„ევროპარლამენტი მოგვიწოდებს, მძიმე რეპუტაციის ოპოზიცია, საკუთარი მხრებით ვატაროთ“ - ირაკლი კობახიძის განცხადებას ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპარლამენტი საქართველოს მოუწოდებს, მძიმე რეპუტაციის მქონე ოპოზიცია საკუთარი მხრებით ატარონ.

კობახიძე აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტარების თქმით, ოპოზიცია ცუდია და მათ მძიმე წარსული აქვთ.

„მათი დამოკიდებულება არის მარტივი, რაც შეიძლება ცუდი მოსასმენი იყოს, მაგრამ პოზიცია ასეთია. კი არის ცუდი ოპოზიცია, მძიმე წარსულით, მძიმრე რეპუტაციით, მაგრამ უნდა იყოს ასეთი ოპოზიცია იმიტომ, რომ მათ იციან, რომ ისინი ვერ შექმნიან ახალ ოპოზიციას საქართველოსი. ჩვენც ხელოვნურად არ ვერევით ოპოზიციის შექმნის პროცესში. ესაა მათი დამოკიდებულება და მოწოდება, რომ კი ცუდია ოპოზიცია, ცუდია „ნაციონალური მოძრაობა“, მძიმე რეპუტაცია აქვთ, თუმცა რაღაცნაირად იქნებ გაუფრთხილდეთ მათ და ეს სუსტი ოპოზიცია იქნებ რაღაცნაირად საკუთარი მხრებით ატაროთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.

ირაკლი კობახიძის განცხადებას ოპოზიციის მხრიდან მწვავე გამოხმაურება მოჰყვა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, კობახიძის განცხადებას სისულელეს უწოდებს და ამბობს, რომ ივანიშვილის „კლოუნებს“ არაფერი ესმით და რომელ ზურგით ტარებაზეა ლაპარაკი.

„რა სისულელეა საერთოდ! მე მგონი ეს ვითარება ყველაზე კარგად შეაჯამა საქართველოს დიდმა მეგობარმა, ლიტველმა ევროპარლამენტარმა, რომ ამდენი ველაპარაკეთო და მგონი, მაინც ვერაფერი გაიგესო. რა ზურგით ტარებაზეა ლაპარაკი? მე არ მიკვირს, რომ ივანიშვილის ამ „კლოუნებს“ არაფერი არ ესმით. ივანიშვილს აქვს გაკეთებული მისთვის საბედისწერო, ქვეყნისთვის საზიანო არჩევანი, ბრიყვული, აქვს ილუზია, რომ ამ ნაბიჯებით ძალაუფლებას შეინარჩუნებს და მერე დაალაგებს გარეთ ურთიერთობებს. ვერც ერთს შეძლებს და ვერც მეორეს, აქაც დამარცხდება ნებისმიერ სცენარში და გარეთაც ელის სრული იზოლაცია და ტრაგიკული ბედი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ ძალიან სამარცხვინოა, როდესაც კობახიძე ასეთ არაადეკვატურ პასუხებს სცემს კონგრესის, სენატის, ევროკავშირის, ევროსაბჭოსა და საერთაშორისო მედიის კრიტიკას.

ვაშაძის თქმით, ასეთი თავხედური განცხადებების გამოა, რომ უმრავლესობას ქვეყნის გარეთ აღარ ენდობიან.

„ასეთი თავხედური განცხადებების გამოა, რომ მათ სიტყვას ფასი არ აქვს. არავინ აღარ ენდობა, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. ძალიან სამარცხვინოა, როდესაც ასეთ არაადეკვატურ პასუხებს სცემს კონგრესის, სენატის, ევროკავშირის, ევროსაბჭოსა და საერთაშორისო მედიის კრიტიკას. ეს ნიშანვს, რომ მათ არც კი აქვთ წარმოდგენლი რეალურად რა არის გასაკეთებლი ქვეყანაში. ამიტომ პასუხს მიიღებენ არჩევნებზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

გიორგი ჩაფიძე