განათლების სამინისტროსგან კულტურის უწყების გამოყოფას ხელისუფლება და ოპოზიცია სხვადასხვაგვარად აფასებს

განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო შესაძლოა კვლავ გაიყოს.

კულტურის უწყების დამოუკიდებლად ჩამოყალიბებას ხელისუფლება და ოპოზიცია სხვადასხვაგვარად აფასებს.

„პრაქტიკამ აჩვენა, რომ დღეს მიზანშეწონილია კულტურის სამინისტროს ცალკე არსებობა“ - ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა აღნიშნული გადაწყვეტილება.

„სწორი მენეჯმენტი და უფრო მოქნილი მართვა – ეს იყო სამინისტროების გაერთიანების ერთ-ერთი მთავარი მიზანი, თუმცა თუ პრაქტიკამ აჩვენა, რომ დღეს მიზანშეწონილია კულტურის სამინისტროს ცალკე არსებობა, ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ”, – განაცხადა კახიანმა.

აღნიშნულ თემაზე კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი ემხრობა, რომ კულტურის სფეროს ჰქონდეს ცალკე მენეჯმენტი, მართვა და კოორდინაცია სამინისტროს სახით. მისივე განმარტებით, ამ განხილვების ინიციატორი საზოგადოება და კულტურის სფეროს მუშაკები არიან.

„სამინისტროს რეორგანიზაციასთა დაკავშირებით ვადასტურებ, რომ იყო განხილვები. გუნდის დიდი ნაწილი ემხრობა, რომ კულტურის სფეროს ჰქონდეს ცალკე მენეჯმენტი, ცალკე მართვა და კოორდინაცია სამინისტროს სახით. განხილვის ინიციატორი გახდა საზოგადოების და კულტურის სფეროს მუშაკთა მომართვა პარლამენტის და მთავრობის მიმართ“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციას, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ კულტურის სამინისტროს განთლების სამინისტროსგან გამოყოფა არის არასწორი. მისივე თქმით, ყველაფერი პარტიული აპარატის დასაქმებისათვის გადადგმული ნაბიჯია.

„კულტურის სამინისტროს გამოყოფა არასწორია. მას სჭირდება მცირე ჯგუფი გონიერი ადამიანებისა, რომლებიც განსაზღვრავენ კულტურის პოლიტიკას.  ყველაფერი მიმართულია ზოგადად ძალაუფლების შენარჩუნებისთვის და კულტურაზე ცრემლების ღვრით და ვითომ სიკეთის კეთების ლოზუნგით არის საკუთარი ბიუროკრატიული და პარტიული აპარატის დასაქმებისათვის გადაგმული ნაბიჯი“,  - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ოპოზიციის კიდევ ერთი წარმომადგენლის, „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ ჯერ მოქმედებს და შემდეგ ფიქრობს. მისივე თქმით, ხელისუფლებამ განათლების და კულტურის სამინისტროების გაყოფამდე ხელისუფლების ხარჯები, შემცირების ნაცვლად, გაზარდა.

„როგორც წესი, „ქართული ოცნება“ ჯერ მოქმედებს და შემდეგ ფიქრობს ხოლმე. ეს ერთი. რაც შეეხება მეორეს, ხარჯები არ შეუმცირებიათ იქამდე, უბრალოდ, ეს გაფორმებაა იმისი, როგორი სიცრუე იყო ეს მცირე მთავრობა, რადგან ყველამ იცით, რომ ისინი ხარჯებს ზრდიან და აქვთ მსოფლმხედველობა, რომ ისინი არიან მშობლები, სინამდვილეში კი არიან ცუდი ძიძები. უნდათ, რომ ხალხის ბევრი ფული წაიღონ და მერე თვითონ ხარჯონ. ფული იხარჯება კორუფციაზე ან მვნებლურ ინიციატივებზე იმის ნაცვლად, რომ თავისუფლება მისცენ ადამიანებს, რომ თავისი მოპოვებული შროით ჯიბეში რა ფულიც აქვთ, თვითონ გადაწყვიტონ საკუთარი ცხოვრება“, - განაცხადა ბოკერიამ.