თბილისში სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას 80 ახალი ავტომობილი დაემატა

დღეიდან თბილისის მოსახლეობას სასწრაფო დახმარების 80 ახალი ავტომობილი მოემსახურება, რომელიც  7 მილიონ 800 ათასი ლარი დაჯდა.

თავისუფლების მოედანზე, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების 80 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, ავტომობილის გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, ქალაქ თბილისის მერი, კახი კალაძე,   საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ თალაკვაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

კალაძის თქმით, თბილისის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ცენტრი მერიის დაქვემდებარებიდან ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის.

„დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზეზი გახლავთ ის, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების 80 ახალი ავტომობილი შემოვიდა, რომელიც დღეიდან მოემსახურება თბილისის მოსახლეობას. თქვენ იცით, რომ თბილისის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ცენტრი ექვემდებარებოდა დედაქალაქის მერიას, თუმცა დღეიდან შეიძლება ითქვას, რომ ეს მიმართულება გადაეცემა ჯანდაცვის სამინისტროს და ვფიქრობ, ეს მართლაც ასე უნდა ყოფილიყო, იმიტომ, რომ მთლიანად ერთიან სისტემაში მოექცევა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიმართულება და ერთიანი მენეჯმენტის ქვეშ იქნება, რაც ძალიან ეფექტური და მნიშვნელოვანია“,- განაცხადა კახი კალაძემ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოს მასშტაბით ყველა მოქალაქე, სამედიცინო კუთხით, სრულიად უზრუნველყოფილი იყოს.

 „პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ კახის, დედაქალაქის მერიას და სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს. მინდა აღვნიშნო, მიუხედავად იმისა, რომ ეს მათი პროფილური საქმიანობა არ იყო, ისინი შეუდარებლად კარგად ახორციელებდნენ მათთვის დაკისრებულ მოვალეობას. დღეიდან სასწრაფო სამედიცინო სამსახური სრულ მართვაში ჯანდაცვის სამინისტროს გადმოგვეცა, რაც უფრო მეტად სისტემური და პროფილური იქნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, შევეცდებით და პირობას ვდებთ, რომ ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვაში უფრო ეფექტურები ვიქნებით. ის, რაც დღეს ამ მოედანზე ხდება ნამდვილად უპრეცენდენტო მოვლენაა. სამედიცინო სასწრაფო დახმარების 80 მანქანა, სრულიად თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, დღეიდან მოემსახურება ჩვენი ქალაქის მოსახლეობას და ეს არ იქნება ბოლო მოვლენა, რომელიც წლევანდელ წელს,  2020 წელს საქართველოს მოსახლეობას ელოდება. ჩვენ შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოს მასშტაბით ყველა ჩვენი მოქალაქე სამედიცინო კუთხით სრულად უზრუნველყოფილი იყოს“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

ნათია ბერულავა