„ქართულმა ოცნებამ“ აშშ-ში ლობირებისთვის კიდევ ერთი კომპანია დაიქირავა - ოპოზიციის და მმართველი გუნდის კომენტარები

ფრაქცია  „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკულ ლობისტურ კომპანია „დი სი აი გრუპთან“ კონტრაქტი გააფორმა.

კომპანიასთან შეთანხმებას ხელი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.

„ქართული ოცნება“ კომპანიას თვეში 33 ათას 333 დოლარს გადაუხდის , ხოლო შეთანხმების ვადა  2020 წლის 31 ოქტომბერს იწურება.

როგორც ცნობილია, ლობისტური კომპანია „ქართულ ოცნებას“ ლობირებას გაუწევს, როგორც სანდო პარტნიორს დემოკრატიის საკითხში.

აღნიშნულმა საკითხმა ოპოზიციის წარმომადგენლების აღშფოთება გამოიწვია.

კერძოდ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ  „ქართულ ოცნებას“ ჩრდილოვანი ბოსის მხრიდან ლობისტების დაქირავება ვერ უშველის.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, დასავლეთში უკვე კრისტალიზდა ის აზრი, რომ საქართველოში ხელისუფლება მშვიდობიანი გზით უნდა შეიცვალოს.

„ჩრდილოვანი ბოსის მხრიდან ლობისტების დაქირავება მას ნამდვილად ვერ უშველის, რადგან დასავლეთში კრისტალიზდა ის აზრი, რომ ხელისუფლება მშვიდობიანი გზით უნდა შეიცვალოს. ივანიშვილი ახლა ცდილობს ლობისტების დაქირავებას, მათ შორის ეს ბოლო კონტრაქტი, რომელიც მილიონიანია, მანამდე გავიგეთ, რომ 2 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა და ეს რა თქმა უნდა, ხდება ხალხის და ბიუჯეტის ხარჯზე. ახლა ცდილობენ შეცვალონ ის რეალობა, რაც დამკვიდრებულია დასავლეთში ჩრდილოვან ბოსთან, რუს ოლიგარქ ივანიშვილთან მიმართებაში. ამ ადამიანმა ზიანი მიაყენა ჩვენს სახელმწიფიოებრიობას, ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, რომელმაც აღნიშნა, რომ უმრავლესობას თანხა მართლმსაჯულების რეფორმისთვის, რეპრესიების შემცირებისთვისა და წინასაარჩევნო პროცესებისთვის რომ დაეხარჯა, ლობისტებისთვის ამხელა თანხის გადახდა საჭირო არ გახდებოდა.

„ლობისტებს ახლა რთული ამოცანა აქვთ შესასრულებელი, როგორ უნდა გადაიფაროს ის ნეგატიური ფონი და ის ძლაიან ცუდი ნაბიჯები, რომლებიც  „ქართული ოცნება“ დგამს. მათ ახლა წარმოუდგენელი ამოცანა აქვთ შესასრულებელი. მაგრამ უმჯობესი იქნებოდა ლობისტებისთვის ამ ძვირადღირებული კონტრაქტის ტანახმად, იმ ფულის გადახდის ნაცვლად, ეს რესურსი რამდენიმე სწორი ნაბიჯის გადადგმაზე გახარჯულიყო. ესაა არჩევნების წინაპირობისა და სამართლიანი გარემოს შექმნა, მართლმსაჯულების რეფორმისა და რპრესიებზე უარის თქმა, საერთოდ ლობისტების ჩართვა არ დასჭირდებოდათ ამ პროცესში“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ლობისტების თემას გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერის, დავით ჭიჭინაძის მხრიდანაც.

როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ნორმებში არ ჯდება სასამართლოს დამოუკიდებლობა, არაფორმალური მმართველობა, ლობისტური კომპანიები კი ამას ითხოვენ.

„სასამართლოს დამოუკიდებლობა ქვეყანაში, სასამართლოს პოლიტიკური მიზნით გამოყენება , არაფორმალური მმართველობა, ეს ყველაფერი  არ ჯდება იმ ნორმებში, რომელ ნორმებშიც თხოულობს „ოცნება“, რომ ლობისტურმა კომპანიებმა ჩასვას.

და რაც არ უნდა ფული გადაიხადონ, თუ  ღირებულებებში აცდენაა, არაფერი გამოვა, რადგან დემოკრატიულ მსოფლიოს   თავისი მკაცრად დადგენილი წესები აქვს.

მოკლედ, „ოცნებაც“ და მანამდეც „ნაცებიც“,  საკმაოდ ბევრ ფულს ხარჯავდნენ ბიუჯეტიდან ამ ლობისტურ კომპანიებზე და იმიჯის გაუმჯობესებაზე. გარკვეულ ეტაპამდე ეს მუშაობდა კიდეც ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ, მაგრამ დღეს რასაც ვუყურებთ, „ოცნების“ ხელისუფლებამ, პროდასავლურობის  და დემოკრატიის დეკლარირებასაც კი დაანება თავი. ანუ, როდესაც ქვეყნის შიგნით იდგმება ისეთი ნაბიჯები, რომელიც უკვე ჩვენს პარტნიორებს უქმნის უხერხულობას,  შედეგიც შეასაბამისი დადგა“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

რაც შეეხება მმართველ გუნდის შეფასებას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავას მმართველი გუნდის მხრიდან ლობისტების ქირაობის საკითხს პოზიტიურად აფასებს და ამბობს, რომ დასავლეთსა და მსოფლიოს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან.

„დასავლეთი გაიგებს ჭეშმარიტებას, სიმართლეს ამიტომ ლობისტური კომპანიების დაქირავება მხოლოდ პოზიტიურად შეიძლება შევაფასოთ. იმიტომ, რომ იმ ზღვა ინფორმაციას შორის, რაც დასავლეთსა და მთელს მსოფლიოს მიეწოდება, ძალიან ბევრი არასწორი და უსამართლო ინფორმაციაა. ესაა ძალიან კარგი არხი, რომ სიმართლე ვუთხრათ მთელს მსოფლიოს იმაზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში და რა რეფორმებს ვახორციელებთ. რაც შეეხება შეფასებებს ბატონი ბიძნა ივანიშვილის მიმართ, უსამართლო და სამარცხვინოა. იმიტომ, რომ ბატონი ბიძინა გახლავთ ჩვენი მმართველი პარტიის მთავარი თავჯდომარე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

აღნიშნულ საკითხს უმრავლესობის რიგებიდან პარლამენტის ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძეც გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, პარტიის მიერ დაქირავებული ლობისტები უზრუნველყოფენ, რომ სიმართლე მიიტანონ ყველას ყურამდე, ეს მოცემულობა კი ოპოზიციას, რომელიც საარჩევნო კამპანიას ქვეყნის საზღვრებს გარეთ ატარებს, არ აწყობს.

„მათ ასეთი მოცემულობა არ აწყობთ, იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ეშინიათ სიმართლის გარეთ გატანის, სიმართლის საზოგადოებამდე მიტანის. ისინი საარჩევნო კამპანიას გარეთ ატარებენ და ამ საარჩევნო კამპანიაში თუ ჩვენი ლობისტები სიმართლის და ფაქტების მეშვეობით, ხელს შეუშლიან, ეს მათთვის პანიკის საფუძველია, ისევე, როგორც პანიკის საფუძველი გახდა გუშინ, ფაქტების შემსწავლელი მისიის ჩამოყვანა და არაერთგვაროვან განცხადებებს აკეთებენ",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

გიორგი ჩაფიძე