გაცდენილი სამუშაო საათების ანაზღაურება, მარტოხელა მოხუცებისთვის უფასო საკვების მიტანა - თბილისის მერმა ახალი ინიციატივები წარადგინა

თბილისის მერია სხვადასხვა პროგრამებსა და დაწესებულებებში დასაქმებული პირების სახელფასო დაფინანსებას გაცდენილი საათების ანაზღაურების საფუძველზე გააგრძელებს.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მერია განაგრძობს სოციალურად დაუცველი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების და ასევე, არამოთხოვნადი სპეციალობებით დაინტერესებული მოსწავლეების პროგრამების დაფინანსება.

„რისკებისგან დაცვის მიზნით თბილისის მუნიციპალიტეტი ცენტრალურ ხელისუფლებასტან ერთად ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს და ეძებს გზებს ვირუსის გავრცელების პრევენციის პარალელურად, როგორ შეიძლება შევუმსუბუქოთ მდგომარეობა ჩვენს მოსახლეობას. როგორც იცით, ახალი კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებების გატარების მიზნით დროებით შეჩერებულია სასწავლო პროცესი და რიგი სასწავლო და სამედიცინო ან სხვა ტიპის მუნიციპალური პროგრამების მუშაობა. თბილისის მერია ითვალისწინებს შექმნილ მდგომარეობას და იმის გამო, რომ ამ პროგრამებში და დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები ამ რთულ სიტუაციაში შემოსავლის გარეშე არ დარჩნენ, უწყვეტად განვაგრძობთ ამ პროგრამების სახელფასო დაფინანსებას.

კერძოდ, მომსახურების შეჩერების მიუხედავად გაგრძელდება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრების, საცურაო აუზების, სპორტული სკოლების პედაგოგ-მასწავლებლების ხელფასების დაფინანსება, რომელიც გაიცემა იმ პირობით, რომ კორონავირუსით გავრცელების საფრთხის გამოწვევის პერიოდის დასრულების შემდეგ პედაგოგ-მასწავლებლებმა უნდა აანაზღაურონ ყველა გაცდენილი საათი. გაგრძელდება სოციალურად დაუცველი მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების და ასევე, არამოთხოვნადი სპეციალობებით დაინტერესებული მოსწავლეების პროგრამების დაფინანსება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სწავლების შეჩერების მიუხედავად, გაიცემა მერიის ბალანსზე არსებულ კულტურული, სპორტული, საგანმანათლებო და ახალგაზრდულ ცენტრებში დასაქმებული პერსონალის - მწვრთნელებისა და პედაგოგების მარტის თვის სახელფასო ანაზღაურება. მათ შორის საუბარია ხელოვნების სკოლების, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლების, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგებზეც.

„ჯამში, ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ უზრუნველვყოფთ თბილისის მუნიციპალურ პროგრამებში ჩართული 2500-დე პედაგოგის, მწვრთნელის და თერაპევტის ხელფასების დაფინანსებას, რომლებიც სასწავლო პერიოდში, ყოველთვიურად დაახლოებით 25 ათასამდე ბავშვსა და ახალგაზრდას ემსახურებიან.

ჩვენი ხელისუფლებისთვის, ჩვენი გუნდისთვის უპირველესი მიზანი მოქალაქეების ჯანმრთელობა და მათზე ზრუნვაა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვირსუსის გავრცელებას ეკონომიკური ეფექტებიც მოჰყვება, რასაც ზემოთ ჩამოთვლილი ინიციატივები შეამსუბუქებს და დასაქმებულ ადამიანებს, სხვადასხვა სერვისის მიმწოდებელ სამსახურებს დაფინანსებას სრულად შეუნარჩუნებს“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, აღსანიშანვია ისიც, რომ დღეიდან დედაქალაქში მოქმედ 62 უფასო სასადილოში, კორონავირუსის რისკებისგან დასაცავად, მომსახურების ახალი წესი ამოქმედდა.

ახალი წესის თანახმად, განსაკუთრებული რისკის, ქრონიკული დაავადების მქონე ბენეფიციარებს, ასევე, მარტოხელა მოხუცებს და თვითიზოლაციაში მყოფ ბენეფიციარებს სპეციალისტების მიერ დატრენინგებული მოხალისეები საკვებს სახლში მიუტანენ.

მოხალისეები ბენეფიციარებს უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით და შესაბამისი ეკიპირებით ემსახურებიან.

აღნიშნულ კატეგორიას მიკუთვნებულ ადამიანებს, შეუძლიათ დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე ( 032 2 722222 ), განაცხადონ, რომ სურთ აღნიშნული მომსახურება.

ყოველი უფასო სასადილოს შესასვლელთან მობილიზებულია სპეციალურად დატრენინგებულ მოხალისეთა და მერიის თანამშრომელთა ჯგუფი, რომლებიც უზრუნველყოფენ: რიგების რეგულირებას საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით; აკონტროლებენ შესასვლელში დეზინფექციის პროცედურას; ბენეფიციარებს კი მათთვის საჭირო დამატებით ინფორმაციას აწვდიან.

 

გიორგი ჩაფიძე