სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს

სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების პროვოკაციული აქტივობების შედეგად, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო ინსტალაციების აღმართვა განხორციელდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს კონსულტაციები  საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უმოკლეს ვადებში გაიმართოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა, სადაც ცენტრალური ხელისუფლება კვლავ მკაცრად მოითხოვს სოფლების ჩორჩანასა და წაღვლს შორის არსებული ტყის მასივიდან უკანონოდ აღმართული ინსტალაციების დემონტაჟს.

„ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების პროვოკაციული აქტივობების შედეგად, განხორციელდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო ინსტალაციების აღმართვა, რაც უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის კონტექსტში განიხილება. აღნიშნული პროცესი წარმოადგენს იმ უკანონო აქტივობების ნაწილს, რასაც საოკუპაციო ძალები, 2011 წლიდან ახორციელებენ საოკუპაციო ხაზის მთელს  პერიმეტრზე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩორჩანას და წაღვლის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში საოკუპაციო ძალების პროვოკაციული ქმედებები, მწვავედ იქნა დასმული როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების რაუნდებზე.          

აღნიშნულთან დაკავშირებით ყოველდღიურ რეჟიმში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი. ამოქმედებულია ჩვენს ხელთ არსებული ყველა საერთაშორისო მექანიზმი. საერთაშორისო პარტნიორების მიერ, არაერთგზის დაფიქსირდა კონსოლიდირებული პოზიცია სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით“, - აცხადებენ სუს-ში.

ოკუპაციის თემას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციას აუცილებლად მოუწევს, უარი თქვას ოკუპაციაზე.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მავთულხლართების კედლები თანდათან  სულ უფრო შეუთავსებელი გახდება თანამედროვეობასთან და დაიშლება.

„ჩვენ აღვადგენთ ურთიერთობებს, აღვადგენთ ხიდებს აფხაზებთან, ოსებთან, საქართველო გაერთიანდება და ჩვენი თანამოქალაქეები და ადამიანები, რომლებიც ამ რეგიონში ცხოვრობენ აუცილებლად მიიღებენ ყველა იმ სიკეთეს, რომელიც აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს. ჩვენი ამოცანა არის რომ საქართველომ შეინარჩუნოს უსაფრთხოება, შეინარჩუნოს მშვიდობა და გავაკეთოთ საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური მობილიზაცია და მივიღოთ ყველა ზომა, რომელიც შესაძლებელია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთაან შეთანხმებით. საქართველო არანაირ პროვოკაციაში არ შევა და ასევე არავითარ დათმობაზე არ წავა თავისი სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

გიორგი ჩაფიძე