მარადიული ქალაქი ცარიელია - იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ჩინეთის მაჩვენებელს უსწრებს

კორონავირუსით მსოფლიოში ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი ავადდება. ვირუსთან საბრძოლველად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული და სხვადასხვა რეკომენდაციებს იძლევა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის კლების ტენდენცია შეინიშნება ჩინეთში, საიდანაც ვირუსმა დაიწყო გავრცელება, თუმცა მასშტაბურად იმატებს დაავადებულთა სტატისტიკა იტალიაში.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებლმა, ჩინეთისას უკვე გაუსწრო და ბოლო მონაცემებით, 3405-ს მიაღწია, რაც ჩინეთში გარდაცვლილთა რაოდენობას 156-ით უსწრებს.

კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ იტალიაში 41 000-ს გადააჭარბა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გარდაცვლილთა შორის 13 ექიმია, რომელთაგანაც ორი გუშინ, 19 მარტს გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ექიმები პენსიაზე გასული პულმონოლოგები არიან, რომლებიც სამსახურს საგანგებო ვითარების გამო, კოლეგების დასახმარებლად დაუბრუნდნენ.

შექმნილი მძიმე ვითარების გამო, იტალია მთლიანად კარანტინის ზონად არის გამოცხადებული. ჩრდილოეთ იტალიის შემდეგ, შეზღუდვები მთელს ქვეყანაში გავრცელდა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, აკრძალულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნა. გაუქმებულია ყველა სპორტული ღონისძიება. მოსახლეობა სხვა ქალაქებში მხოლოდ მუშაობის ან გადაუდებებელი საჭიროების შემთხვევაში გადის.

პრევენციული ღონიძიებები საეკლესიო ცხოვრებასაც შეეხო. კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო, რომის პაპმა საჯარო ქადაგებები შეწყვიტა. პაპის ქადაგება, წმინდა პეტრეს მოედნის ნაცვლად, მორწმუნეებისთვის პირდაპირ ეთერში Vatican News-ის საშუალებით გავიდა.

 

მოამზადა ლანა მრავლაძემ