ნათია კაპანაძე ამბობს, რომ რაც ტელევიზიაში მის წინააღმდეგ იმპიჩმენტი დაიწყო სმენა გაუნახევრდა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი, ნათია კაპანაძე ამბობს, რომ სიტყვის თავისუფლების დაცვა ამ ქვეყანაში ადამიანებს ჯანმრთელობის ფასად უჯდება, მათ შორის მასაც. 

ტელეკომპანია პირველის ეთერში, ნათია კაპანაძემ პირველად თქვა, რომ მას სმენის პრობლემები შეექმნა და ხმის გამაძლიერებელი მას შემდეგ სჭირდება, რაც მაუწყებელში მისი იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო. 

"მე ვწუხვარ, რომ თქვენს ეთერში მიწევს ამის გაკეთება. სამწუხაროდ, ახლა მე აღარ მესმის თქვენი ხმა... 2019 წლის 19 აპრილის შემდეგ, იმპიჩმენტის დღიდან, ჩემი ჯანმრთელობა განახევრდა... მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ ჩვენს ძალიან დიდ ძალისხმევაზე იდგა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა. მე ნათია კაპანაძე, პირადად, ვაკეთებდი ამას იმისთვის, რომ თქვენ, გადასახადების გადამხდელებს, მიგეღოთ დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებელი... მე მინდა შევახსენო ხელისუფლება და პირველ რიგში, ალბათ, უნდა მივმართოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენს ჯანმრთელობაზე დგას ეს საქმე," - განაცხადა ნათია კაპანაძემ.  

გუშინ ცნობილი გახდა, რომ მაია მერკვილაძეს ამ ეტაპზე არარსებული თოქ-შოუს რედაქტორობას სთავაზობდნენ. ამის შესახებ გიორგი კოხრეიძემ მმართველთა საბჭოს წევრებს განუცხადა. 

ხელშეკრულებას, რომლითაც მაია მერკვილაძე აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე ოთხი წლის განმავლობაში იყო, 24 თებერვალს გაუქმდა. გადაწყვეტილებას მხარი მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა დაუჭირა.

19 თებერვალს ტელევიზიის ჟურნალისტების ხმაურიანი პროტესტის ფონზე ტელევიზიაში 4 საშტატო ერთეული გააუქმეს, მათ შორის, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების ნაწილი აცხადებდა, რომ ამ ცვლილებებით რეგიონულ მაუწყებელში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრებოდა, რადგან მაია მერკვილაძეს საინფორმაციო პოლიტიკის განსაზღვრის საშუალებას აღარ მისცემდნენ. ეს ეჭვები ნაწილობრივ დადასტურდა, რადგან 24 თებერვალს 18:00 საათზე მაია მერკვილაძემ დირექტორისგან ელექტრონული ფოსტით მიიღო ახალი სახელშეკრულებო შეთავაზება: წინასაარჩევნო დებატების რედაქტორის პოზიციაზე, ან აჭარის რადიოს საინფორმაციო სამსახურის რედაქტორის პოსტზე. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირი საგაფიცვო რეჟიმზე გადასვლას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება,  მაუწყებლის პროფკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

თავმჯდომარის, მალხაზ რეხვიაშვილი განცხადებით, გადაწყვეტილება მსჯელობის შედეგად მიიღეს და დოკუმენტაციის მომზადება დაიწყება. 

ajaratv.ge