ეუთო/ოდირმა ოპოზიცია დატუქსა - რა შეფასებებს აკეთებენ მმართველ გუნდში

მმართველი გუნდი ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ეხმაურება. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ოდირმა მიანიშნა ოპოზიციას, რომ ე.წ გერმანული მოდელი კონსტიტუციურობას ვერ შეაფასებს. გარდა ამისა, დასკვნაში ნათქვამია, რომ როგორც პროპორციული, ისე სრულად მაჟორიტარული და ასევე შერეული საარჩევნო სისტემები სამართლიანია.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აღნიშნულმა დასკვნამ ოპოზიციის „ორმაგი არაკომპეტენტურობა“ დაადასტურა და მიანიშნა ოპოზიციას, „როგორც პატარა ბავშვებს“, რომ ეს დოკუმენტი მათთან არ უნდა გაეგზავნათ.

ოპოზიციამ მიიღო პასუხი ოდირისგან იმის თაობაზე, რომ კანონპროექტის კონსტიტუციურობის დადგენა არ არის ოდირის პრეროგატივა. ანუ არის ძალიან მარტივი პასუხი, რომელიც გამოიგზავნა ოდირის მხრიდან, რომ ის ვერ შეაფასებს კანონპროექტის კონსტიტუციურობას. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ოპოზიციის არაკომპეტენტურობა ორი მიმართულებით.   ოდირში, გაიგზავნა ისეთი დოკუმენტი ისეთი თხოვნით, რომელიც არ უნდა გაგზავნილიყო. ამაზე, როგორც პატარა ბავშვებს, მიანიშნა ოდირმა, ჩვენს ოპოზიციას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ეუთო/ოდირმა ოპოზიცია ძალიან მძიმედ დატუქსა. მისივე თქმით, ოდირის შეფასებით ქვეყანაში ოპოზიცია არაკომპეტენტურია, რაც უხერხული ფაქტია.

„ძალიან დიდი სირცხვილია. ეუთო/ოდირმა ოპოზიცია ძალიან მძიმედ დატუქსა. ძალიან სამწუხაროა, შეიძლება ეს ჩემი მხრიდან, როგორც სუბიექტური ადამიანის მხრიდან, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ოპოზიციაზე რაღაც გამარჯვება იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც ქვეყანაში გყავს ოპოზიცია, რომელიც ეუთო/ოდირის შეფასებით არის ძალიან არაკომპეტენტური, ეს არის ზოგადად, უხერხული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, სამარცხვინოა, რომ ოდირს დამოუკიდებელი საქართველოს ოპოზიციისთვის მოუწია იმის შეხსენება, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა. მისივე თქმით, ბოკერიას, რომელიც საარჩევნო სისტემის პროექტის ოდირში გაგზავნით „იმუქრებოდა“, უთხრეს, რომ ამ კანონპროექტის კონსტიტუციურობის შემოწმება მათი პრეროგატივა არ არის.

„როდესაც ბატონი ბოკერია თითს აქნევდა მოლაპარაკების მაგიდასთან და ამბობდა, რომ თქვენ თუ არ დათანხმდებით ამას, ქვა-ქვაზე არ დარჩება, იქნება ერთი ამბავი და ოდირში გავაგზავნით ჩვენს პროექტს. მე მას ვუთხარი, რომ ოდირი არ ამოწმებს ამა თუ იმ პროექტის კონსტიტუციურობას. რაზეც მან წამოიწყო ცუდ-უბრალო ქირქილი. დღეს ოდირი თვითონ ეუბნევა ბატონ ბოკერიას, რომ მე არ ვარ ის ორგანო, ვინც შეამოწმებს კონსტიტუციურობასო. სამარცხვინოა, რადგან ოპოზიციამ აჩვენა თავისი უცოდინრობა. ისიც ვერ გაიგო, სად უნდა გააგზავნოს პროექტი. სამარცხვინოა, რომ ოდირს დამოუკიდებელი საქართველოს ოპოზიციისთვის მოუწია იმის შეხსენება, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილის განცხადებიტ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურა ხელოვნურ სუნთქვაზეა. ოხანაშვილმა ოპოზიციას „უნიათო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ისინი „ტყუილსაც ვეღარ ამბობენ“.

 „უნიათო ოპოზიციურ ჯგუფებთან გვაქვს საქმე, რომელბმაც ტყუილის სწორად გაყიდვაც ვერ ისწავლეს და ის, რომ მთელი მათი მმართველობის პერიოდში საზოგადოებას ტყუილის ქვეშ აცხოვრებდნენ და ფასადურ დემოკრატიას სთავაზობდნენ, იმდენად უნიათოები არიან, რომ ტყუილსაც ვეღარ ამბობენ და ყოველ წამს ცვლიან. ერთს გეტყვით, რომ პოლიტიკურად ხელოვნურ სუნთქვაზეა „ნაციონალუი მოძრაობა“, ტაიმერი ჩართულია პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყო დღეს. ეს დასკვნა არის ამის მიმანიშნებელი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.