სასიკვდილო ვირუსი, რომელიც მსოფლიოს ედება - კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

უკანასკნელი მონაცემებით, ჩინეთში,  აღნიშნული ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ  41-მდე მიაღწია. ინფიცირებულთა რიცხვი კი უკვე  1 200-ზე  მეტს შეადგენს.

აღნიშნულ ინფორმაციას, ჩინურ მედიაზე დაყრდნობით „როიტერსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გარდაცვლილთა შორის არის ექიმი, რომელიც დაავადებულ პაციენტებს მკურნალობდა.

ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის 13 ქალაქი ბლოკადაშია მოქცეული. ასევე, ვირუსის გამო, ჩინეთში საახალწლო ღონისძიებების ნაწილი გაუქმდა.

გავრცელებული ვირუსი უკვე დააფიქსირეს ევროპაშიც. ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, კიდევ ორი კი პარიზში.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა ავსტრალიაშიც.

რაც შეეხება საქართველოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ე.წ. კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს.

როგორც ის აღნიშნავს, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის კლასიფიკაციით საქართველო ე.წ მწვანე, ანუ დაბალი რისკის ზონაშია.

მისივე თქმით,  ქვეყანაში ყველაფერი კეთდება, რათა ინფექციის შემოტანის პრევენცია მოხდეს.

„პანიკის საფუძველი არ არის. საქართველო ამ ეტაპზე რჩება ე.წ. მწვანე ზონაში ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის კლასიფიკაციით, ანუ დაბალი რისკის ზონაში, თუმცა, რა თქმა უნდა, რადგან მიმოსვლა ჩინეთთან არის და ყოველთვიურად დაახლოებით 4-დან 5 ათასამდე ადამიანი შემოდის ჩინეთიდან, რა თქმა უნდა, რისკი ინფექციის შემოტანისა, არის, ამიტომ ქვეყანაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოვახდინოთ პრევენცია ინფექციის შემოტანის. შემუშავებულია შესაბამისი ალგორითმი, შემოსავლების სამსახურს დაურიგდა სამ ენაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჩვენ მიერ შემუშავებული ტექსტი რეკომენდაციებისა, რომელიც ურიგდება ჩინეთიდან და განსაკუთრებით ქალაქ უჰანიდან შემოსულ ყველა ადამიანს, ასევე იმ პროვინციიდან რომლის დედაქალაქის უჰანია. საჭიროა, რომ ისინი გაეცნონ და თუ უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ან შემოსვლიდან შემდგომი ორი კვირის გამავლობაში განუვითარდებათ სიმპტომები - მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ხველა, აუცილებელია, რომ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს, მათ შორის გამოყოფილია ოთხი სამედიცინო დაწესებულება - თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოები, სადაც სრულად მოემსახურებიან და გაუწვენ სამედიცინო დახმარებას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია არსებულ კორონოვირუსს განიხილავს,როგორც პოტენციურ ებოლას და გვირჩევს მოგზაურობისგან თავის შეკავებას. 22 იანვარს შედგა შეხვედრა სადაც გადაწყვეტენ არსებული ვირუსი წარმოადგენს თუ არა მსფლიო მნიშვნელობის საფრთხეს ჯანდაცვის სისტემაში.

ცნობისთვის, კორონავირუსი თავდაპირველად ჩინეთის ქალაქ ვუჰანში გავრცელდა. მოგვიანებით კი მისი გავრცელების არეალი გაფართოვდა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებსაც მოედო. ვირუსის სიმპტომებად მაღალი ტემპერატურა, დაღლილობა, მშრალი ხველა და სუნთქვის გაძნელება სახელდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, რენდგენის დასხივების შედეგად ვლინდება ორივე ფილტვის ანთების ნიშნები, მაგრამ ამასთანავე კვლევების თანახმად დაავადებულთა გარკვეულ რიცხვს მსგავსი სიმპტომები არ აღენიშნება.