როგორ აფასებს ხელისუფლება და ოპოზიცია კონგრესმენების მიერ გახარიასთვის გაგზავნილ წერილს

საქართველოს მთავრობამ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მაღალი რანგის კონგრესმენების წერილი გამოაქვეყნა, რომელიც მათ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გაუგზავნეს. წერილის შესახებ გუშინ, კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებით გახდა ცნობილი.

წერილში, რომელიც 21 იანვრით არის დათარიღებული, გამოხატულია მკვეთრი კრიტიკა და შეშფოთება საქართველოში დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდების და აღნიშნულის თანმდევი ძალადობის გამო, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.

კონგრესმენების განცხადებით, ასევე საგანგაშოა ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზირებაც. ასევე წერილში აღნიშნულია, რომ კონგრესმენები შეწუებულნი არიან პროკურატურის მიერ ქართული ოცნების ოპონენტების წინააღმდეგ დაწყებული, თუ განახლებული საქმეებით.

კონგრესმენების კრიტიკას ოპოზიცია და ხელისუფლება განსხვავებულად აფასებს. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, ასეთი მძაფრი გზავნილები მას არ ახსოვს. როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია ყველა იმ ძალის კონსოლიდირება, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საქართველოს მომავალი რუსეთში არ არის.

„ძალიან ნათელია ამ გზავნილების სიმძაფრე. ასეთი მძაფრი გზავნილები მე უბრალოდ არ მახსოვს. არ მახსოვს, რადგან როდესაც მოდიოდა კრიტიკა დასავლეთიდან, ნებისმიერი ხელისუფლების დროს იქ ისხდნენ პოლიტიკოსები, რომლებსაც ესმოდათ რა სიმძიმისაა შენი პარტნიორისგან ასეთი რთული შეფასება. აუცილებელია კონსოლიდირება ყველა იმ ძალის, რომლებსაც მიაჩნიათ რომ საქართველოს მომავალი არ არის რუსეთში, არ არის ავტორიტარიზმში და არ არის წარსულში დაბრუნებაში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ აღნიშნულს კრიტიკის ქარ-ცეცხლს ვეღარ უწოდებს, რადგან შოლტი შოლტზეა, რომელსაც ყოველდღიურად იღებს „ქართული ოცნება“ და არა საქართველო. მისივე თქმით, აშშ და ევროკავშირი თანხმდება, რომ საქართველოში დესტაბილიზაციის ფაქტორი პირადად ბიძინა ივანიშვილია.

"ამას კრიტიკის ქარ-ცეცხლიც აღარ შემიძლია ვუწოდო, ფაქტობრივად, შოლტი-შოლტზე, რომელსაც იღებს ყოველდღიურად "ქართული ოცნება" და არა საქართველო. "ქართული ოცნების" ხელისუფლება და პირადად ივანიშვილი, რომელსაც იღებს საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ამერიკელი კონგრესმენების წერილი შესაძლოა საქართველოს მიმართ ამერიკული პოლიტიკის შეცვლის საფუძველი გახდეს. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ წერილის უგულებელყოფით ცდილობს ქვეყანა პარტიულ ინტერესებს გადააყოლოს.

„კონგრესის ქვედა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ორი თანათავმჯდომარის წერილი რეალურად შეიძლება გახდეს ის საფუძველი, რომელიც მიგვიყვანს საქართველოს მიმართ ამერიკული პოლიტიკის შეცვლამდე და როდესაც საქართველოს ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ ცდილობს ამ წერილის უგულებელყოფას და უბრალო არითმეტიკამდე დაყვანას, რომ რას ნიშნავს, ან რას ცვლის 4 კონგრესმენის აზრი, ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ მზადაა, საკუთარი პარტიული ინტერესისთვის, საკუთარი სკამებისთვის მთელი საქართველო გადაიყოლოს იმ უფსკრულში, რომელშიც ის, როგორც პარტია, უკვე დიდი ხანია მიექანება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ კონგრესმენების წერილის შინაარსში არის გარკვეული კრიტიკა, თუმცა ადგილი აქვს ასევე უზუსტობებსაც.

„წერილის შინაარსში, ცხადია, აქ არის გარკვეული კრიტიკა, თუმცა ვფიქრობ, რომ ის შეიცავს გარკვეულ უზუსტობებს. მიმაჩნია, რომ ჩვენ მიერ დაგეგმილი ვიზიტების შემდეგ, რაც უახლოეს მომავალში განხორციელდება და მიეწოდებათ ამომწურავი ინფორმაცია, შეფასებები იქნება ობიექტური და პოზიტიური“, - განაცხადა იონათამიშვილმა.