უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ახალი კანდიდატი შეირჩა - რას ამბობენ საბჭოს არამოსამართლე წევრები

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მოსამართლე ნინო ქადაგიძის კანდიდატურა შეარჩია.

ამის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, კენჭისყრის შედეგად მიიღო.

მოსამართლე ნინო ქადაგიძემ საბჭოს წევრთა 12 ხმა მიიღო.

დასახელებული კანდიდატურა განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.  იმ შემთხვევაში, თუ შერჩეულ კანდიდატს დეპუტატთა სრული მხარდაჭერა ექნება,   კანდიდატი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 10 წლის ვადით დაინიშნება.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, პარლამენტის მიერ არჩეულ არც ერთ მოსამართლეს სასამართლო სისტემის ხელმძღვანელობის ლეგიტიმაცია არ გააჩნია.

მისი თქმით, იმ კონსულტაციებს, რომლის ფორმატიც განსაზღვრული არ ყოფილა, ოფიციალური დატვირთვა ვერ ექნება.

„დამერწმუნეთ, რომ ერთსაათიან კონსულტაციებს, რომელსაც დღის წესრიგიც კი არ აქვს და ფორმატიც კი არ არის განსაზღვრული, ვერ ექნება ვერანაირი ოფიციალური და სერიოზული დატვირთვა, ეს არის მხოლოდ იმისთვის, რომ შენიღბონ თავისი მზაკვრული გეგმები და თითქოს ჩართულობა აჩვენონ იმ მოსამართლეებს, რომლებიც არიან უზენაეს სასამართლოში, თითქოს ისინი ამ პროცესში არიან მონაწილეები.

არც ერთ იმ მოსამართლეს, რომელიც დეკემბერშია არჩეული საქართველოს პარლამენტის მიერ არ აქვს ლეგიტიმაცია და უფლება იმისა, რომ ან იყვნენ მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში ან რომელიმე მათგანმა უხელმძღვანელოს სასამართლო სისტემას და იყოს სამართლიანობის სახე“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა. 

იუსტიციის უმაღლესი საბწოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძეც.

მისი თქმით, ამ ხალხის მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატის დანიშვნა იქნება საკონტროლო ტყვია, რომელსაც ეს ხელისუფლება დაასვამს სასამართლოს თავისუფლებას.

„ამ ხალხის მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატის დანიშვნა იქნება საკონტროლო ტყვია, რომელსაც ეს ხელისუფლება დაასვამს სასამართლოს თავისუფლებას. ეს იქნება იმ პროცესის დასარული, რომელიც დაიწყო ერთი წლის წინ, როდესაც გადაწყვიტა „ქართულმა ოცნებამ“ რომ ჩაეჯიბებინა უზენაესი სასამართლო.მე მართლა დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ რომ ცუდი სამოყვარულო თეტრის სპექტაკლს ვესრწებოდი, რადგან ცხადი იყო, რომ დადგმული იყო ეს ყველაფერი. ყველას შორის თანმხმობა შედგა და ყოველგვარი დისკუსიის გარეშე. ქებათა ქება იყო შალვა თადუმაძის და ნინო ქადაგაძის“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ცნობიშთვის, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა თითქმის 2 წლის წინ დატოვა. პოსტიდან წასვლის მიზეზად მან ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

 

გიორგი ჩაფიძე