გენერალურ პროკურატურასთან გამართულ აქციაზე ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე დააკავეს

გენერალური პროკურატურის შენობასთან სამართალდამცავებმა ოპოზიციონერი აქტივისტი, ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე დააკავეს.

ზვიად კუპრავა და მისი თანამოაზრეები პროკურატურის შენობასთან გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებდნენ. პროტესტის ნიშნად კუპრავამ პროკურატურის ეზოში ბოტასები გადაყარა, რასაც მასსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზვიად კუპრავა და მასთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი პირი სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

„ბოტასები თავიდან ბოლომდე ასოცირდება პროკურატურასთან, მის რეჟიმთან, ფარცხალაძესთან, შოთაძესთან. რაც მთავარია, ერთი ადამიანის თანხმობით არ შეიძლება დაბრუნდეს და დაინიშნოს ფარცხალაძე. ორი წლის წინ ერთ ადამიანს არ გადაუყენებია შოთაძე და ათი ათასობით ადამიანი აპროტესტებდა შოთაძეს და ზოგადად იმ ტრაგედიას, რომელიც მოხდა ხორავას ქუჩაზე. შესაბამისად, შოთაძის უკან დაბრუნება არის სულში ჩაფურთხება ყველა იმ ადამიანის, იმ ათი ათასი ადამიანის, ვინც იდგა ორი წლის წინ რუსთაველზე. საზოგადოება არ დაუშვებს შოთაძის უკან მობრუნებას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის“, - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე „საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ საპროკურორო საბჭოს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა წარუდგინა, რასაც ოპოზიციის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

ირაკლი შოთაძემ, რომელიც ერთხელ უკვე იკავებდა გენერალური პროკურორის თანამდებობას,  2018 წლის 31 მაისს პოსტი დატოვა. მის გადადგომას წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციები გამოძიების პროცესში არსებული დარღვევების გასაპროტესტებლად.

 

გიორგი ჩაფიძე