მმართველი გუნდი ოპოზიციას დიალოგის განახლებისკენ მოუწოდებს

მმართველი გუნდი გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს კვლავ დიალოგის განახლებისკენ მოუწოდებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა.

მდინარაძის განცხადებით, დიალოგი არის როგორც საზოგადოების მოლოდინი, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაცია, რაც არსებული გამოწვევების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას გულისხმობს.

„პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სახელით ოპონენტებს ვიწვევთ კვლავ დიალოგის მაგიდასთან, რადგან მიგვაჩნია, რომ დიალოგს და კონსენსუსს ალტერნატივა არ გააჩნია. ეს არის როგორც საზოგადოების მოლოდინი ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაცია, რაც პროცესების სტაბილიზაციას და არსებული გამოწვევების მშვიდობიანი, კონსტრუქციული გზით გადაწყვეტას გულისხმობს.

გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს საელჩოს, რომელიც როგორც ოპოზიციას, ასევე ჩვენც მოგვიწოდებს დიალოგისკენ და კვლავ არის მზად, შეასრულოს შუამავლის როლი პოლიტიკური დიალოგის პროცესში.

ვუერთდებით, საელოჩოს გულისტკივილს, რომ სასამართლოს გიგი უგულავას მიმართ გამოტანილი განაჩენი და თავისუფლების აღკვეთის დრო, საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგს დაემთხვა და ავღნიშნავთ, რომ მართლმსაჯულების განხორციელების პრეროგატივა გააჩნია დამოუკიდებელ სასამართოს და არა რომელიმე პოლიტიკოსს.

ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ვალდებულია, ჩაერთოს დიალოგის პროცესსში, დეესკალაციის თუ კონსენსუსის მიღწევისათვის ოპტიმალური გზა იპოვოს ყველამ. გვსურს, ცალსახად დავაფიქსიროთ, რომ პოლიტიკა დანაშაულის ჩამდენი პირებისათვის ვერ იქნება ინდულგენცია და თავშესაფარი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

უმრავლესობის განცხადებას ოპოზიციის ლიდერებიც გამოეხმაურნენ.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ დიალოგი არ სურს. მათ უნდათ ამ ფორმით შეანელონ საერთაშორისო პარტნიორების მძაფრი კრიტიკა.

მისი თქმით, ეს არის დროის უშედეგო გაწელვა და თვალში ნაცრის შეყრა, როგორც ქართველი ამომრჩევლის, ასევე საერთაშორისო პარტნიორებისათვის.

„ძალიან თავხედური და ცინიკური იყო „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადება. როგორ შეიძლება გულწრფელი იყოს ხელისუფლება დიალოგის გამართვასთან დაკავშირებით, როდესაც დიალოგის მონაწილეს იჭერენ. ეს არის უშედეგო დროის გაწელვა, თვალში ნაცრის შეყრა, როგორც ქართველი ამომრჩევლის, ასევე საერთაშორისო პარტნიორებისათვის. ახლა უნდათ ეს ძალიან მძაფრი კრიტიკა, რომელიც მოდის ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისაგან რაღაც ფორმით შეანელონ და ქმნიან კვლავ მოლაპარაკებების იმიტაციას. არასდროს „ქართული ოცნება“ არ წავა დათმობაზე და ამ საკენკს არავინ არ აკენკავს. არ უნდა „ქართულ ოცნებას“ დიალოგი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მმართველი გუნდის განცხადებას ფრაქცია „ევროპული საქართველოდანაც“ გამოეხმაურნენ.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე აღნიშნავს, „ქართულ ოცნებას“ დიალოგი შეთანხმებისთვის არ უნდა, სურს დასავლელ პარტნიორებს აჩვენოს, რომ ვლაპარაკობთ.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგი მათივე ინიციატივით დასრულდა.

„მოლაპარაკებები ჩაშალა „ქართულმა ოცნებამ“. მას მოლაპარაკებები და დიალოგი არ უნდა შეთანხმებისთვის. მას დიალოგი უნდა მხოლოდ იმისთვის, რომ დასავლელ პარტნიორებს აჩვენოს რომ ვლაპარაკობთ. ბუნებრივია, ამ ფუფუნების საშუალებას ჩვენ „ქართულ ოცნებას“ ვერ მივცემთ. „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგი დასრულებულია მათი ინიციატივით და ჩვენ გადავედით სხვა რეჟიმში. ამ რეჟიმში არსებული საარჩევნო სისტემის ფარგლებში „ქართული ოცნება“ როგორც პოლიტიკური პარტია არამარტო უნდა დავამარცხოთ, არამედ ზოგადად, უნდა გავანადგუროთ როგორც ჭირი ქართული სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

 

გიორგი ჩაფიძე