როგორ აფასებს მმართველი გუნდი ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა არსებული მთავრობა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ 20 ივნისს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი დამხობის პირას იყო, თუმცა ოპოზიციამ ეს მომენტი ხელიდან გაუშვა. მანვე დასძინა, რომ მზად არის ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე თავი შეწიროს ქვეყანას და დაამხოს ივანიშვილის რეჟიმი.

ექს-პრეზიდენტის აღნიშნულ ინტერვიუს დიდი გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით სააკაშვილის ინტერვიუ იყო შემაშფოთებელი. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები თვეების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ 20 ივნისის საღამოს განვითარებული მოვლენებს არ ჰქონდა დესტაბილიზაციის მიზანი, თუმცა მათმა ლიდერმა პირდაპირ ეთერში დაადასტურა, რომ ეს იყო ძალადობრივი შეტევა პარლამენტზე.

„მე მოვისმინე ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის ეს ინტერვიუ და რამდენიმე მომენტზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რაც ვფიქრობ შემაშფოთებელია ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან. მან პრაქტიკულად დაადასტურა, რომ 20 ივნისს საღამოს საპროტესტო აქციის ძალადობრივ ფორმებში გადასვლა, ძალადობრივი შეტევა პარლამენტზე იყო ხელისუფლების დესტაბილიზაციის მიზნით მოწყობილი, მან პრაქტიკულად თქვა, რომ ცოტაც დააკლდათ დესტაბილიზაციის დამხობით დასასრულებლად. მათმა ლიდერმა პირდაპირ ეთერში დაადასტურა, რომ მიზანი 20 ივნისის საღამოს განვითარებული მოვლენების ნამდვილად იყო დესტაბილიზაცია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამავე თემაზე კომენტარი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ერთადერთ გზად ხედავს რევოლუციას. მისივე თქმით, არსებული ხელისუფლების დამხობის სურვილი სააკაშვილის განცხადებებში ადრეც გაჟღერებულა.

„მიხეილ სააკაშვილმა ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ერთადერთ გზად ხედავს რევოლუციას, ხელისუფლების დამხობას. მსგავსი სურვილი მიხეილ სააკაშვილის და სანდრა რულოვსის განცხადებებში ადრეც“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

რაც შეეხება პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა და დაადასტურა 20 ივნისის მოვლენების გამო დაწყებული გამოძიების ლეგიტიმურობა. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, სააკაშვილმა პირდაპირ მიუთითა, რომ ხელისუფლების დამხობის მიზანთან იყვნენ ახლოს და მომავალშიც განაგრძობენ ამ გზით სვლას.

„გუშინ ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირი ეთერით მოვისმინეთ კონკრეტული დანაშაულებისთის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული და სამივე ინსტნციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მან პრაქტიკულად, აღიარებითი ჩვენება მისცა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის აღნიშნულ ინტერვიუს შეისწავლის. უწყებამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სიტყვები -„2019 წლის 20 ივნისს ივანიშვილი წკიპზე იყო. ცოტაც და დაემხობოდა ეს რეჟიმი. მაშინ, ჩემი აზრით, მომენტი გაშვებული იქნა“, წარმოადგენს საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ 2019 წლის 20 ივნისს სააკაშვილის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის აშკარა მცდელობა.