრულებამდე ირანმა ბრალი აღიარა. ირანისგან ველით კომპენსაციას, გამოძიების ღიაობას და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას“, - წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი დაიღუპა.

 

გიორგი ჩაფიძე