თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა - მოკლულის ოჯახი და ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ

პროკურატურამ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

ამის შესახებ დღეს, პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი.

აღნიშნული განცხადებით ირკვევა, რომ გამოძიებამ თემირლან მაჩალიკაშვილსა და ტერორისტებს შორის უშუალო კავშირი დაადგინა.

ამასთან, უწყების განცხადებით, დადასტურდა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია.

მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პროკურატურის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

როგორც მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, ის ელოდა ასეთ გადაწყვეტილებას, რადგან პროკურატურა ორი წლის განმავლობაში თემირლან მაჩალიკაშვილის დადანაშაულებას ცდილობდა. მისი თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება არასდროს არ ყოფილა დაწყებული.

„ორი წლის განმავლობაში სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ ყოველთვის იყო მცდელობა, რომ დაედანაშულებინათ თემირლან მაჩალიკაშვილი. მაგრამ როგორც ასეთი ეს არ გამოსდიოდათ .იმისთვის ყველაფერს აკეთებდნენ,რომ საზოგადოებას დაენახა ,რომ თემირლანი იყო დამნაშავე და ისინი მოიქცნენ სწორად.სანამ საუბარს დავიწყებდი ერთი კითხვა მაქვს,იყო ოდესმე გამოძიება დაწყებული?არა,გამოძიება არც დაწყებული იყო და არც ესაჭიროებოდა გამოძიება. ვიყავით ორი რაღაცის წინაშე ,მათ უნდა გაემართლებინათ თავის საქციელი, მე უნდა მებრძოლა იმისთვის, რომ დამემტკიცებინა,რომ ისინი ძალიან მწარედ იტყუებიან და ძალიან მწარედ შეჰყავთ საზოგადოება ტყუილში.მე ამას ველოდი,ამიტომ მე არასდროს არ მქონდა იმისი შეგრძნება, რომ რამე ახალს იტყოდნენ.დღეს შეწყდა გამოძიება,მაგრამ ახალი რა ითქვა?ეს ყველაფერი არის აბსურდი“,- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

პროკურატურის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც.

როგორც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, იმ გამოძიების დახურვა, რომელსაც ისედაც არ ჰქონდა ნდობა, არსებულ კრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებს.

ამასთან, სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ მაჩალიკაშვილის ოჯახი ღრმად შეურაცხყოფილია იმ დასკვნით, რაც პროკურატურამ დადო.

„საზოგადოებამ თავიდანვე უნდობლობა გამოუცხადა საგამოძიებო პროცესს, რომელსაც წარმართავს ხელისუფლება. სწორედ ამიტომ და ასევე, მაჩალიკაშვილის ოჯახის თხოვნით, წარვადგინეთ ინიციატივა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. გამოძიების დახურვა, რომელსაც ისედაც არანაირი ნდობა არ ჰქონდა და ის დასკვნა, რაც ვნახეთ, მხოლოდ გაამწვავებს ამ კრიზისს.

დარწმუნებული ვარ, მაჩალიკაშვილის ოჯახი ღრმად შეურაცხყოფილია იმ დასკვნით, რაც პროკურატურამ დადო“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პროკურატურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უტიფარი უწოდა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, არსებობს უდიდესი ეჭვი, რომ მოხდა მტკიცებულებების გაყალბება და გარემოებების ყალბად წარმოჩენა.

„კიდევ ერთი უტიფარი საქციელია, როგორც წარმართეს მთელი ეს საქმე, ამდენი ხნის განმავლობაში, ამდენი გაურკვევლობით და უტიფარი ზოგადი პასუხით, მაშინ როდესაც საფუძვლიანი ეჭვები არსებობს და არა იმიტომ, რომ დაღუპულის ოჯახი ამბობს ამას, მარტო მას არ უდნა ვეყრდნობოდეთ, სხვა ყველა გარემოებიდან გამომდინარე, რომ ეს ფატალური შემთხვევა იყო გამოწვეული, იმითი, თუ როგორ იყო დაგეგმილი ოპერაცია და უკვე შემდეგ, უდიდესი ეჭვი არსებობს იმისა, რომ მოხდა გაყალბება მტკიცებულებების და გარემოებების წარმოჩენა ყალბად“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

გიორგი ჩაფიძე