ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობის დასაბრუნებლად იბრძოლებს

საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კიდევ ორი კანდიდატი წარედგინა, რომელთაგან ერთ-ერთი ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეა.

მისი კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს  საჯარო სამართლის იურიდიულმა  პირმა ,,საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა" წარუდგინა.

შოთაძის კანდიდატურას ოპოზიციის ლიდერებისგან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა ამბობს, რომ ირაკლი შოთაძის ძველ თანამდებობაზე დაბრუნება ოთარ ფარცხალაძის რეანიმაციას ნიშნავს.

მისი თქმით, ეს ივანიშვილის მორიგი თამაშია, რაც მისგან გასაკვირი არც არის.

„როგორც ჩანს, ირაკლი შოთაძეს უპირებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობას. მერე ზაზა თავაძე, რომელიც ასევე ივანიშვილის მონა-მორჩილი გახლავთ, დარჩა იქ და შესაბამისად, შოთაძე დაუბრუნდა თავის წიაღს.

შოთაძის კარიერა, ინტელექტუალური შესაძლებლობები, რეპუტაცია პროკურორის კი არა, ოპერმუშაკისასაც არ შეესაბამება. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ივანიშვილის ცინიკურ დამოკიდებულებას და აბუჩად აგდებას საზოგადოების, მერე უკვირთ რატომ მიდის მათი რეიტინგები ქვევით“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძეც გამოეხმაურა.

შოთაძის კანდიდატურას ზაზა სარალიძე ბრძოლის ველზე ღირსეულად დაბრუნებას უწოდებს და ამბობს, რომ შოთაძეს სურს, დაგვანახოს თავისი უდანაშაულობა დათუჩას მიმართ.

როგორც სარალიძე აღნიშნავს, ამ ეტაპზე გამოძიების უნდობლობის საფუძველი არ აქვს.

„მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემი ბრძოლის მთავარი მიზანი იყო დამნაშავეების სრული სიმკაცრით დასჯა. დათუჩას საქმეზე კონკრეტული ადამიანების თუ მთავრობის პასუხისმგებლობას ვაყენებდი სწორედ იმის გამო, რომ არ მქონდა სამართლიანობის განცდა, არ მქონდა შეგრძნება რომ ყველაფერი სწორად მიდიოდა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრმა ჩემი ოჯახის ტრაგედიის გამოყენება პირადი ქულების ჩასაწერადაც კი სცადა!!!

ახლაც გრძელდება ჩემი ოჯახის მიმართ, კონკრეტული პირებისგნ, უსაფუძვლო ბრალდებები!!!

ახლა საქმე მიდის სწორი მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ აღდგება სამართლიანობა და ყველა დამნაშავე აუცილებლად, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. არ მაქვს არანაირი პრეტენზია, არ მაქვს არანაირი საფუძველი რომ არ ვენდო გამოძიებას ამ ეტაპზე.

ამიტომ, ჩემთვის არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს ბატონი ირაკლი შოთაძის გენპროკურორად დაბრუბა.

ვფიქრობ,რომ ამ საქციელით მას სურს დაგვანახოს თავისი უდანაშაულობა დათუჩას მიმართ და ღირსეულად ბრძოლის ველზე დაბრუნებად შევაფასებ!!!

დაველოდები მისგან ღირსეულ ნაბიჯებს

და აუცილებლად ბოლომდე მივყვები ამ საქმეს რათა ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისაჯოს და არავინ დარჩეს დაუსჯელი!!!!!

ყველას დავაფასებ ვინც სიმართლეს დააფასებს!!!“, - წერს სარალიძე სოციალურ ქსელში.

გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას დადებითად აფასებენ მმართველ გუნდში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ირაკლი შოთაძე ის ადამიანი იყო, რომელიც სწორად წარმართავდა საქმიანობას და ძალიან ბევრი საქმე აქვს  გახსნილი.

„ეს იყო ადამიანი, ვინც სწორად წარმართავდა საქმიანობას, ძალიან ბევრი საქმე არის  გახსნილი. სამწუხაროდ, რაღაც თემებია, რომელიც, რატომღაც, არა მარტო  პროკურატურის, არამედ ნებისმიერ სხვა სფეროში პრივალირებს, ვინაიდან პოლიტიკური დაძაბულობა საკმაოდ მაღალია. რაც შეეხება მის გადადგომას, ვფიქრობ, იმ პერიოდში სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა მე პირადად ამას არ ვეთანხმებოდი, ვინაიდან მიმდინარეობდა საპარლამენტო კომისიაში მსჯელობა. მას პირადად როგორც უკვე გამოჩნდა, არათუ დანაშაული მიუძღოდა არამედ, პრაქტიკულად, სათანადო დონეზე წარმართა გამოძიება. ასე რომ, ირაკლი შოთაძეს, მე პირადად, მხარს დავუჭერ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შოთაძის კანდიდატურას მხარდაჭერას უცხადებს უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძეც.

მისი განცხადებით, ირაკლი შოთაძე თავისი საქმის პროფესიონალია, რომელმაც თავის დროზე ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო და თქვა, რომ ყველა სკამი და ყველა თანამდებობა დროებითია.

„თავის დროზე, ასევე ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო. თუ ვიღაცას მაინც უჩნდებოდა მის მიმართ კითხვა, რომ ის ხელს შეუშლიდა ხორავას ქუჩის საქმეზე გამოძიებას, მან მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება. თავისი გზავნილით თქვა, რომ ყველა სკამი და ყველა თანამდებობა არის დროებითი და თანამდებობის დატოვება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. როდესაც იქ ყველაფერი გარკვეულია, როდესაც გამოძიება მიდის და კითხვის ნიშნები პრაქტიკულად აღარ არსებობს, მან, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ ისევ იყოს კანდიდატი ამ თანამდებობაზე. ჩემი აზრით, ის არის ღირსეული როგორც კანდიდატი და როგორც ადამიანი. ის არის თავისი საქმის პროფესიონალი და მე მას მხარს დავუჭერ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე „საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ საპროკურორო საბჭოს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა წარუდგინა.

ირაკლი შოთაძე, რომელიც ერთხელ უკვე იკავებდა გენერალური პროკურორის თანამდებობას,  2018 წლის 31 მაისს პოსტი დატოვა. მის გადადგომას წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციები გამოძიების პროცესში არსებული დარღვევების გასაპროტესტებლად.

 

გიორგი ჩაფიძე