გზავნილი საქართველოს პრეზიდენტს - ევროპარლამენტარები სალომე ზურაბიშვილს გიგი უგულავას გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავენ

 

"ევროპული საქართველოს" მსჯავრდებული გიგი უგულავას გათავისუფლების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს 11 ევროპარლამენტარი წერილით მიმართავს.

წერილის ავტორები მოითხოვენ, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება უნდა გამოიყენოს.

ევროპარლამენტარები თვლიან, რომ გიგი უგულავას გათავისუფლების საკითხი იქნება ტესტი, თუ რამდენად შესრულდება ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის მიღწეული შეთანხმება.

წერილში ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ საქართველოში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული შეთანხმების მიღწევის გამო მოხარულები არიან და იმედოვნებენ, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტება.

პრეზიდენტს გათავისუფლებას მოთხოვნით მიმართავს თავად მსჯავრდებულიც.

როგორც ცნობილია, გიგი უგულავას გათავისუფლების შუამავლობით სალომე ზურაბიშვილს გუშინ მიმართეს.

"მივმართეთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ განიხილოს გიგი უგულავას გათავისუფლების საკითხი მისთვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებუკლი უფლების ფარგლებში. მოგეხსენებათ საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიური პრეროგატივაა მაშინ, როდესაც სამართალწარმოება ამოწურულია, მაშინ როდესაც განაჩენი დამდგარია, მიიღოს მსჯავრდებული პირის მიმართ გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ", - განაცხადა უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

აღნიშნულ საკითხს გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციის მხრიდანაც.

კერძოდ, „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ოპოზიციურ პარტიებთან დადებული შეთანხმების ორივე ნაწილი.

მისი თქმით, საჭიროა მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

„მათ ინტერესშია, რომ საქართველოში ვითარება დამშვიდდეს, არ იყოს ის ატმოსფერო შექმნილი, რომელიც იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში, ამას სჭირდება ამ შეთანხმების შესრულება, ამის საკვანძო საკითხია პოლიტპატიმრების და პოლიტიკური რეპრესიების საკითხი. სწორედ ამიტომ მიმართა მთელმა სპექტრმა პრეზიდენტს, რომ ყველამ იცის, შეთანხმებაშიც წერია, რომ ამ ინსტიტუტის გამოყენებაა სასურველი და უგულავას შემთხვევაში, საჭიროა მისი გათავისუფლება. ბუნებრივია ეს წერილი და როდის და რას იზამს პრეზიდენტი ზურაბიშვილი მე ამის პროგნოზს არ გავაკეთებ. ჩემი როგორც მოქალაქის, პოლიტიკოსის, "ევროპული საქართველოს" წევრისა და ოპოზიციის წევრის სურვილია, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარების წერილი ზუსტად მიუთითებს იმას, რომ საქართველოს პარტნიორები განსაკუთრებით აკვირდებიან შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულებას.

მისი თქმით, ოპოზიცია ელის, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს საქართველოს პარტნიორების მოწოდებას.

"წერილი, რომელიც მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, რომ გამოიყენოს ეს ინსტრუმენტი გიგი უგულავას გასათავისუფლებლად, ზუსტად მიუთითებს იმას, რომ საქართველოს პარტნიორები განსაკუთრებით აკვირდებიან შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულებას. ჩვენ ველით, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს საქართველოს პარტნიორების მოწოდებას", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

გიორგი ჩაფიძე