შეზღუდვები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს იმოქმედებს - პრემიერ-მინისტრის განცხადება

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. აღნიშნულის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს მთავრობა მიმართავს პრეზიდენტს, რათა შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2020 წლის 21 აპრილამდე.

პრემიერმა ისაუბრა შეზღუდვებზე, რომლებიც განისაზღვრება საგანგებო მდგომარეობის დროს.

გიორგი გახარიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, კერძოდ, ჯარიმას, ფიზიკურ პირზე - 3 000 ლარის, ხოლო იურიდიულ პირზე 15 000 ლარის ოდენობით.

როგორც პრემიერმა განმარტა, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა, შეზღუდვები წესდება საერთაშორისო სამგზავრო, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლაზე.

ამასთანავე, დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული წარმოების განსხვავებული ვადები.

საქართველოს მთავრობას მიეცემა უფლება აუცილებლობის შემთხვევაში საკარანტინე, საიზოლაციო, სამედიცინო მიზეზებისთვის შეზღუდოს საკურატორო უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა მატერიალური საშუალებები. ამასთანავე, იზღუდება ათ კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა.

გარდა ამისა, მთავრობას ექნება უფლება კერძო ორგანიზაციების ბიზნესსტრუქტურებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება.

"აუცილებლობის შემთხვევაში, მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე სამედიცინო მომსახურებასა და პირველად მოხმარების საგნებზე ფასების რეგულირებას. მთავრობა დაადგენს განათელბის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესებისგან განსხვავებულ წესებს და პირობებს.

საჭიროების შემთევვაში მთავრობა შეძლებს მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათელბისა და უფლებამოსილების პირთა მობილიზება.

საქართევლოს სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად. ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთანავე პრემიერმა განმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღებასთან დაკავშირებული დადგენილებით ამ ეტაპზე არ დგინდება საკომენდანტო საათი და მძიმე საკარანტინო მოთხოვნები.

გარდა ამისა, გიორგი გახარიამ განმარტა, რომ მიუხედავად სამარშუტო ტაქსების შეჩერებისა, ქვეყანაში სატრანსპორტო გადაადგილება არ შეიზღუდება. ამასთანავე, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქალაქებში ან საქალაქთაშორისო მიმოსვლა არ შემცირდება, მთავრობა მიიღებს უფრო მკაცრ ზომებს.

 

მოამზადა ლანა მრავლაძემ