გაერთიანებულმა ოპოზიციამ 4 აპრილს, რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია დააანონსა

ოპოზიციის ლიდერები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, დახურულ კარს მიღმა მსჯელობდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლიდერებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ 4 აპრილს, 4 საათზე, რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია გაიმართება.

„ეს იქნება დიდი, საკვანძო აქცია, სადაც ოპოზიცია წარვსდგებით ჩვენი კონკრეტული სტრატეგიით“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, 4 აპრილის მასშტაბურ აქციამდე გაგრძელდება პიკეტირებები და სხვადასხვა აქციები.

„4 აპრილს, რუსთაველზე იქნება დიდი აქცია საზოგადოების, ოპოზიციის, აქტიური მონაწილეების დაორგანიზებით. აქციაზე,   ჩვენ წარვსდგებით ჩვენი სტრატეგიით, გეგმით და კონკრეტული შეთანხმებებით, რომლებსაც მივაღწევთ იქამდე და ეს პროცესი დაწყებულია. რეგიონებში იქნება გასვლები, იქნება პიკეტირება, რეგიონში გასვლები და სხვადასხვა აქციები. 4 აპრილის აქცია იქნება საკვანძო, სადაც დემოკრატიული ოპოზიცია წარსდგება კონკრეტული ხედვით, თუ როგორ მოხდება ბრძოლის გაგრძელების ისე, რომ პოლიტიკური ჭირი მოვიშოროთ ყველამ ერთად და როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა ჩიხიდან, რომელშიც ის ივანიშვილმა და მისმა მასხარებმა შეიყვანეს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„არც ერთი ხმა „ქართულ ოცნებას“ - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველომ უნდა მოიშოროს ჭირი, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება“, ჭირი, რომელიც სჭირს ქვეყანას და რომელსაც აქვს სახელები, ბოკერია, კალაძე, ივანიშვილის თაოსნობით.

„4 აპრილს, 4 საათზე ვიკრიბებით რუსთაველზე, ეს იქნება დიდი აქციის თარიღი, სადაც გავაჟღერებთ იმ თანამშრომლობის კონკრეტულ მექანიზმს, რაც გვექნება ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო თვალსაზრისით. მანამდე იქნება, აქციები, პიკეტირებები, რეგიონში გასვლები, ხალხთან მუშაობა, ჩართულობა დიპლომატიურ კორპუსთან საერთაშორისო ასპარეზზე და რაც მთავარია, არც ერთი ხმა „ქართულ ოცნებას“, ეს არის შინაარსი, იმიტომ რომ, საქართველომ უნდა მოიშოროს ჭირი და უბედურება, რომელსაც დღეს ქვეყანას სჭირს. ჭირსა და უბედურებას აქვს კონკრეტული სახელი - „ქართული ოცნება“ ივანიშვილით, კობახიძით, კალაძით და ყველა იმ ადამიანით, რომელიც ამ ბანდიტურ დაჯგუფებაში არის გაერთიანებული“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველთან“ საუბრისას.

რაც შეეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ 4 აპრილამდე მნიშნელოვანია რეგონებში გასვლა, რათა მოსახლეობას აუხსნან, თუ რა მნიშვნელობა აქვს მათ აქტიურობას. მისივე თქმით, დაწყებული კონსულტაციები სასწრაფოდ უნდა დამთავრდე, რათა მაქსიმალურ რაოდენობაში მაჟორიტრული ოლქების ოპოზიციას ჰყავდეს ერთიანი კანდიდატი.

„პირველი - ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებაა რეგიონებში გასვლა. იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დაველაპარაკოთ საქართველოს მოსახლეობას და ავუხსნათ რა მნიშვნელობა აქვს მათ აქტივობას. ისე არაფერი არ გამოვა. მეორე - რეგიონებში გასვლა მოემსახურება იმ ამოცანას, რომ 4 აპრილს 16:00 საათზე იქნება ძალიან დიდი აქცია, სადაც გამოვაცხადებთ ჩვენი საარჩევნო კამპანიის სტრატეგიას და ჩვენი მოქმედების ტაქტიკას. მესამე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ აბსოლუტურად ყველა დგას ერთ აზრზე , სასწრაფოდ უნდა დავამთავროთ დაწყებული კონსულტაციები იმისათვის, რომ მაქსიმალურ რაოდენობაში მაჟორიტარული ოლქების ოპოზიციას ჰყავდეს ერთიანი კანდიდატი“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.