აპლოდისმენტები საქართველოს - როგორ აფასებს უცხოური მედია ქვეყნის რეაგირებას კორონავირუსზე

უცხოური გამოცემები, კერძოდ „ევრაზიანეტი“ და „ეურაქტივი“ ვრცელ სტატიებს აქვეყნებენ, სადაც საუბარია საქართველოს რეაგირებაზე ახალი ტიპის კორონავირუსზე.

მაშინ, როდესაც მსოფლიოს ქვეყნები პანდემიის სამართავად იბრძვიან, საქართველო მოულოდნელ წარმატებას აღწევს, - ასე იწყება სტატია, რომელშიც საუბარია პრევენციულ ღონისძიებებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება კოვიდ-19-ის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან ატარებს.

„ევრაზიანეტის“ სტატიაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსთან ერთად, საქართველოში მოხდა ის, რაც ქვეყანაში წლების განმავლობაში არ ყოფილა - ხალხს გაუჩნდა ნდობა მთავრობის მიმართ.

„თითქმის ერთი თვე გავიდა, მას შემდეგ, რაც COVID-19-მა პირველად მოიკიდა ფეხი საქართველოში, დაინფიცირებულთა რიცხვი 20 მარტის მონაცემებით მხოლოდ 44-მდე გაიზარდა, გარდაცვალების შემთხვევები არ არის.

ბევრისთვის, ვინც თვალს ადევნებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, იმათთვისაც კი, ვინც კრიტიკის თვალით იყურება, ეს იმის დასტურია, რომ ხელისუფლება დგამს სწორ ნაბიჯებს: უკან იხევს და აძლევს საშუალებას მედიცინის მუშაკებს კონტროლი საკუთარ თავზე აიღონ“, - წერია სტატიაში.

ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ წინგადადგმულ ნაბიჯებში უდიდესი წვლილი მედიკოსებს მიუძღვით, რომლებიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ერის საუკეთესო სპეციალისტები არიან.

კერძოდ, საუბარია, ამირან გამყრელიძეზე, მის მოადგილე - პაატა იმნაძეზე, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ - თენგიზ ცერცვაძეზე და ამავე საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორ - მარინა ეზუგბაიაზე.

„ეს ექიმები, განსაკუთრებით ეზუგბაია - მედია-ვარსკვლავებად იქცნენ, რადგან საზოგადოებას აწვდიან ამომწურავ ინფორმაციას, თითქმის ყოველი საათის ბოლოს, ასევე აჟღერებენ უახლეს მონაცემებს არსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის, მათი რაოდენობის, ინფიცირების წყაროების შესახებ. ასევე, ვირუსის გავრცელების ტრაექტორიის და ყველაზე საჭირო ქმედებების შესახებ“, - აღნიშნულია სტატიაში.

საქართველოს გააფთრებული ბრძოლა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ, – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა „ეურაქტივი“.

სტატიაში წერია, რომ 26 თებერვალს საქართველოში კოვიდ-19-ის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან თითქმის ერთი თვის თავზე, ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების მხოლოდ 61 დადასტურებული შემთხვევაა.

„ეს კავკასიური ქვეყანა იღებს აპლოდისმენტებს პანდემიის წინააღმდეგ გაჩაღებული გლობალური ბრძოლის ფარგლებში მიღწეული წარმატებისთვის“, - აღნიშნულია სტატიაში.

ამასთანავე, სტატიაში მაგალითისთვის მოყვანილია პრევენციული ზომები, რომლებსაც ხელისუფლება პირველი შემთხვევის დადასტურებიდან, დღემდე იღებს.

ამავე სტატიაში, ანალიტიკური ცენტრის Carnegie Europe-ის უფროსი მკვლევარის, თემას დე ვაალის შეფასებაა მოყვანილი, რომელიც ქვეყნის დამსახურებას მედიკოსებს მიაწერს.

„ეს ალბათ ჯანდაცვის პროფესიონალთა დიდებული კოჰორტისა და გამძლეობის კარგი უნარის დამსახურებაა“, - აღნიშნულია სტატიაში.

 

მოამზადა ლანა მრავლაძემ