ამ ტრაგედიის შემდეგ როგორ დაიძინებს ბაღდათი, მერი გუბერნატორი და მთლიანად საქართველო

ტრაგედია იმერეთში - ბაღდათში ხანძარს ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია დედა ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად. არსებული ინფორმაციით, ქალი ფეხმძიმედ იყო. კიდევ ერთი გარდაცვლილი ქალი ოჯახის ახლობელია. თითქმის სრულადაა დამწვარი ორსართულიანი ხის სახლი.

სოციალურად დაუცველი ოჯახი სახლში თვითნებურად იყო შესახლებული. ადგილზე 25 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

"სოციალურად დაუცველები იყვნენ. ახლა კივილზე გამოვედით ჩვენც, არაფერი არ ვიცოდით, სახლს ეკიდა ცეცხლი და როგორც გვითხრეს არის დედა, ოთხი შვილი, ერთ-ერთი ქალი. მეუღლე და ბავშვების ბებია გამოსული იყვნენ სახლიდან. ბებია მაღაზიიდან მოვიდა, როცა შეესწრო ამ მდგომარეობას და ვერ მოასწრო ვერც ერთის გადარჩენა. სახლი არის ხის და ამიტომ ხის სახლს ადვილად მოეკიდა ცეცხლი და როგორ მოეკიდა არაფერი ვიცი," - განაცხადა თვითმხილველმა შორენა მსხვილაძემ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსის ვლადიმერ ჩივაძის თქმით, სახანძრო ჯგუფი შეტყობინების შესვლიდან 2 წუთში ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა ხის სახლი მთლიანად ცეცხლის ალში გახვეული დახვდათ.

"მეხანძრე-მაშველები შეტყობინების შემოსვლიდან ორ წუთში გამოცხადდნენ ხანძრის ადგილზე. დახვდათ შემდეგი სურათი: სახლი დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლეზე არის ბელეტაჟის ტიპის, ხოლო დანარჩენი სახლი არის ხის. მთლიანად ცეცხლის ალში იყო სახლი გახვეული. სახლში აღმოჩენილ იქნა ორი ქალბატონის გვამი და ოთხი მცირეწლოვანი ბავშვის," - განაცხადა ვლადიმერ ჩივაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი წოწკოლაურის თქმით, ბაღდათში მცხოვრებ ოჯახს, რომლის 5 წევრი გუშინ ხანძრის დროს გარდაიცვალა, სოციალური დახმარება გადამოწმების მიზნით ოქტომბერში შეუჩერდა და დეკემბერში აღუდგა.  

"2019 წლის ოქტომბრის თვეში, მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მოხდა ოჯახის გადამოწმება, გამომომდინარე იქიდან, რომ მათ არ გააჩნდათ კომუნალურ გადახდებზე აბონენტის ნომერი. ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად განხორციელდა მათი ხელახალი გადაფასება. დეკემბრის თვეში აღმოიფხვრა აღნიშნული ხარვეზი და მათ მიიღეს სამივე თვის განაცდური ერთიანად. 2020 წლის იანვრის თვეში მათ დაერიცხათ ის შემწეობა, რომელიც ეკუთვნოდათ" - ამბობს წოწკოლაური და აღნიშნავს, რომ ოჯახი სოციალური გასაცემლის სახით 1330 ლარს იღებდა.

"აქედან საარსებო შემწეობა იყო 680 ლარი. ასევე, ოჯახის ორ წევრს მინიჭებული ჰქონდა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და შესაბამისად იღებდნენ სოციალურ პაკეტს - თითოეული 140 ლარის ოდენობით. ოჯახის ერთ წევრს, ასაკით პენსიონერს სახელმწიფოსგან 220 ლარი ერიცხებოდა. ოჯახი, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ყოველთვიურ დახმარებას 150 ლარს იღებდა" - განმარტავს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ბაღდათში მცხოვრებ ოჯახს, რომლის 5 წევრი გუშინ ხანძრის დროს გარდაიცვალა, სოციალური დახმარება გადამოწმების გამო შეჩერებული ჰქონდა. 

"საკუთარ სახლში მათ მიიღეს და იღებდნენ სოციალურ დახმარებას. შემოსავალი, რაც მათ ჰქონდათ, იყო მხოლოდ სოციალური პაკეტი. დახმარება მოხსნილი არ ჰქონდათ. უბრალოდ, 4 წლის შემდეგ პერიოდულად ხდება იმ ოჯახების გადამოწმება, ვინც სოციალურ დახმარებას იღებს. სწორედ ამის გამო იყო შეჩერებული სოციალური დახმარება და არა მოხსნილი",- თქვა შალამბერიძემ 

EMC ეხმაურება და მწუხარებას გამოთქვამს 3 თებერვალს ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც 2 ქალი და 4 არასრულწლოვანი ემსხვერპლა.

„ბაღდათში მომხდარი ტრაგედია ყველაზე ცხადად აჩვენებს სიღარიბის დამანგრეველ შედეგებს, რომელსაც არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა აწარმოებს.

სოციალური დაცვის არსებული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს სოციალურ სიდუხჭირეში მყოფი ადამიანების რეალურ გაძლიერებას და მათ მხარდაჭერას, დაძლიონ სიღარიბე და სოციალური მოწყვლადობა. არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ სოციალური უზრუნველყოფის საბიუჯეტო წილის ყოველწიური ზრდის მიუხედავად მოსახლეობის ფარდობითი სიღარიბე თითქმის უცვლელი რჩება]. ამასთან, UNICEF-ის კვლევის თანახმად, ბავშვიან შინამეურნეობებში სიღარიბის მაჩვენებლები უფრო მაღალია. “ – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

განცხადების მიხედვით, სოციალური დაცვის სისტემაში რესურსების სიმწირესთან ერთად, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის ხარვეზიანობა, იმდენად, რამდენადაც აღნიშნული მეთოდოლოგიით ვერ ხერხდება სოციალურად მოწყვლადი შინამეურნეობების ეფექტიანი გამოვლენა.

EMC მომხდარზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს და მთლიანად საზოგადოებას აკისრებს, რამდენადაც ქვეყანაში არსებული უმწვავესი პრობლემების დაუნახაობას, სახელმწიფოს უმოქმედობასა და საზოგადოების გულგრილობას ლეტალურ შედეგამდე მივყავართ.