რა შეფასებებს აკეთებს ხელისუფლება ბაღდათში მომხდარ ტრაგედიაზე

ტრაგედიამ იმერეთში, კერძოდ კი ბაღდათში ექვსი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაღუპულთა შორის 4 მცირეწლოვანი და დედაა, რომელიც არსებული ინფორმაციით ფეხმძიმედ იყო. კიდევ ერთი გარდაცვლილი ქალი ოჯახის ახლობელია.

სოციალურად დაუცველი ოჯახი სახლში თვითნებურად იყო შესახლებული. ადგილზე 25 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

აღნიშნულმა ტრაგედიამ პოლიტიკური დღის წესრიგი შეცვალა. ოპოზიციამ, რომელიც პარლამენტის პიკეტირებას აანონსებდა, დაგეგმილი საპროტესტო ღონისძიება გააუქმა და მოუწოდა მმართველი გუნდის დეპუტატებს, რომ ჩანიშნული პლენარული სხდომა გადადებულიყო, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ პირველი საგაზაფხულო სესია წუთიერი დუმილით გახსნა.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ პარლამენტის სესიასთან ამ საკითხის დაკავშირება „სპეკულაციის პიკია, რომელსაც არ აქვს კავშირი მორალთან“. მისივე თქმით, ბაღდათში მომხდარი ტრაგეთიით სპეკულირება არ არის საჭირო, არასწორია და შეურაცხყოფაა იმ ადამიანების, ვინც გარდაიცვალა.

„ეს არის თემა, რომელიც მნიშვნელოვანია მორალურადაც და დასკვნებია გასაკეთებელი, რა მოხდა. შესასწავლია საკითხი. ამის დაკავშირება სესიასთან არის სპეკულაციის პიკი, რომელსაც მორალთან კავშირი არ აქვს, არც იყო მოსალოდნელი, რამე მორალურობაზე აქ ლაპარაკი ზედმეტია. კომიტეტი არ არის, დარგი არ არის, საკითხი არ არის ისეთი, რომლის განხილვაც საგანგებო მნიშვნელობის არ იყოს ჩვენი მოსახლეობისათვის – სოფლის მეურნეობა იქნება ეს, ადგილობრივი თვითმმართველობა, საგარეო თუ სხვა საკითხები. იმდენად საინტერესო და მნიშვნელოვანი თემებია, რომ ბოიკოტირება ამ შემთხვევაში არის ამ საკითხების წინააღმდეგ მიმართული და არა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

აღნიშნულ თემაზე კომენტარი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემაც გააკეთა და განაცხადა, რომ დილიდან ამ ტრაგედიით მანიპულირება დაიწყო. მისივე ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები გააკეთებენ განმარტებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა დახმარება ეწეოდა ოჯახს.

„ხანძარი და შიმშილი ერთმანეთთან არაფერ შუაში არ არის. ცალკე აღებული როდესაც ტრაგედიით მიდის ხოლმე მანიპულირება, სოციალურ ქსელებში დღეს დილიდან დაიწყო ამ ტრაგედიით მანიპულირება. ამ დროს ჩვენ შეგვიძლია თამამად მივუთითოთ, რომ შესაბამისი სამსახურები ძალიან მალე, თუ უკვე გაკეთებული არ აქვთ, გააკეთებენ განცხადებას, რა დახმარებები გაეწეოდა ამ ოჯახს, რაში იყო საქმე, რამდენად იყო ხოლმე დამატებითი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე გამოეხმაურა მომხდარს და აღნიშნა, რომ გარდა სოციალური შემწეობისა, რაც გაიცემა თითოეულ წევრზე, მათ შორის ბავშვებზე, ბავშვებს დამატებით კიდევ ეძლევათ 50 ლარის ოდენობის დახმარება.

„რას აკეთებს სახელმწიფო, ბოლო პერიოდში განხორციელებულ ინიციატივებს გეტყვით. ესაა სოციალურად დაუცველ ბავშვიან ოჯახთათვის, გარდა სოციალური შემწეობისა, რაც გაიცემა თითოეული წევრზე მათ შორის ბავშვზე, ბავშვებს დამატებით კიდევ ეძლევათ 50 ლარის ოდენობით დახმარება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.