დაპირისპირება ყოფილ თანაპარტიელებს შორის - პირი, რომელიც ანრი ოხანაშვილზე მუქარის გამო დააკავეს „ოცნების“ ყოფილი წევრი ვახტანგ რობაქიძეა

ბაკურიანის ერთ-ერთ რესტორანში, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილზე, მისთვის უცნობმა ერთ-ერთმა მოქალაქემ მუქარა განახორციელა.

როგორც ოხანაშვილი აცხადებს, ის მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ბაკურიანის ერთ-ერთ კაფე-ბარში ვახშმობდა, როდესაც მას უცნობმა მამაკაცმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„მეუღლესთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად შევედი კაფე-ბარში სავახშმოდ, რა დროსაც ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის სრულიად უცნობმა მამაკაცმა გამოიჩინა ძალიან დიდი აგრესიულობა, დაიწყო შეურაცხყოფის მოყენება. ყველანაირად ვეცადე, რომ ოჯახი გამერიდებინა და უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ, ვინაიდან იყო ძალიან აგრესიული, იწევდა ჩვენსკენ და გარკვეული ნივთების გამოყენებით ცდილობდა მოახლოებას, თუმცა ხალხმაც შეაჩერა და ფაქტი აღივეთა. ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა. დაიწყო სამართლებრივი რეაგირება და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

აღნუშნულ ფაქტს პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ პირი, რომელიც ოხანაშვილს დაემუქრა ვახტანგ რობაქიძეა და ის „ლელოს“ აქტივისტია.

ამასთან, ხაზარაძე ამბობს, რომ რობაქიძე 2012-2017 წლებში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი იყო.

„ვადასტურებ, რომ ვახტანგ რობაქიძე გაწევრიანებულია „ლელოში“. აქვე მინდა ჩემი და ჩემი პარტიის სახელით განვაცხადო, რომ სრულად ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას და არაკანონიერ ქმედებას. ჩვენთვის ცნობილი არ არის დეტალები თუ რა მოხდა კონკრეტულად. ჩვენი იურისტები გაერკვევიან საქმეში და დღის ბოლოსთვის გვექნება სრული ინფორმაცია. აქვე მინდა გითხრათ, რომ 2012 წლიდან 2017 წლამდე რობაქიძე იყო „ქართული ოცნების“ წევრი და ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი. ჩვენ არ ვიცით რის გამო მოხდა ყოფილ პარტიელებს შორის დაპირისპირება. ჩვენ ვერ დავეყრდნობით მხოლოდ ოხანაშვილის ინფორმაციას, რადგან მან მთელი საქართველო მოატყუა და შესაბამისად, შეიძლება ახლაც ტყუოდეს. ამიტომ, გავერკვევით დეტალებში და მივიღებთ სათანადო ზომებს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მიმართ, რომელიც ოჯახთან ერთად ბაკურიანის ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობდა, მისთვის უცნობმა მოქალაქემ მუქარა განახორციელა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-მ  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს, ხოლო ინციდენტში მონაწილე ერთი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, რაც სამართალდამცველის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დაკავებულ პირს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით სამ დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

 

გიორგი ჩაფიძე