მსოფლიოში პარტნიორების ან ოჯახის წევრების ხელით დღეში 137 ქალი იღუპება

გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში პარტნიორების ან ოჯახის წევრების ხელით დღეში 137 ქალი იღუპება. სახელმწიფო და საზოგადოება ვერ იცავს ქალებს, რომლებზეც სისტემატურად ძალადობენ.

საქართველოში, ფემიციდის შემთხვევები ძირითადად გაყრის სანაცვლოდ ხდება. სწორედ მაშინ, როდესაც ქალი მეუღლისგან დამოუკიდებლად ცხოვრებას, განქორწინებას გადაწყვეტს.

ორი შვილის დედა, 30 წლის ნათია გოგოლაძე 2016 წელს იტალიაში წავიდა სამუშაოდ. ასე ბევრი ქართველი ქალი იქცევა, რადგან საქართველოში სამსახურს ვერ შოულობენ. იტალიის ქალაქ ბარიში მოხუცს უვლიდა და ხელფასის ნაწილს აგროვებდა, ნაწილს კი საქართველოში, ოჯახს უგზავნიდა. საქართველოში ნათია ექვსი თვის წინ დაბრუნდა, იტალიაში დაგროვილი ფულით მშობლიურ ქალაქ ხაშურში პატარა მაღაზია გახსნა, სადაც მეორად ტანსაცმელს ჰყიდდა.

2019 წლის 11 ოქტომბერს ნათიას მაღაზიაში ყოფილმა ქმარმა ირაკლი დეკანოიძემ მიაკითხა. დეკანოიძემ ჯერ ხელყუმბარა შეაგდო მაღაზიაში, რომელიც არ აფეთქდა. შემდეგ რამდენჯერმე გაისროლა და როდესაც ქალმა მაღაზიიდან გაქცევა სცადა, ყოფილი ქმარი დაეწია და თავში ისე ურტყა იარაღის კონდახი, რომ გოგო იმავე დღეს ხაშურის საავადმყოფოში გარდაიცვალა. „მისი ტრავმები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო,“ – განცხადა ექიმმა, რომელმაც ჟურნალისტებს ნათია გოგალაძის გარდაცვალების შესახებ ამცნო. ნათიას ისტორიას მისი ბავშვობის მეგობარი ქეთი ყვება. მეგობრებს ორი წელი არ უნახავთ ერთმანეთი – ნათია იტალიაში, ქეთი კი თურქეთში წავიდა სამუშაოდ.

ნათია 16 წლის იყო როდესაც დაქორწინდა, როგორც ქეთი ამბობს, სიყვარულით. თუმცა, ერთ წელიწადში ცოლ-ქმრის ურთიერთობა აირია. 2019 წლის 11 ოქტომბერს, იმ დღეს, როდესაც მოკლეს, შუადღის 16:00 საათზე ნათიას ქმართან ხელი ოფიციალურად უნდა გაეწერა, ირაკლი კი, მაღაზიაში დღის 12:00 საათზე მივიდა. მკვლელი პოლიციამ იმავე დღეს დააკავა.

ნათიას ბედი კიდევ ბევრმა ქალმა გაიზიარა. მათ რიცხვის 19 წლის სალომეც მიეკუთნება.

2014 წლის 25 ივლისს, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი სერგი საცერაძე და მისი ყოფილი მეუღლე, 19 წლის სალომე ჯორბენაძე ზესტაფონში, ცენტრალურ პარკში სკამზე ისხდნენ და საუბრობდნენ.ცოტა ხანში საცერაძემ ჯიბიდან ტაბელური იარაღი ამოიღო და ხუთი გასროლით ყოფილი მეუღლე ადგილზე მოკლა. შემდეგ საცერაძე პარკიდან გავიდა, თუმცა მალევე მობრუნდა, პოლიციაში დარეკა და სამართლდამცავებს იქვე ჩაბარდა. როდესაც სალომე ჯორბენაძემ სერგი საცერაძეზე იქორწინა, 16 წლის იყო.

სალომეც და სერგიც ზესტაფონიდან არიან. ლამაზი, მოდელის გარეგნობის გოგონა მშობლიურ ქალაქში პოპულარული იყო. სილამაზის სხვადასხვა კონკურსებში იღებდა მონაწილეობას და ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა.

„სალომე ძალიან ამაყობდა თავისი სხეულით, მოსწონდა მოდელობა,“ – ჰყვება მისი დედა ფატი ჭელიშვილი.

ცოლ-ქმარი შვილის დაბადებიდან მალევე გაშორდა ერთმანეთს. საცერაძეს არ უნდოდა დაშორება – ეჭვიანობდა, სახლში უვარდებოდა. რამდენჯერმე ოჯახმა პოლიციას შეატყობინა. სალომე სამართალდამცავებს სთხოვდა დახმარებას – განცხადებაც დაწერა, თუმცა მისი დაცვა სახელმწიფომ ვერ შეძლო. მეტიც, პოლიციელი სერგი საცერაძე არათუ დასაჯა ვინმემ, სალომეს მკვლელობამდე ხუთი დღით ადრე იგი დააწინაურეს კიდეც. სალომეს მკვლელს თერთმეტწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 87 ქალი ყოფილმა ან მოქმედმა ქმარმა თუ პარტნიორმა მოკლა. ეს გახდა მიზეზი, რის გამოც ქალთა მოძრაობა და არასამთავრობო სექტორი ცდილობს ფემიციდის შესახებ ინიცირებული კანონპროექტის კანონად ქცევას.

ქალთა მოძრაობის წარმომადგენლები ითხოვდნენ, ეს სიტყვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ჩაწერილიყო მკაფიო განმარტებით, რომ ეს არის ქალის განზრახ მკვლელობა, რომელიც ჩადენილია ქმრის, ყოფილი ქმრის, პარტნიორის ან ყოფილი პარტნიორის მიერ. სისხლის სამართლის კოდექს დაემატა გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაული, რომელიც დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. გამკაცრდა სასჯელი მსგავსი ტიპის დანაშაულზე.

„მნიშვნელოვანია, რომ მკვლელობა გენდერის ნიშნით აღიარებულია და ისჯება უფრო მკაცრად,“ - განაცხადა სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის მთავრმა სპეციალისტმა ნინო იაკობიძემ.

საქართველოში ფემიციდის შედეგად დაღუპული ქალების ისტორიები ძალიან ჰგავს ერთმანეთს – ნაადრევად შექმნილი ოჯახი, ეჭვიანობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელსაც ქალები წლების განმავლობაში ითმენენ. სპეციალისტები ამბობენ, ქალთა მიმართ ასეთი დამოკიდებულების მიზეზი კომპლექსურია და რამდენიმე პრობლემას აერთიანებს.

მათი თქმით, ერთ-ერთი მთავარი ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქალთა მკვლელობები საქართველოში ძალიან ხშირია, სამართალდამცავები მაინც არასაკმარისი სერიოზულობით ეკიდებიან ოჯახური ძალადობის შემთხვევებს. ამავე დროს შსს-ში აცხადებენ, რომ ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლა მათთვის პრიორიტეტია.

შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სწორედ ამ უწყების მიერაა ინიცირებული 2018 წელს კანონმდებლობაში შესული ცვლილებები, რომელთა თანახმადაც ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე სასჯელი გამკაცრდა. შსს-მ ასევე ჩართო ცხელი ხაზი, სადაც ოჯახური ძალადობის მსხვერპლს შეუძლია დარეკოს და ასევე მოქმედებს სახელმწიფო თავშესაფარი, სადაც მსხვერპლ ქალებს შეუძლიათ თავი შეაფარონ ექვსი თვით. თუმცა, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ფაქტია, რომ სამართალდამცავები ხშირად ვერ იცავენ მოძალადესგან მსხვერპლს, რომელმაც მათ დახმარებისთვის მიმართა.

ფემიციდის კვლევამ ცხადყო, რომ როგორც წესი, ქალის მკვლელობას წინ ყოველთვის უძღვის მასზე მრავალჯერადი ფიზიკური და ემოციური ძალადობა. საკუთარი ქმრების ხელით დახოცილი ქალების დიდი ნაწილი ტრაგედიამდე მიმართავდა პოლიციას. ბევრ შემთხვევაში სამართალდამცავებმა იცოდნენ ძალადობის შესახებ, თუმცა ვერ დაიცვეს მსხვერპლი სიკვდილისგან.

ასე მოხდა სალომეს და ნათიას შემთხვევაშიც – ორივე ისტორია იცოდა პოლიციამ, თუმცა ვერ დაიცვა გოგონები. სალომეს დედა, ფატი, იხსენებს, რომ ზუსტად იმ დღეს, როდესაც სალომე მოკლეს, იგი ქუთაისში იყო და პროკურატურაში ყოფილის ქმრის წინააღმდეგ სარჩელი დაწერა. ეს სალომეს მხრიდან პოლიციაში ჩივილის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ვიდრე ერთმანეთს გაეყრებოდნენ, წყვილის თანაცხოვრების პერიოდში, შემაკავებელი ორდერი პოლიციამ ნათია გოგოლაძის ქმარსაც გამოუწერა. ნათიას მეგობარი ქეთი ჰყვება, რომ ერთ-ერთი ჩხუბისას, ქმარმა ნათიას თავი დოქით გაუტეხა ისე, რომ ნაკერების დადებაც დასჭირდა.

შემაკავებელ ორდერს, რომელიც საქართველოში ბოლო წლებში გაჩნდა, მოძალადის წინააღმდეგ იყენებენ. ის უკრძალავს მოძალადეს მსხვერპლთან მიახლოებას და მასთან ნებისმიერ კომუნიკაციას. თუმცა, მალე ცხადი გახდა, რომ ამ ქაღალდს ბევრი არაფერი შეუძლია და ის ხშირად ვერ ახერხებს ძალადობის მსხვერპლი ქალების დაცვას.

ერთ-ერთი ახალი ინიციატივა, რის გატარებასაც სახელმწიფო ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით ცდილობს ელექტრონული სამაჯურია, რომელიც მოძალადეს გაუკეთდება მისი გადაადგილების გასაკონტროლებლად.

საკანონმდებლო ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. კანონპროექტი უწყებამ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით შეიმუშავა.

2018 წლის ნოემბრამდე შემაკავებელი ორდერის დარღვევა მხოლოდ შვიდდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯებოდა. ახლა ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელიც ერთიდან სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ფემიციდის მკვლევარები ამბობენ, რომ საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობას განაპირობებს განათლების დაბალი დონე, სოციალური და ეკონომიკური პრობლემები და კულტურული და რელიგიური ტრადიციებით. დღემდე ოჯახურ ძალადობას საზოგადოების დიდი ნაწილი არ განიხილავს როგორც დანაშაულს, არ მიმართავს პოლიციას და არ ცდილობს ქალი საკუთარი ქმრისგან დაიცვას იმ მოტივით, რომ „ოჯახში უთანხმოება ცოლ-ქმრის საქმეა“.

სიუჟეტებში, რომლებსაც ტელეჟურნალისტები ფემიციდის ფაქტების შესახებ ამზადებენ, ხშირად მოვისმენთ მეზობლების, ახლობლები, თვითმხილველების კომენტარებს, სადაც ისინი არა მოძალადეს, არამედ მსხვერპლს ადანაშაულებენ. „როდესაც ქმარს ეტლიკინები და ეურჩები, აბა რა მოგივა,“ – ეს ფრაზა ახალგაზრდა ქალის მკვლელობაზე მომზადებული ერთ-ერთი ბოლო სიუჟეტიდანაა.

გენდერის მკვლევარები ამბობენ, რომ ჟურნალისტები ხშირად თავად უწყობენ სტერეოტიპების გავრცელებას ხელს, როდესაც ფემიციდის ფაქტებს აშუქებენ. მაგალითად, ხშირია, როდესაც ჟურნალისტები მკვლელობის მიზეზად ეჭვიანობას ასახელებენ, ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მსხვერპლს „ვიღაც ყავდა“, რაც მოძალადის ქმედების ლეგიტიმაციას ემსგავსება.

როგორც ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი, თამარ ცხადაძე ამბობს, ფემიციდის ერთ-ერთი გამომწვევია ქართულ საზოგადოებაში არსებული მასკულინობის ნორმა, რომელიც კაცის ღირსების ნაწილად წარმოადგენს მისი პარტნიორი ქალის სექსუალურ ქცევას. თუ საქართველოში ფემიციდის შემთხვევებს გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ ფემიციდის მსხვერპლნი ხშირად ხდებიან ქალები, რომლებიც საკუთარ ცხოვრებაში რაიმეს შეცვლას გადაწყვეტენ ქმრის სურვილის წინააღმდეგ.

"JEM NEWS" - ზე დაყრდნობით მოამზადა გვანცა ტეტელოშვილმა