ვწყვეტთ ყველანაირ მოლაპარაკებებს პირსისხლიან ივანიშვილთან - რა შეფასებებს აკეთებს ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავებაზე

გუშინ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით „ევროპული საქართველოს“ ლიდერს, გიგი უგულავას 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მას ბრალი ე.წ ფონდის საქმეზე სახელმწიფო თანხების გაფლანგვაში ედება.

„თავისუფლების გზა თუ გადის ციხეზე, მზად ვარ მეასეჯერ წავიდე იქ“ - ასე გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას თავად უგულავა და აღნიშნა, რომ უვიცმა და უდიპლომო მოსამართლეებმა ივანიშვილის ბრძანება შეასრულეს.

„ეს არის უსამართლო, პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო პირადად ივანიშვილმა. ივანიშვილმა ეს სასჯელი უვიცი გაბინაშვილისა და უდიპლომო თადუმაძის ხელით მომისაჯა. თავისუფლების გზა თუ გადის ციხეზე მზად ვარ მეასეჯერ წავიდე ციხეში“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, საარჩევნო სისტემის ახალ მოდელზე მსჯელობისას გახდა ცნობილი. როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, ოპოზიცია წყვეტს ყველანაირ მოლაპარაკებებსა და რაუნდებს პირსისხლიან ივანიშვილთან და გადადის სახალხო დაუმორჩილებლობაზე.

„ჩვენ ვწყვეტთ ყოველგვარ მოლაპარაკებებს, რაუნდებს და  კონსულტაციებს პირსისხლიან ივანიშვილის რეჟიმთან და გადავდივართ სახალხო დაუმორჩილებლობის მომზადებაზე, ივანიშვილს ელოდება სახალხო სამსჯავრო. ვიწყებთ კონსულტაციებს და მზადებას დიდი სახალხო ქუჩის ტალღის აგორებისთვის“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, უგულავას დაკავება მშიშარა კაცისა და პროკურატურას ფორმალურად, ზურგს უკან ამოფარებული ქოც-ბანდიტების გადაწყვეტილებაა. ვაშაძემ მიმართა ხელისუფლებას და აღნიშნა, რომ 2020 წელს მმართველი გუნდი აღსასრულს უნდა ელოდოს.

„ეს ნაბიჯი არის მშიშარა კაცისა და სასამართლოს და პროკურატურა ფორმალურად, ზურგს უკან ამოფარებული ქოც-ბანდიტების გადაწყვეტილება. მივმართავ მათ, გეშინოდეთ, არც ერთი ნაბიჯი უკან და მხოლოდ და მხოლოდ აგრესიულ და მწვავე შეტევაზე გადავალთ. წელს, თქვენი აღსასრულის წელია, იცოდეთ, რომ დაგამთავრებთ“ , - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ გიგი უგულავას მიმრთ გამოტანილი განაჩენი, სინამდვილეში „ქართული ოცნების“ განაჩენია, რომელიც მას ძვირად დაუჯდება. მისივე თქმით, ხელისუფლებამ მოსპო პოლიტიკური სივრცე მოლაპარაკებებისთვის, რასაც მოჰყვება დიდი საპროტესტო ტალღები და მმართველი გუნდი ამისთვის პოლიტიკურ ფასს გადაიხდის.

„დღეს ხელისუფლებამ მოსპო პოლიტიკური სივრცე შეთანხმებების და მოლაპარაკებიბების, ამიტომ ოპოზიციას შეუძლია მიიღოს ერთადერთი გადაწყვეტილება, რომ დღეიდან გიგი უგულავას განაჩენის დადგომის მომენტიდან წყდება ყოველგვარი მოლაპარაკება . ჩვენ გვქონდა ჩვენი კომპრომისული ვარიანტებიც, გვქონდა შეთავაზებებიც, ვფიქრობდით შეთანხმებაზეც დასრულებულია. ეს ყველაფერი და გიგი უგულავას განაჩენი სინამდვილეში არის „ქართული ოცნების“ განაჩენი , რომელიც მას ძალიან ძვირად დაუჯდება ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.