მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიცია ელოდებოდა საბაბს, ამოეყირავებინა მოლაპარაკებების მაგიდა

გუშინ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგი უგულავას 3 წლითა და 2 თვით პატიმრობა შეეფარდა.

ოპოზიცია, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, საარჩევნო სისტემის ახალ მოდელზე მსჯელობისას გაიგო და განაცხადა, რომ წყვეტს ყველანაირ მოლაპარაკებებს მმართველ გუნდთან და გადადის სახალხო დაუმორჩილებლობაზე.

ოპოზიცია ელოდა საბაბს, რომ ამოეყირავებინა მოლაპარაკებების მაგიდა - ასე აფასებს უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის გადაწყვეტილებას, შეწყვიტოს მოლაპარაკებები მმართველ გუნდთან.

გუშინ, პრაქტიკულად მთლიანი ოპოზიციური სპექტრი ელოდებოდა საბაბს, რომ ამოეყირავებინათ მოლაპარაკებების მაგიდა, რომელთანაც დასხდომაზე მოგვიწოდებდნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. მათ უგულავას დაჭერის გადაწყვეტილებით მიეცათ საბაბი, ისინი არ უწევენ ანგარიშს რეალობას, ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი მოუწოდებს ოპოზიციას კონსენსუსისკენ. მისი თქმით, ოპოზიციას სცენარი წინასწარ ჰქონდა შემუშავებული და ეძებდნენ მიზეზს, რადიკალური განცხადებების გასაკეთებლად.

„ქვეყნის თითოეული მოქალაქე გრძნობდა, რომ ჩვენი ოპონენტები მოლაპარაკებების მაგიდასთან იყვნენ ჩიხში მისულები, არ ჰქონდათ სურვილი, რომ შემდგარიყო კონსენსუსი და მიზეზს ეძებდნენ რადიკალური განცადებების გასკეთებლად. როგორც ჩანს, სცენარი წინასწარ ჰქონდათ შემუშავებული, უარი ეთქვათ მოლაპარაკებებზე. მათ კონსენსუსისკენ მოვუწოდებ. კონსენსუსი არ არის ცალმხრივი პროცესი, ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, უპირველესად - საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ ის არ ჩაერთვება მოლაპარაკებებში, პირველ რიგში დააზიანებს ქვეყნის იმიჯს. მისივე თქმით, თუ ვერ მოხერხდა კონსენსუსის მიღწევა, მაშინ არჩევნები ჩატარდება არსებული, შერეული სისტემით.

„თუ ისინი უარს იტყვიან და არ ჩაერთვებიან ამ მოლაპარაკებებში, რაც სამწუხაროა და ძალიან ცუდია, ეს პირველ რიგში აზარალებს ზოგადად ქვეყნის იმიჯს, ცუდია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ყველანაირი თვალსაზრისით. კარგი იქნებოდა, მომხდარიყო კონსენსუსის მიღწევა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, თუმცა თუ ვერ მოხერხდება ეს მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, არჩევნები ჩატარდება არსებული შერეული სისტემით“,- განაცხადა კახა კალაძემ.