11 წელი და 3 თვე - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლომ მიხეილ კალანდია დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ცოტა ხნის წინ, საბოლოო განაჩენი გამოუტანა და დამნაშავედ ცნო.

მას 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საქალაქო სასამართლოში კალანდიას საქმეზე განაჩენი მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა გამოაცხადა.

პროცესს ესწრებოდა მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე.

დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში მონაწილე, მიხეილ კალანდიას საქმეზე საქალაქო სასამართლომ 21 თებერვალს ფინალური მოსმენა გამართა, სადაც მხარეებმა საბოლოო სიტყვა წარადგინეს.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება მიხეილ კალანდიას მამა.

თენგიზ კალანდია ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივით იქნა მიღებული.

მისი განცხადებით, გამოძიება ვერ წაიყვანეს ისე, რომ ჭეშმარიტება დაედგინათ, რის გამოც კალანდიების ოჯახს „შეახოცეს“ ხელი.

„ჯოჯოხეთში რომ მომიწიოს ჩასვლა, ჩავალ და სხვებსაც წავიყოლებ, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩემი შვილის დაპატიმრებაში. რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ეს იყო სერგი კაპანაძის, „ევროპული საქართველოს“ და მათ შორის, „ოცნების“ ინტერესი. „ოცნებამ“ თავიანთი გაფუჭებული საქმეები ვერ გამოასწორა და ჩემ შვილს შეტენა ყველაფერი. მეტი აქ არაფერი ინტერესი არ იყო. ჩემი შვილის პატიმრობა პროკურატურის ინტერესიც იყო, სასამართლოს ინტერესიც იყო, შინაგან საქმეთა სამინისტროსიც და „ოცნების“ ინტერესიც იყო. ყველაფერი ჩემ შვილს შეტენეს. გამოძიება ვერ წაიყვანეს ისე, რომ ჭეშმარიტება დაედგინათ და ყველაზე დაბალი ღობე მე მნახეს, ექვს შვილიანი ოჯახი, რომელსაც არც ფული გვაქ და არც ნაცნობობა. ჩვენ გაგვწირეს, ყველაზე ადვილად ჩვენზე შესახოცი იყო ხელი. თვითონ ყველა კარგადაა. ამ საქმეში სუბელიანის ინტერესი არაფერი არ იყო. აქ იყო „ევროპული საქართველოს“ ინტერესი, რომ დაედგინათ თითქოს სუბელიანს ჰქონდა კადრები, მეტი არაფერი ინტერესი არ იყო სუბელიანის. ყველამ აიღო ფული და ყველამ რაღაც სარგებელი ნახა ამ საქმიდან, რომ მიხეილ კალანდია დაჭერილიყო. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ ზაზა სარალიძესაც. ყველაფერი არის პოლიტიკა“, - განაცხადა თენგიზ კალანდიამ.

სასამართლოს გადაწყვეტილება არასასურველი აღმოჩნდა მიხეილ კალანდიას ძმისთვისაც.

ლუკა კალანდიას თქმით, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ნიკოლოზ მარსაგიშვილი არის არაობიექტური და პოლიტიკურად მიკერძოებული.

„ბატონი ნიკოლოზ მარსაგიშვილი, ყველამ იცოდეს, რომ არის არაობიექტური, მიკერძოებული, პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი მოსამართლე. აი ეს დადასტურდა დღეს. სამ საათიანი დასკვნითი სიტყვის შემდეგ, სადაც პირდაპირ ითქვა, რომ მიხეილი უდანაშაულოა, ეს იყო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, დღეს მოსამართლე გვეუბნევა, რომ 15 წლით უნდა წავიდეს უდანაშაულო ბავშვი ციხეში. ესაა პოლიტიკური დავალება. საქართველოში სამართალი არ არსებობს“, - განაცხადა ლუკა კალანდიამ.

საქალაქო სასამართლოს განაჩენს ჟურნალისტებთან გამოეხმაურა მიხეილ კალანდიას ბაბუაც.

ბორის კაკუბავა აღნიშნავს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ზაზა სარალიძემ სასამართლო მოისყიდეს და ხელისუფლებაზე ზეწოლა განახორციელეს.

მისი თქმით, ეს ხელისუფლება არის უნიათო და უპრინციპო, ხოლო ბრძოლას კანონიერი გზით განახორციელებენ.

„ეს არაა მართლმსაჯულება, ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება. მთელი ეს ბრძოლა აქეთკენ მიჰყავდათ. სარალიძეს უნდა დაემხო ხელისუფლება. „ნაც. მოძრაობამ“ მოისყიდა სარალიძე და ხელისუფლებაზე ზეწოლა განახორციელეს. ხელისუფლება არის უხერხემლო, უნიათო. ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებთ კანონიერად. ვერ ატყობთ, რომ აქ არ არესებობს სამართალი. ეს ხელისუფლება უპრონციპოა“, - განაცხადა ბორის კაკუბავამ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე მსჯავრდებულ პირებს, გიორგი ჯანაშიას და გუგა ბარბაქაძეს სასამართლომ განაჩენი რამდენიმე კვირის წინ გამოუტანა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ გიორგი ჯანაშიასთან მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების საფუძველზე, ჯანაშიას 11 წლითა და 3 თვით მისჯილი წლებიდან საბოლოოდ, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, საიდანაც 4 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, დანარჩენი 4 წელი კი პირობითად ჩაეთვლება. მისჯილი წლებიდან გიორგი ჯანაშიას 2 წელი უკვე მოხდილი აქვს, შესაბამისად, ის პენიტენციურ დაწესებულებას 2021 წელს დატოვებს. რაც შეეხება ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძეს, მას 11 წლითა და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.

 

გიორგი ჩაფიძე