შედგა თუ არა პოლიტპატიმრებზე შეთანხმება - სენატორების წერილს ოპოზიცია და მმართველი გუნდი განსხვავებულად აფასებს

აშშ-ს სენატორი, ჯიმ რიში და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე, სენატორი ჯენე შაჰინი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საუბრობენ შაბათ-კვირას თბილისში მიღებულ შეთანხმებაზე.

განცხადებაში სენატორები აღნიშნავენ, რომ მიესალმებიან საქართველოში მიღწეულ შეთანხმებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და ელიან, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები დროულად შესრულდება.

სენატორი რიში განცხადებაში მიესალმება შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტს, რომელიც სასამართლო რეფორმასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ეხება და ელის, რომ პოლიტპატიმრებს დროულად გაათავისუფლებენ.

სენატორი შაჰინი მიესალმება ამ დემოკრატიული რეფორმის გატარებას და იმედი აქვს, რომ საქართველო დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას გააგრძელებს.

სენატორების წერილს ოპოზიცია და ხელისუფლება განსხვავებულად გამოეხმაურა.

უმრავლესობის დეპუტატი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმება არ მიღწეულა, ამიტომ პარტნიორებს ზუსტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოთ.

"მთავარი არის შემდეგი - გავაგრძელოთ მჭიდრო კომუნიკაცია მათთან. თუ კიდევ მათთან დამატებითი ინფორმაციის მიწოდება არის საჭირო მივაწოდოთ. მათ შორის იმ პროცესებთან დაკავშირებით, რა პროცესებიც უძღოდა წინ ამ შეთანხმებას და ზოგადად შეთანხმების პროცესზე. შეგვიძლია კიდევ დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ, რადგან რაიმე ფორმით ვინმეს მხრიდან აღქმა არ იყოს, რომ ეს საკითხი იყო შეთანხმების დღის წესრიგში. ამიტომ ვაგრძელებთ კომუნიკაციას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ყველამ იცის, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და რეპრესიების შეწყვეტის გარეშე, ვერ დარეგულირდება ვითარება. ანრი ოხანაშვილისგან განსხვავებით, ბოკერია აღნიშნავს, რომ პოლიტპატიმრებზე შეთანხმება უმრავლესობასთან შედგა.

"ყველამ იცის, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და რეპრესიების შეწყვეტის გარეშე, ვერ გახდება ნორმალური ვითარება. ეს არის მოწოდების არსი. ამიტომ აქვთ მათ ნათქვამი, რომ ელიან სწრაფად ამ საკითხის გადაჭრას. ვიმეორებ, რომ ყველამ იცის, რომ ორი კომპონენტი ჰქონდა ოპოზიციას, რაც საზოგადოებისთვის და ჩვენთვის იყო მნიშვნელოვანი - საარჩევნო სისტემაზე გონივრული კომპრომისი და პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რეპრესიების შეწყვეტა. ამ ორივე კომპრომისზე შეთანხმება შედგა", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.