ხმაური იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე - ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნება გააპროტესტეს

დღეს პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძის მოსმენა მიმდინარეობდა ხმაური იყო.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა, კომიტეტზე მყოფ დეპუტატებს პოლიტიური პატიმრების სურათები დაურიგეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ირაკლი შოთაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ მისი დანიშვნით ივანიშვილმა ხალხს უთხრა, რომ მათი აზრი არ აინტერესებს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს სურს პოლიტ. პატიმრებით მართოს ქვეყანა, რისთვისაც ირაკლი შოთაძეს გენერალურ პროკურორად ნიშნავს.

„ჩვენ უბრალოდ ვარიგებთ პოლიტ. პატიმრების ფლაერებს იმისთვის, რომ ყველა უმრავლესობის დეპუტატმა კიდევ ერთხელ ნახოს ივანიშვილის პირადი პოლიტ. პატიმრები. ამისთვის უნდა სწორედ ბიძინა ივანიშვილის მონა შოთაძის დანიშვნა და უნდა პოლიტ. პატიმრებით მართოს ქვეყანა. რამდენი პოლიტ. პატიმარიც არ უნდა ყავდეს ბიძინა ივანიშვილს თქვენი ხელით ბატონო შოთაძე, ჩვენ ვერ გაგვაჩერებთ და ჩვენ ვერ გაგვაჩუმებთ. ეს არიან პოლიტ. პატიმრები: გიგი უგალავა, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა, გავრილოვის პატიმრები და სხვა უამრავი პოლიტპატიმარი. შოთაძემ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, გასაგებია ფარცხალაძის ხელით, ბოტასების ქურდის ხელით და თქვენი გამოყენებით აპირებს, რომ პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად აქციოს ისევ პროკურატურა, მაგრამ თქვენი დანიშვნით ივანიშვილი კიდევ ერთხელ ეუბნება ხალხს, რომ საერთოდ არ აინტერესებს მათი აზრი, რადგან თქვენ სწორედ საზოგადოებრივი ზეწოლის ფონზე დატოვეთ თანამდებობა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, შოთაძის გენერალურ პროკურორად დაბრუნებით ივანიშვილი შეურაცხყოფს თავის თავს, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს და საზოგადოებას.

მისი თქმით, ირაკლი შოთაძე ივანიშვილის დაკვეთების ერთ-ერთი მთავარი შემსრულებელია და ყველა ბინძური საქმე მის სახელს უკავშირდება.

„შოთაძე არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი შემსრულებელი ბიძინა ივანიშვილის დაკვეთების. მთელი ჩამონათვალია, ციანიდის საქმიდან დაწყებული, რაც კი ბინძური საქმე არსებობს, ყველაფერი მისი გაკეთებულია. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის თავი ბიძინა ივანიშვილია და მას შეეძლო, რომ სხვა თოჯინა მოენახა, თოჯინები ჰყავს, მაგრამ ის ხაზგასმით ამბობს, რომ მეორე მოსვლაა დაანონსებული და მეორედ, ვისაც მინდა იმას მოვიყვან, ყველაზე მორჩილ და მონა ადამიანებს. ცხადია, ივანიშვილი ამით შეურაცხყოფს თავის თავს, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს და საოგადოებას.

ეს არის რეპრესიების ანონსი,  გაძლიერდება რეპრესიები და როდესაც საუბრობენ, რომ უნდათ დიალოგი, პარალელურად კი შოთაძეს ნიშნავენ, ეს ნიშნავს, რომ არა დიალოგი, არამედ ქვეყნის შეურაცხყოფა და მიტაცება სურთ“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტს გამოეხმაურა გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძეც, რომელმაც იურიდიული საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ მხოლოდ აღზრდ ადამიანს რას უშველის, თუ ბუნებამც არ უშველა.

მისი თქმით, ოპოზიციის წევრებს ჰქონდათ სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის მიღების შანსი, თუმცა მათ ეს არ აინტერესებთ.

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო დასაწყისში მომხდარ ინციდენტს. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, ის გარემოება , რომ ამ ყველაფრის მომწყობებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვები დაესვათ, მოესმინათ ხედვები და მოსაზრებები პროკურატურის განვითარების შესახებ და შემდგომ გამოეხატათ თავსი კრიტიკული პოზიცია, მაგრამ რეალობა ის არის , რომ ამ ხალხს ეს არ აინტერესებს. თუ ისინი ფიქრობენ, რომ ამ ყველაფრით შეურაცხყოფილი მე დავრჩი ძალიან ცდებიან. უპირველეს ყოვლისა, მსგავსი ქმედებიბით , მსგავსი ქმედების ჩამდენი ადამიანები რჩებიან შეურაცხყოფილები, ეს არის ძალიან ადამიანური რეალობა. შესაბამისად, მხოლოდ აღზრდა ადამიანს რას უშველის თუ ბუნებამც არ უშველა, ჩემი პოზიცია ამ ყვეფაერთან რაც თავში მოხდა სწორედ ეს არის“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 

გიორგი ჩაფიძე